თამარ გამრეკელაშვილის ბებია: ,,მკვლელობამდე პოლიციას უთქვამს, ფაქტები არ გვაქვს, ვერ დავიჭერთო”

თამარ გამრეკელაშვილის ბებია: ,,მკვლელობამდე პოლიციას უთქვამს, ფაქტები არ გვაქვს, ვერ დავიჭერთო"ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის ბებია მერი გობაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ამ ტრაგედიას თავიდან აიცილებდნენ.

– იმ დღეს პოლიციისთვის უთქვამთ, ამას ნუ მაწერინებთ, ეს ადამიანი დასაკავებელია, გვემუქრება, დაგვმართებს რაღაცას, შვილის სიკვდილით გვემუქრებაო. ფაქტი თუ არ არის, ვერ დავიჭერთო… ფაქტი ხომ გვაქვს ახლა!..

რა მოხდებოდა ერთი პატრულის მანქანა გაეგზავნათ და დაეყენებინათ იქ? -განაცხადა მერი გობაძემ.

მოკლულის ბებია ამბობს, რომ მისმა ყოფილმა სიძემ 3 და 6 წლის ბავშვებს აყურებინა დედის მკვლელობა.

-სამი წლის ბავშვს რომ ამას აყურებინებს, დედის დაკვლას?!.. ბავშვებს ეუბნება, კარები არ გააღოთო, დაუყვირა შედით შიგნითო და ბავშვებმა იმდენი მოახერხეს აივნიდან იყვირეს, დედას უშველეთო,-განაცხადა მერი გობაძემ და აღნიშნა, რომ უფროსი ბავშვი მკვლელობის დეტალებს ყვება და ამბობს, რომ როცა 25 წლის გოგონა და მისი მცირეწლოვანი შვილები სახლში შევიდნენ, ვეფხვია ბაქრაძე უკვე სახლში ელოდებოდა.

-დიდს უთქვამს, კარი რომ გააღო დედამ და შევედითო, ის პირველი ოთახიდან გამოვიდაო. ესე იგი დაელოდა, რომ ესენი კარგად შესულიყვნენ ოთახის სიღრმეში, გამოვიდა, დაუკეტა კარები და სტაცა თამარს ხელი,-განაცხადა მოკლულის ბებიამ.

რუსთავი 2