ბუბა ჩივაძემ 155 კილოგრამი დაიკლო – ,,ჩემს თავს ვეკითხები: ,,ნუთუ ეს მე ვარ?!”

საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში სკანდალურობითა და ექსკლუზივებით ცნობილი ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, დაახლოებით 2 წლის წინ მძიმე წონის გამოც იყო პოპულარული – 255 კილოგრამს იწონიდა. ეს მისთვის დიდი ტვირთი იყო, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. დიდი მასა მის ცხოვრებას, საქმიანობას, მისწრაფებებს აფერხებდა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ ეს დისკომფორტი სამუდამოდ უნდა დამთავრებულიყო და ქირურგს მიაკითხა.

სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და საკუთარი თავის რწმენა – ეს იყო ის ხელშემწყობი ფაქტორები, რის შედეგადაც ბუბა ჩივაძემ საოცრად კარგი შედეგი მიიღო – 155 კილოს დაემშვიდობა. 29 წლის ჟურნალისტი ახლა თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობს და ჭარბწონიანებს ბევრ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.

– ბუბა, იმდენგად შეიცვალა თქვენი ჰაქიტუსი, რომ შეიძლება ითქვას, მეორედ დაიბადეთ. ეს როგორი შეგრძნებაა?

– გეთანხმებით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მეორედ დავიბადე, ძველი ბუბა გავუშვი და ახალი ბუბა მოვედი. ეს იმდენად სწრაფად მოვახერხე, რომ ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: “ნუთუ ეს მე ვარ?!”. მგონია, რომ ეს ყველაფერი არც კი მომხდარა, რომ მე სულ ასეთი ვიყავი.

ჩემს თავს ახლა სხვა თვალით შევხედე, მასა, რომელსაც დავატარებდი, სადღაც გაქრა. დღეს უკვე მგონია, რომ ყოველთვის გამხდარი ვიყავი. მთლიანობაში, წელიწადსა და 6 თვეში, შევძელი და 155 კილოგრამი დავიკელი. ეს არის უზარმაზარი მასა, რომელიც სად წავიდა, ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე.

– რამ მოგცათ ბიძგი, რომ ჭარბ წონასთან ქირურგიული გზით გებრძოლათ?

– მკაფიო გადაწყვეტილება მივიღე, გავილაშქრე საკუთარი თავის, კუჭისა და გონების წინააღმდეგ, მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა, თუ შევძლებდი ჩემს თავზე გამარჯვებას. მინდა, გითხრათ, რომ ეს არ იყო ადვილი. 155 კილოს მოკლება და მოსროლა გმირობაა, მაგრამ მე არ ვარ გმირი, მე უბრალოდ ეს შევძელი.

წონის კლება და ფორმაში ჩადგომა დავყავი სამ ეტაპად. პირველი – მომეკლო, მეორე – ცოტა ხანში დასტაბილურებულიყო სხეული, რომ კანი არ ჩამომკიდებოდა და ასე შემდეგ. ახლა გადავდივარ მესამე ეტაპზე – სხეულის “გადაკუნთვაზე”, რის შემდეგაც სხეული იდეალურ ფორმას მიიღებს.

ეს ყველაფერი ბარიატრიული ქირურგიით შევძელი, მაგრამ თუ საკუთარ თავს არ შეებრძოლები, ერთ კილოგრამსაც ვერ დაიკლებ და ამისი მაგალითი ბევრია. როგორც მითხრეს, ყველაზე დიდი კლება მე მაქვს. სტატისტიკურად თითქმის არ არსებობს, ასეთი ოპერაციის შემდეგ ასე დაეკლოს ვინმეს. მოგეხსენებათ, ამდენი კილოგრამის კლების შემდეგ უმეტესად კანის პრობლემა ჩნდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მომხდარა, რადგან მკაცრად ვასრულებდი ექიმის რჩევებს.

– როგორც ვიცი, ისე გადაწყვიტეთ ოპერაციის გაკეთება, რომ ამის შესახებ არავისთვის გითქვამთ.

– ისე გამიკეთა ოპერაცია ქირურგმა, რომ სხვამ არავინ იცოდა. ოჯახის წევრებისთვისაც კი არ მითქვამს. ჩემი მანქანით ჩავედი ბათუმში, გავიკეთე ოპერაცია, მესამე დღეს კი უკან დავბრუნდი. იმდენად მოუსვენარი ვარ ბუნებით, ოპერაციიდან მე-5 დღეს ვარძიაში წავედი მეგობრებთან ერთად, ხოლო მე-10 დღეს უცხოეთში გავფრინდი.

– გარდა იმისა, რომ მოძრაობაში გიქმნიდათ პრობლემებს, კიდევ რა დისკომფორტს უკავშირდებოდა ჭარბი წონა?

– ჭარბ წონას დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნებიც ამაზე მეტყველებს. წონის მატებისას რისკია, რომ განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლი და სახსრები დაზიანდეს, ძილის რეჟიმი დაირღვეს და გაჩნდეს უამრავი დაავადება.

დისკომფორტი ბოლო პერიოდში მექმნებოდა იმ მხრივ, რომ ტანზე ვერაფერს ვირგებდი. ვატარებდი დაახლოებით 78 ზომა შარვალს და 8 იქსელ პერანგს. ვინც ამას კითხულობს, შეადაროს ძველი ზომები ახალ ზომას – პიჯაკი ახლა ელ ზომა მჭირდება, ხოლო შარვალი – 32 ზომა.

ჭარბი წონის მატება ამავე დროს დიდ რისკებს უქმნის სასუნთქ გზებს და ბოლო პერიოდში ამ მხრივ პრობლემები მქონდა.

– პირად ცხოვრებაში თუ შეუშლია ხელი ჭარბ წონას, მაგალითად, სასურველ ქალთან ურთიერთობაში?

– რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებაში ხელი შემიშალა. ჩემი წონის გოგო არათუ ქუთაისში, მთელ საქართველოშიც არ დაიარებოდა. ვის მიმართაც კი სიმპათიები მიჩნდებოდა, სამწუხაროდ, ჩემ მიმართ ანალოგიური სიმპათიები არ ჰქონდა, რადგან ყველა გოგოს გამხდარი და ათლეტური აღნაგობის მამაკაცი სურს გვერდით.

ჭარბი წონის დამარცხების შემდეგ ჩემი პირადი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მყავს მეგობარი, რომელთანაც სამომავლოდ სერიოზულ ურთიერთობას ვგეგმავ.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ და ჭარბი წონა აწუხებთ?

– არც კი დამითვლია, რამდენი ადამიანი მიკავშირდება დღის განმავლობაში ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, რომ რჩევა მივცე. ყველაფერს დეტალურად მეკითხებიან. არავის ვზარდები და ყველას ვპასუხობ. დღეში, ყველაზე ცოტა, 25 და, ყველაზე ბევრი, 60 შეტყობინება მომდის. ყველას სათითაოდ უნდა მივწერო პასუხი.

ბევრი მწერს, რომ მათთვის სტიმული ვარ და მე გადავადგმევინე ეს ნაბიჯი. ბევრს ეშინია კიდეც, ვინაიდან ეს არის ურთულესი ოპერაცია ქირურგიული თვალსაზრისით. კუჭის საერთო მასის ინდივიდუალური კვეთა ხდება, მაგრამ მანამდე უნდა მოახდინო გონების, ფსიქიკის ხელში აყვანა და უნდა დაეხმარო საკუთარ თავს წონის კორექტირებაში, რომელიც ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს და თვალყური ადევნო ყოველდღიურად, რომ რაიმე არ გაგეპაროს ჯანმრთელობის მხრივ.

დღეს სხვას ვაძლევ სტიმულს და ვეუბნები ამ რეიტინგული ჟურნალის ფურცლებიდან: გადადგით ნაბიჯი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ ჭარწონიან ადამიანებს სურთ ადაპტირება საზოგადოებაში, მათაც სურთ, იცხოვრონ, ჩაიცვან, იარონ ისე, როგორც ნორმალური წონის ადამიანებმა და არავინ დაუძახოს გზაზე მიმავალთ: “უი, რამხელაა! უი, რას ჰგავს!”. პირიქით, აღფრთოვანება გამოიწვიონ მათში. ეს არის ცხოვრება. მე ასე ვფიქრობ!

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018