ზაზა ბიბილაშვილი: ,,ოცნებამ” ძეგლი დაუდგა კრიმინალურ სამყაროს”

ზაზა ბიბილაშვილი: ,,ოცნებამ" ძეგლი დაუდგა კრიმინალურ სამყაროს"ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო, პრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკას ,,არჩევანის“ ეთერში გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი. მისი თქმით, ცალკე შეწყალებაზე საუბარი არა სწორია და არც დამაჯერებელი.

-პრობლემა არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, – განაცხადა ბიბილაშვილმა და საზოგადოებას მოუწოდა, გაიხსენოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ნაბიჯები, როცა მათ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გაათავისუფლეს რუსეთის ჯაშუშები, კრიმინალები…

-ამ ძალამ რიყეზე ძეგლი დაუდგა კრიმინალური სამყაროს რევანშს, ძეგლი დაუდგა მკვლელებს და ის ძეგლი ისევ იქ დგას. მეორე იყო პოლიტპატიმრების სია, რომელიც რეალურად სახელმწიფოებრივი ღალატის ღია დეკლარაციაა. იქ არიან რუსეთის ჯაშუშები, ისეთი ადამიანები, რომელთაც არანაირი ლოგიკით არ შეიძლება დარქმეოდათ პოლიტპატიმრები, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როცა უამრავი მკვლელობის საქმე გაუხსნელია და დამნაშავეები არ არიან დაპატიმრებული, ,,ამ ადამიანების მხრიდან მარგველაშვილისკენ ხელის გაშვერა არის ცინიზმის მწვერვალი“.

ბიბილაშვილმა ასეთ საქმეებს შორის ჩამოთვალა ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალების საქმე, ნაციონალური მოძრაობის წევრის მკვლელობა და დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა.

ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი იყოს პოლიტიკურად პასუხისმგებელი, მაგრამ მას არ უნდა აკრიტიკებდეს ის ძალა, რომელმაც პოლიციელების მკვლელები პოლიტპატიმრის სტატუსით და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, დროებით შეჩერდეს შეწყალების კომისიის მხრიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეების განხილვა. ზაზა ბიბილაშვილი თვლის, რომ ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის.

ნიუპოსტი