დები მეგრელიშვილების ათდღიანი გაუჩინარების საიდუმლო

დები მეგრელიშვილების ათდღიანი გაუჩინარების საიდუმლო10 დღის განმავლობაში უცნობი იყო გორელი მოზარდი გოგონების, დების, ბედი, რომლებიც 12 აპრილს გავიდნენ სახლიდან, წავიდნენ სკოლაში და ამის შემდეგ მათ კვალს ვერ მიაგნეს. 17 წლის მარიამს და 16 წლის ანას ოჯახი, მოსახლეობა და სამართალდამცავები ეძებდნენ. დარდისგან გაგიჟებული მშობლები უკვე უბედურების მოლოდინში იყვნენ, როცა, საბედნიეროდ, 21 აპრილს გოგონები პოლიციამ იპოვა. ისინი რუსთავში, მეგობართან აღმოაჩინეს. 10 დღის განმავლობაში მის ოჯახში ისე ცხოვრობდნენ, იქ არავინ იცოდა, რომ გოგონები სახლიდან გაპარული იყვნენ.

მათი გაუჩინარებისა და 10 დღიანი მტანჯველი მოლოდინის შესახებ “სარკეს” მარიამ და ანა მეგრელიშვილების დედა, ლია ღამბარაშვილი, მოუყვა.

– ქალბატონო ლია, გილოცავთ, ქალიშვილები უვნებლები რომ იპოვეთ. მთელი საქართველო გგულშემატკივრობდათ, ხალხი შეწუხებული იყო თქვენი შვილების ბედით.

– უღრმესი მადლობა! უზომოდ გახარებული ვარ, ღმერთმა ჩემი ღაღადი შეისმინა. ლოცვის თავიც არ მქონდა, ისე ვიყავი გაგიჟებული. რა დროა, ხომ იცით და რომ მახსენდება, რას გადაურჩნენ ჩემი შვილები… იცით, როგორი შვილები მყავს? თითით საჩვენებელი! უნაკლოები არიან შეხედულებით, ხასიათით – გადასარევი და ყველას უყვარს.

– კარგად სწავლობენო, გავიგე.

– მარიამი ძალიან კარგად სწავლობს და ანასაც არა უშავს. ანას ხატვა უყვარს. ცოტა ჩაკეტილი ბავშვია. მარიამი კი გახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელურია. მეგონა, ანი იყო მსხვერპლი და მარიამი თავისი ფეხით ჩაუვარდა ვიღაცას კლანჭებში. მთელი გორის ეპარქია ფეხზე იდგა, ამ ბავშვებისთვის ლოცულობდნენ, რომ უვნებლები დაბრუნებულიყვნენ. მე კი ლოცვა არ შემეძლო.

– ეს ორი გოგონა გყავთ?

– არა, კიდევ ორი შვილი მყავს – 3 წლის ნიკოლოზი და 9 თვის თეო.

– რა მოხდა, სად და რატომ გადაიკარგნენ თქვენი გოგონები?

– თეო ავად მყავდა და საავადმყოფოში მეწვინა. 2 აპრილს დააწვინეს და 11-ში გამოგვიშვეს. ამ დღეების განმავლობაში მარიამი ყოველდღე მოდიოდა და, რაც გვჭირდებოდა, მოჰქონდა. ნიკოლოზიც ავად იყო იმ დღეებში – ყური სტკიოდა, გრიპი ჰქონდა. საბავშვო ბაღშიც ვერ დაჰყავდათ და ანა სახლში უვლიდა.

ჩემი ქმარი მუშაობს, დილით ადრე გადის და ღამის 2 საათზე ბრუნდება, ხან კი უფრო გვიან. ისეთი სამსახური აქვს, დილის 6 საათზეც მოსულა. მეც რომ საავადმყოფოში ვიყავი, ბავშვები ფაქტობრივად უკონტროლოდ, დაუცველები იყვნენ და შემეშინდა, ამ დღეებში რამე ხომ არ მოხდა-მეთქი.

არასოდეს დამიშლია სადმე წასვლა. კარნავალ “ჰელოუინზეც” გავუშვი, რომელიც ღამე გაიმართა. მუდამ ვენდობოდი.

11 აპრილს დავბრუნდი სახლში. 12-ში, დილით, ბავშვები სკოლაში წავიდნენ და გაქრნენ. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი?!

– რა მოხდაო, რას გიყვებიან?

– ძველი მეგობარი შეხმიანებიათ სოციალურ ქსელში, რომელიც ძალიან ადრე გათხოვდა (რუსთავშია გათხოვილი). ამათ მოუყოლიათ, ბავშვები ავად არიან, ვინერვიულეთ, დავიღალეთო. იმ გოგოს უთქვამს, ჩემთან ჩამოდით, დაისვენეთო. ამათ კი უფიქრიათ, დილით წავალთ და საღამოს ჩამოვალთო.

12 ლარი ჰქონდათ სულ. გზაში რომ დახარჯეს ფული, მერე უფიქრიათ, ოჯახში ხელცარიელი ხომ არ მივალთო და იმ გოგოს ბავშვისთვის კანფეტები უყიდიათ. უკან დასაბრუნებელი ფული აღარ დარჩათ. ვის ოჯახშიც იყვნენ, ვერც მათ გაუბედეს იმის თქმა, რომ წამოსასვლელი ფული არ ჰქონდათ…

მერე კი დაიმალნენ. ცხოვრებაში არ გაუკეთებიათ მსგავსი რამ, ამიტომ თავიანთი ტყუილის შერცხვათ. მე კი იმავე დღეს შევატყობინე პოლიციას.

ათას რამეს ვფიქრობდით – იქნებ ცხინვალში გაიტაცეს, იქნებ მოტყუებით გაიყვანეს სადმე… 14 აპრილს ჩემი დაბადების დღე იყო. ბავშვი რომ დაბადების დღეს არ მოგილოცავს, როცა სხვა დროს ერთი კვირით ადრე საჩუქარზე ზრუნავს, რას იფიქრებ? შიშით ვერ დარეკეს, რომ მოელოცათ.

– რუსთავში მათი მეგობარი მარტო ცხოვრობს?

– არა, ქმარიც ჰყავს და დედამთილ-მამამთილიც. ბავშვობის მეგობართან წავიდნენ თავიანთი ბავშვური ჭკუით და ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვიეს – მთელი გორი ფეხზე დადგა.

– ის ოჯახი ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე?

– მათ არც გაუგიათ, რომ გაპარულები იყვნენ და მშობლებმა არაფერი ვიცოდით. მეგობარსაც კი არ გაუმხილეს ეს ამბავი.

– პოლიციამ როგორ იპოვა?

– თურმე რუსთავში, პარკში, სკეიტბორდით ერთობოდნენ.

ჩემი შვილების რუსთაველი მეგობარი და მისი ქმარი გორში ჩამოიყვანეს და აქ დაკითხეს. იმ გოგოს დედამთილ-მამამთილი კი რუსთავის პოლიციამ დაკითხა… ეს ადამიანები არაფერ შუაში არიან.

– 17 და 16 წლის – პატარები აღარ არიან, რომ ეს ყველაფერი ვერ გაეთვალათ.

– კი, მაგრამ დაუფიქრებლობით მოუვიდათ და მერე გამოჩენის შერცხვათ. სულ ეს იყო. მშვენიერი დასვენება კი გამოუვიდათ.

პოლიციას დაუკაკუნებია კარზე და წამოუყვანია. ფსიქოლოგები და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ჩაერთვნენ. ყველამ ერთად ჩამოიყვანა და ჩამაბარა შვილები – არაფერი აქვთ დაზიანებული, ფსიქოლოგიურადაც კარგად არიან, გაუგებრობა მოხდა და შიშის გამო ვეღარ გაამჟღავნესო. ღმერთმა დაგვიფარა, რომ უფულოდ არ წამოვიდნენ. რა გადახდებოდათ გზაში, ვინ იცის?!

– გავრცელდა ვერსიები, მამასთან ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, სკოლაშიც ჩაგრავდნენო, ბულინგის მსხვერპლი იყვნენო.

– ეს მხოლოდ ჭორებია. მამასთან მეგობრულად არიან, მარიამი ამბობს, ჩემი ძმააო. არც სკოლაში ჩაგრავდა ვინმე, მარიამი იქით იცავდა სხვებს.

– გოგონებს მობილური ტელეფონები არ ჰქონდათ, რომ მათი საშუალებით გეპოვათ?

– მე რომ საავადმყოფოში ვიყავი, ჩემს ნიკუშას სახლში ხან რა გაუფუჭებია და ხან – რა. ამაზე მამა გაბრაზებულა – ტელეფონებში გაქვთ თავი ჩარგული და ნიკოლოზს ყურადღებას იმიტომ არ აქცევთო. წაართვა ტელეფონები. თავისი ჭკუით, დასაჯა. ეს 10 აპრილს მომხდარა. კარადაში შეულაგებია. რომ მოეძებნათ, იპოვიდნენ.

– მამაზე გაბრაზებულები ხომ არ გაიქცნენ სახლიდან?

– არა, ეს მათ წასვლასთან არაფერ შუაშია. თუმცა, ტელეფონები რომ თან ჰქონოდათ, პოლიცია 5 წუთში იპოვიდა. ისინი კი არა, ჩვენ დავისაჯეთ. ახლა მამამისი ეუბნება, ოღონდ ასეთი რამ აღარ გააკეთოთ და აღარც თქვენი ტელეფონი მინდა და არც არაფერი, ხმასაც აღარ ავუწევ, ოღონდ ჩემ თვალწინ იყავითო.

ყველანი თავს ვიდანაშაულებდით ამათი დაკარგვის გამო, მე – ჩემს თავს, მამამისი – თავის თავს, შეყვარებულიც იმავეს ამბობდა.

– შეყვარებულებიც ჰყავთ?

– მარიამს ჰყავს, ანის – არა. მარიამს წინა დღეს უკამათია მასთან. ის ბიჭი ტიროდა და იყო ერთ ამბავში. გაიძახოდა, ნეტავ, მართლა ჩემთან ყოფილიყოო. არადა ჩემთვის პირველი ეჭვმიტანილი ის იყო.

მარიამს ტაქსის მძღოლისთვის უთხოვია ტელეფონი და იმ გოგოსთვის დაურეკავს, დედაჩემს უთხარი, არ ინერვიულოსო და გაუთიშია. იმ გოგომ დამინახა, როგორ ვნერვიულობდი, მაგრამ იმ დღეს კი არაფერი მითხრა! მეორე დღეს თქვა და თან ისე, რომ უფრო შემეშინდა.

არადა იმ გოგომ კარგად იცოდა, ვისთანაც მიდიოდნენ ჩემი შვილები და პოლიციაც შეცდომაში შეიყვანა. სკოლაში ჩაგრავდნენო, ეს ჭორიც მან გაუვრცელა.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე