,,ვინც სასამართლო დარბაზში იჯდა, ის არის მამაჩემი და არა ის, რომელმაც თაკო მოკლა” – ლიკა ბაქრაძე

,,ვინც სასამართლო დარბაზში იჯდა, ის არის მამაჩემი და არა ის, რომელმაც თაკო მოკლა" - ლიკა ბაქრაძესასამართლო დარბაზში ბადრაგის თანხლებით ხელბორკილებით შემოიყვანეს. სკამზე ჩამოჯდა, თავი დახარა და დარბაზისკენ არ გაუხედავს. ვეფხია ბაქრაძეს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მის გვერდზე მისი მამიდაშვილი, თეიმურაზ ბაქრაძე იჯდა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებს ბრალს, შუახნის მამაკაცი, ლამის მთელი პროცესის განმავლობაში ტიროდა. სავსე დარბაზში მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი გამოჩნდა და სხდომაც დაიწყო.

როგორც ირკვევა, ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა და ის წაყენებულ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს. ვეფხია ბაქრაძე ირწმუნება, რომ თაკო ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს, თუმცა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდება. ცნობილია, რომ ტრაგედიის დროს პატარები სახლში იყვნენ და სწორედ ბავშვების ტირილის ხმაზე შევიდნენ ბინაში იქ მეზობლები. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე ბაქრაძეს და გამრეკელაშვილს შორის შელაპარაკება იყო, ახალგაზრდა ქალი თურმე დახმარებას ითხოვდა, მეზობლები ამბობენ, რომ ქალის კივილი გაიგონეს, ამიტომ მივიდნენ იმ ბინაში და კარზე დააკაკუნეს. პროკურატურა ვარაუდობს, მეზობლები რომ არ გამოჩენილიყვნენ და ბაქრაძეს არ შეშინებოდა მათი, ის სახლსაც დაწვავდა და ასე შეეცდებოდა კვალის წაშლას.

ბრალდებული თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ბინაში ბენზინი მიიტანა და ბენზინი დაასხა იმ ტანსაცმელს, რომელიც დანით დააზიანა. პროკურატურის თქმით, ყველა ტანსაცმელი რაც დაზიანებულია, ნათია გობაძის იყო.

რაც შეეხება თეიმურაზ ბაქრაძეს, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და წაყენებული ბრალი 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისი ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურას და 3000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

თეიმურაზი ჩვენებაში ამბობს: “ვეფხიამ სასმლის მოტანა მთხოვა, ვსვამდით, როცა თქვა, თავს მივიკლავო, ვკითხე, რატომ – მეთქი და მიპასუხა, გოგო მოვკალიო…”

უკვე ცნობილია, რომ ნათია გობაძემ და ვეფხია ბაქრაძემ 30 მარტს ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება. ნათია გობაძე ამბობს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. თუმცა ამას არ ეთანხმება ბრალდებულის ქალიშვილი ლიკა ბაქრაძე. ის ამბობს, რომ ამით გობაძე თავის მართლებას ცდილობს და რეალურად მან შვილებს დაუმალა და ჩუმად მოაწერა ხელი. ის ამბობს, რომ მამამისი ჩადენილისთვის უნდა დაისაჯოს, თუმცა მთავარ კითხვაზე არ აქვს პასუხი, თუ რატომ მოკლა მამამისმა თაკო გამრეკელაშვილი.

-მამაჩემს შეწყალება ნათიამ დაუწერა, მამა ამბობდა, ნათია ციხეშიც მაკითხავდა და ფულებსაც მიგზავნიდა, მაგრამ არ უნდა თაკომ გაიგოსო. მერე ხელიც მოუწერიათ, ნათია ამას მალავდა შვილებთან, რადგან ისინი წინააღმდეგი იყვნენ და თურმე ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. ტრაგედიის დილას გაუგია ეს ამბავი თაკოს, რომ მათ ხელი მოწერილი ჰქონდათ.

დარწმუნებული ვარ თავის მართლებას შეეცდებოდა ნათია და ეტყოდა, ძალით მომაწერინა ხელიო და ალბათ ამიტომ წაიყვანა დედამისი პოლიციაში და დააწერინა განცხადება. არ ვიცი იქ რა მოხდა, შეიძლება მამაჩემი თაკოსთან სასაუბროდ მივიდა და შემოაკვდა. გამიზნულად ამას არ გააკეთებდა.

– ამბობენ, რომ სახლში ჩასაფრებული იყო… 
– თუ ჩასაფრებული იყო შეიძლება იმიტომ, რომ აეხსნა ნათიას შვილებისთვის, ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ყოფნა გვინდაო, ეს წესით იყო ნათიას გასაკეთებელი. მაგრამ არ გააკეთა. საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც, სავარაუდოდ, ამიტომ მოაწერეს. მამას რაღაც გეგმები ჰქონდა. უნდოდა რუსეთის ვიზა გაეკეთებინა. მამიდაჩემი საზღვარგარეთ არის და მას ელაპარაკა მამაჩემი, რომ ერთად უნდოდათ მას და ნათიას წასვლა საზღვარგარეთ…

– როდიდან დაიძაბა თაკოს და მამათქვენს შორის ურთიერთობა?
– ნათია და მამაჩემი 2004 წლიდან ერთად იყვნენ, როცა გაიგო თაკომ ეს ამბავი, იმ დროიდან გააპროტესტა. თაკოს არ უნდოდა, მისი დედის გვერდზე ვინმე რომ ყოფილიყო, მე ვიყავი მაშინ 16 წლის, თაკო უფრო პატარა. მამაჩემმა და ნათიამ ერთმანეთი რესტორანში გაიცნეს, სადაც ერთად მუშაობდნენ და მას მერე ერთად იყვნენ.

მე ნათიას შვილებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ღამეც ვრჩებოდი. ახლა სასამართლო პროცესზე ვუყურებდი მამაჩემს, მას კარგად ვიცნობ და ვხედავ როგორ განიცდის. ვინც ამ დარბაზში იჯდა, ის არის მამაჩემი და არა ის, რომელმაც თაკო მოკლა. ფაქტია, რაღაცამ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე და ამ მიზეზის დადგენა მინდა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვი ამაზე პასუხს.

დამნაშავე არის მამაჩემი და უნდა დაისაჯოს, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა გავიგოთ. ძალიან მშვიდი ადამიანი იყო, სულ ჩემს დაქალებთანაც იყო, რატომ გამოჰყავთ ასეთი “უჟასი”, როცა თვითონ იციან, რომ ის ასეთი არ არის.

– არც თქვენ გინდოდათ მათი ერთად ყოფნა?

– იმ ამბების მერე, რაც მოხდა მაშინ, გინდ დედის გინდ მამის მხრიდან რომელ შვილს ესიამოვნებოდა მათი ერთად ყოფნა? – არავის. ეს კარგად იცოდნენ და აპირებდნენ ამიტომ წასვლას, მაგრამ გახმაურდა. ყველაზე მეტად მაინტერესებს რამ გადაუკეტა მამაჩემს ტვინი და რატომ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული.

– ბათუმში, რომ ქვით თავი გაუტეხა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი?
– მიზეზი ეჭვიანობა იყო და ამის საფუძველი ჰქონდა. მაშინ არ დაუკავებიათ მამაჩემი, მაგრამ მერე მის მეგობარს მოუხდა ავარია, დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს და ეს ძველი საქმეც გაუხსენეს და გაასამართლეს.

პროკურორი იოსებ ხუციშვილი ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა. მისი თქმით, კონფლიქტი თაკოსთან ბრალდებულს წინა დღესაც ჰქონდა.

-ბრალდებული ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. ყველა ის პირი, რომელიც მხილებული იქნება ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში, დაისჯება უმკაცრესად. ერთ-ერთი ვერსიით, ის მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვას ცდილობდა. აღმოჩენილია სახლში თხევადი ნივთიერება, ბრალდებულის განმარტებით ეს არის ბენზინი და ამბობს, რომ უნდა დაეწვა დაზარალებულის დედის ტანისამოსი და ნივთები.

დადგენილია, რომ წინა საღამოს დაემუქრა მოკვლით. სატელეფონო კომუნიკაცია შედგა გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის, რადგან გარდაცვლილი ხელს უშლიდა მათ ურთიერთობას. წინა დღეს ბრალდებული შეეხმიანა თავის მეუღლეს, მას ტელეფონი გამოართვა მისმა შვილმა და უთხრა, ბაქრაძეს რომ დაშორებოდა და თავი დაენებებინა დედამისისთვის, სწორედ მაშინ დაემუქრა ბაქრაძე.

– მოკლულის დედა ამბობს, რომ ბრალდებულმა მას უთხრა, შვილი რომ მოუკლა, ეს დასტურდება?
– გარდაცვლილს ჰქონდა დედამისის ტელეფონი, რადგან იმ ტელეფონში იყო ინტერნეტი. გაცვალეს ტელეფონები. დედამ რომ დარეკა თავისივე ტელეფონზე, ბრალდებულმა აიღო და რომ ჰკითხა, სად არის ჩემი შვილიო, უპასუხა, თაკო მიწაშიაო.

– ბევრი დაზიანება აქვს მოკლულს?
– მრავლობითი ჭრილობები აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მალე გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა. ამოღებულია ასევე სისხლიანი ტანსაცმელი და მკვლელობის იარაღი – დანა.

– ვეფხია ბაქრაძემ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი დაიწერა და ამიტომ ხომ არ იძია თაკოზე შური?
– პოლიციაში რომ წავიდნენ, იცოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოლიციიდან დაურეკეს მას, მაგრამ ის ზარებს არ პასუხობდა.

როგორც ირკვევა, ბაქრაძეს პირველ მეუღლესთანაც ჰქონდა ოჯახური კონფლიქტები, მასთან ორი ქალიშვილი ჰყავს, მეუღლე მას 1995 წელს ამიტომ დაშორდა. მალე მეორედ დაოჯახდა და მეორე ცოლთანაც ერთი შვილი ჰყავს. ამბობენ, რომ მეორე ცოლიც ძალადობის გამო დაშორდა. ნათია გობაძე კი მისი მეოთხე ცოლი იყო.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურა ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს.

თეა ხურცილავა, კვირის პალიტრა