თაკო სამხარაძე: “ჩემი ბერძენი ქმარი ქართველი ქმარივით ბუზღუნებს”

თაკო სამხარაძე: "ჩემი ბერძენი ქმარი ქართველი ქმარივით ბუზღუნებს"თაკო სამხარაძე გურჯაანში დაიბადა და გაიზარდა. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული გოგონა სამი წლიდან სცენაზე იდგა, მღეროდა, ცეკვავდა, სპექტაკლებში, ფესტივალებში მონაწილეობდა. ასაკის ზრდასთან ერთად ნატვრაც იზრდებოდა, აუცილებლად მსახიობი უნდა გამოსულიყო.

ოცნება აუხდა, ოღონდ თეატრალურ უნივერსიტეტამდე ჯერ საცირკო-საესტრადო სასწავლებელი დაამთავრა. ემიგრაციაში გაჭირვების გამო არ წასულა. სწავლის შანსი გამოუჩნდა საბერძნეთში. კიდევ ერთ პროფესიას დაეუფლებოდა და უკან, თბილისში დაბრუნდებოდა.

ბედმა კი სხვაგვარად ინება. სიყვარული იქ ეწვია, სადაც არ ელოდა. ბერძენ დიმიტრი ანასტაპულოსთან ოჯახი შექმნა და უკვე ორწლინახევრის ქრისტინა ჰყავს. ცოტა ხნის წინ საქართველოში, თბილისში მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდა და თავის ემგრანტულ ცხოვრებაზე “სარკეს” უამბო.

– თაკო, ბავშვობიდან ოცნებობდით მსახიობობაზე, ნატვრა შეგისრულდათ. რატომ მიატოვეთ საყვარელი საქმე და რატომ წახვედით უცხოეთში?

– არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, მე კი არა, ჩემ გარშემოც ყველა დარწმუნებული იყო, რომ მსახიობი გავხდებოდი. საცირკო-საესტრადო სასწავლებლის დამთავრების მერე ჩავირიცხე თეატრალურში ბატონ გოგი თოდაძის ჯგუფში. შემდეგ ორი წელი ვიმუშავე “თეატრში ათონელზე”.

შესაძლებლობა, რომ მესწავლა საბერძნეთში, მოულოდნელად გამოჩნდა. მომცეს ერთწლიანი სასწავლო ვიზა და ჩავედი ათენში.

მე არ გამივლია სტანდარტული ემიგრანტის მძიმე გზა, სამუშაოდ უცხოეთში წასულებს ათასი სიძნელის გადალახვა რომ უწევთ. ჯერ ერთი, თავიდანვე ლეგალურად ვიყავი, მერე საუკეთესო პედაგოგები და თანაკურსელები შემხვდნენ, მათ ძალიან გამიიოლეს იქ ყოფნა.

როცა უცხო ენის სწავლების უმაღლესი კურსი დავხურე, შემდეგ ავირჩიე განსხვავებული სპეციალობა – ბიზნესის ადმინისტრირება. ამასობაში ვიზის მოქმედების დრო გადიოდა და გაგრძელებაზე უნდა მეზრუნა.

ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა საადვოკატო ოფისში და გამაცნო ახალგაზრდა კაცი – დიმიტრი ანასტაპულოსი, რომელსაც ჩემი პრობლემები ავუხსენი. დიმიტრი დამეხმარა ვიზის გაგრძელებაში. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდა.

– როგორც ვხვდები, საქართველოში არ დაგიტოვებიათ საყვარელი ადამიანი, ანუ თქვენი გული თავისუფალი იყო.

– საქართველოში სიყვარულისთვის არ მეცალა. ბევრს ვშრომობდი და თავისუფალი წუთი არ მრჩებოდა. ეტყობა, ამურს ისარი არ უტყორცნია ჩემთვის, თორემ დროს აუცილებლად გამოვნახავდი. დიმიტრიც არ შემყვარებია უცებ და ერთი ნახვით, თვითონ კი მეუბნება, მე მაშინვე გულში ჩამივარდიო.

ჩემთან სიყვარული თანდათან მოვიდა. დიმიტრიმ მთელი წელი მოანდომა ჩემს მოხიბვლას, მიწყობდა სიურპრიზებს, ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. მეც შევეჩვიე ჩვენს შეხვედრებს, ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა და გაცნობიდან მესამე წელს ცოლად გავყევი.

დიმიტრის ბევრი ქართული თვისება აქვს, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და თავადაც ტრადიციების ერთგული დამცველია. ზოგჯერ ქართველი ქმარივით ბუზღუნებს კიდეც: “მოკლე ხომ არ არის შენი კაბა? რაღაც ზედმეტად გულამოჭრილი მეჩვენება”. ძალიან უყვარს ხინკალი და ქართული საჭმელები. ვიცინი ხოლმე, ასეთი “ქართველი” ქმარი თუ მეყოლებოდა, ბარემ საქართველოში გავთხოვილიყავი-მეთქი.

თაკო სამხარაძე: "ჩემი ბერძენი ქმარი ქართველი ქმარივით ბუზღუნებს"– საქართველოში არ ჩამოგიყვანიათ?

– ჯერ ვერ მოვახერხეთ, თუმცა ძალიან უყვარს და აინტერესებს ჩემი სამშობლო. ცოტა ქართულიც იცის – გამარჯობა, მიყვარხარ, როგორ ხარ და ასეთები. სწავლობს, საქართველოში რომ ჩამოვა, უნდა, თავი მოიწონოს. როცა ჩემი ახლობლები და მეგობრები მირეკავენ, ქართულად ელაპარაკება.

– თქვენ როგორ შეეგუეთ უცხო მიწაზე ცხოვრებას?

– ჩემი გვარი, სამხარაძე, არის მამის დედის, ანუ ბებიის გვარი, ბაბუა კი წარმოშობით პონტოელი ბერძენი იყო, რომელიც, როგორც ლტოლვილი, ისე იყო ჩამოსული და დასახლებული კახეთში. მახსოვს, როცა ცოტა შეთვრებოდა, მთელ ოჯახს შეგვკრებდა, ბებიას “სირტაკს” აკვრევინებდა და თვალცრემლიანი ცეკვავდა.

მაშინ საზღვრები დაკეტილი იყო. ბაბუას ენატრებოდა თავისი ისტორიული სამშობლო, ისე გარდაიცვალა, ჩასვლა ვერ მოახერხა. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ერთ წელში დაიწყო ბერძნების გასვლა საქართველოდან.

მე ღრმად არასდროს მქონდა განცდილი, რომ რაღაც დოზით ბერძენი ვიყავი. ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ეტყობა, გენეტიკაში მაინც მიდევს ბერძნული კოდი და ამდენად საბერძნეთში უცხოობა არ მიგრძვნია. მერე ქალიშვილი შემეძინა, ქრისტინა, ჰოდა, დედაც ჩამოვიყვანე, რომ დამხმარებოდა შვილის გაზრდაში. როცა დედა შენ გვერდითაა, თითქოს სამშობლოც შენთან ერთად არის. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მაქვს.

– რას საქმიანობთ საბერძნეთში?

– თავიდან არაფერს ვაკეთებდი. ყოველ კვირას დიმიტრისთან ერთად დავდიოდი თეატრში და მერე გულდამძიმებული და სევდიანი ვბრუნდებოდი სახლში. თეატრი იყო მთელი ჩემი ცხოვრების საზრდო, მის გარეშე სულშეგუბებული, ფრთამოტეხილი ჩიტივით ვიყავი, გაფრენა მინდოდა და მიწას ვერ ვცილდებოდი. მიყურა ჩემმა მეუღლემ და მითხრა, თაკო, შენ უნდა დაუბრუნდე შენს საქმეს, მოდი, თავად შექმენი თეატრი და თავად დადგი სპექტაკლებიო.

არ იყო ადვილი საქმე. მაინც დავიწყე, დავაარსე კულტურული თეატრალური ორგანიზაცია, რომელიც ქართული თეატრის სახელითაა ცნობილი. “დიონისო” ჰქვია ჩემს თეატრს. თავიდან მხოლოდ ერთი ბავშვი მყავდა სტუდიაში, მე მაინც ვმუშაობდი იმ ერთი ბავშვის გულისთვის. რომ იტყვიან, ერთმა მერცხალმა ბევრი მერცხალი მოიყვანა და დღეს ორი თეატრი გვაქვს, საბავშვო და დიდების. და კიდევ, ბავშვებს ვასწავლით ენებს – ბერძნულს და ქართულს.

არის თაობა, რომელიც აქ, საბერძნეთში დაიბადა. ამ ბავშვებმა ან არ იციან ქართული, ან ძალიან ცუდად იციან. მე კი ვფიქრობ, რომ ქართული ენის არცოდნა მშობლიურ ფესვებთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავს, ამიტომ ვცდილობთ მე და ჩემი თანამშრომლები, შევაყვაროთ და არ დავავიწყოთ დედა ენა.

საბავშვო წარმოდგენებს და კონცერტებს ხშირად ვმართავთ, დიდებთან კი (დასში ათი მსახიობია) ორი სპექტაკლი მაქვს გაკეთებულია, ესენია “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, “დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო”. 18 მარტს გაიმართა პრემიერა მესამე სპექტაკლისა “ქურდი სამოთხეში”. მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობია, დანარჩენები კი – მოყვარულები.

იცით, როგორ თამაშობენ არაპროფესიონალები? მთელ გულსა და სულს აქსოვენ. სამსახურების შემდეგ მოდიან დაღლილები, ყველანაირ ამინდში, ზოგჯერ ჭამასაც ვერ ასწრებენ, მაგრამ არასოდეს დაუწუწუნიათ. რეპეტიციები გვიანობამდე გრძელდება, ისინი ამ რეპეტიციების დროს სწავლობენ მსახიობის ოსტატობას, იმას, რასაც ჩვეულებრივ ინსტიტუტში 4-5 წელი ასწავლიან.

– სად მართავთ პრემიერებს და ვინ ესწრება? მაყურებელი მხოლოდ ქართველი გყავთ?

– პრემიერებისთვის და საერთოდ ჩვენებისთვის დარბაზს ვქირაობთ, რაც ნამდვილად არ არის იაფი. ყველაფერს მხოლოდ ჩვენი დაფინანსებით ვაკეთებ და არასოდეს არავინ დაგვხმარებია. რომ არა ჩემი მეუღლის დიდი ძალისხმევა და ფინანსური თანადგომა, შეიძლებოდა ამდენი ვერ გამეკეთებინა.

სპექტაკლებზე, ქართველების გარდა, ბერძნებიც მოდიან და ალბანელებიც. ბევრ ქართველ ქალს მეუღლე ბერძენი ჰყავს, მათ თავიანთი ბერძენი მეგობრები მოჰყავთ. აზრის გაგება არ უჭირთ, ზოგს მეუღლეები უთარგმნიან, ძირითადად კი ხელოვნების ენა საერთაშორისოა, თუ ემოცია ცოცხალია და მსახიობისგან ენერგეტიკა მოდის, მსმენელისთვის ადვილი მისახვედრია აზრი.

– ქართული ხელოვნების კიდევ რა კერებია ათენში?

– არის საკვირაო სკოლა, გამოდის გაზეთი, არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოდან მომღერლები ჩამოჰყავთ, თეატრი კი მხოლოდ ეს არის, ჩემი “დიონისო”.

სპექტაკლში “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი” რაღაც ფრაზები იყო რუსულად სათქმელი. როლზე მომუშავე ორმა ქალმა კი ერთი სიტყვაც არ იცოდა. გავწვალდი ძალიან. ერთს ავიწყდებოდა ან საშინელი აქცენტით გამოთქვამდა. ვურჩიე, კარგი, ნუ იტყვი “სვინიას”, თქვი “ღორი”. მანაც თქვა – “ღორრი”. მეორეს ვეუბნები, რატომ დგახარ, უპასუხე რეპლიკას, შენი რიგია-მეთქი. რას ამბობთ, ჯერ “სვინია” არ უთქვამსო. მოკლედ, ბევრი კურიოზი გვაქვს.

– საბერძნეთში თქვენ გაქვთ სახლი, გყავთ ოჯახი, საყვარელი საქმე, ანუ ცხოვრობთ ისე, როგორც სამშობლოში იცხოვრებდით, მაგრამ ხედავთ უამრავი ემიგრანტი ქალის ცხოვრებას. რას გვეტყვით მათ ყოფაზე?

– მე თავიდანვე გითხარით, ჩვეულებრივი სამუშაოს მძებნელი ქალის გზა არ გამივლია-მეთქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი მათი ტკივილი და გაჭირვება. კარგი ცხოვრების გამო უცხოობაში არავინ გამოქცეულა, აქ გაჭირვებამ წამოიყვანა ყველა. ურთულესია, დატოვო საკუთარი ოჯახი, მშობლები, შვილები და სხვის მოხუც მშობლებს ან სხვის შვილებს მოუარო. ამ ქალებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს, საკუთარი სიყვარული დათმეს ოჯახების გადასარჩენად.

5, 10, 15 წელი უცხო ქვეყანაში არიან, ისტუმრებენ ვალებს, ყიდულობენ სახლებს, იზრდებიან შვილები, დედების გაგზავნილი ფულით სწავლობენ, ოჯახებს ქმნიან, მერე ქორწილი სჭირდებათ, მერე შვილიშვილების გაზრდა… ამასობაში გადის ცხოვრება, ქმრები ეჩვევიან ცოლების ხარჯზე ყოფნას, უფრო და უფრო მეტი ფული უნდათ და ბოლოს რა?

იცით, რამდენი შემთხვევაა, როცა ამ ყველაფრის შემდეგ დაღლილ-დაქანცულმა ქალმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. რომ ჩავა, სანამ ფული აქვს, ეფერებიან, შიგადაშიგ შეაპარებენ კითხვას, როდის მიდიხარო. თუ წასვლა დააგვიანა ან დარჩენის სურვილი გამოთქვა, უკვე ცივად, უგულოდ მიახლიან, შენ აქ რა უნდა გააკეთო, დაბრუნდი იქ, ხომ ხედავ, ვიწროდ ვართ, ვერ ვეტევითო. მისი ფულით ნაყიდი ბინიდან ისევ სხვა ქვეყანაში, სხვა სახლში სამუშაოდ იმეტებენ.

არ იფიქროთ, აპოკალიფსური სურათი დავხატე და ყველა შვილი ასეთი უმადურია, არიან ისეთებიც, ვინც დედის შრომას აფასებენ, ენატრებათ და ცოტა სულს მოითქვამენ თუ არა, ეხვეწებიან, ჩამოდი, დედა, ჩვენ შენი სიყვარული გვჭირდებაო.

მე იქაც ხშირად ვეუბნები და ჟურნალიდანაც მინდა, ვუთხრა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ემიგრანტ ქალებს: თქვენ გმირები ხართ! თქვენ გადაარჩინეთ ოჯახები, ქვეყანა, თქვენი მძიმე შრომის საფასურად გაიზარდა თაობები, მაგრამ იფიქრეთ საკუთარ თავზეც, გადაარჩინეთ საკუთარი თავი და საკუთარი სიყვარული, ნუ გადაიქცევით მხოლოდ ფულის საჭრელ მანქანად.

– ორი დღით ჩამოხვედით საქართველოში. რა ღონისძიებაზე მოგიწვიეს?

– ქალბატონი ინა ასანიძე, რომელიც თავადაც წლების განმავლობაში ემიგრანტი იყო, უკვე მესამე წელია, ყოველ გაზაფხულზე თბილისში ატარებს უცხოეთში წარმატებული ქალების შეკრებას და დაჯილდოებას. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იწვევს ჩვენს თანამემამულეებს, ვინც შეძლო თავის დამკვიდრება, კულტურული კერების შექმნა და როგორც საქართველოს პოპულარიზაცია, ასევე იქ მყოფი ადამიანების გარშემოკრება. მეც მოწვეული ვარ, როგორც ქართული თეატრის დამფუძნებელი.

ქალებს უმასპინძლა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის საკრებულომ, მერიამ. ეს ყველაფერი ქალბატონ ინას დამსახურებაა.

მარჯანიშვილის თეატრში საზეიმოდ გადმოცემული პატარა ქანდაკება ჩემთვის ყველა ჯილდოზე ძვირფასია, რადგან იგი საქართველოს და ქართველი ქალის ხატებას წარმოადგენს.

ია ქუთათელაძე, ჟურნალი სარკე