რეზი ახრახაძე: ,,დამღალა დათო ოქიტაშვილის მუქარებმა!”

რეზი ახრახაძე: ,,დამღალა დათო ოქიტაშვილის მუქარებმა!"საქართველოში ვარსკვლავების გახსნას ისეთი პირი უჩანს, რომ მის გარშემო სკანდალები მუდმივად იტრიალებს, რადგან ამ პროცესს არავინ აკონტროლებს, ანუ თუ თქვენ გექნებათ სურვილი და შესაბამისი რაოდენობის ხელოვანთა ხელმოწერები, თავისუფლად შეძლებთ საკუთარი ვარსკვლავის გახსნას.

“სარკის” N12-ში დაიბეჭდა ინტერვიუ, სადაც კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ვარსკვლავები მისი პროექტია და კონკურენტი ფირმა, ანუ რეზი ახრახაძე, თაღლითია.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ რეზი ახრახაძე “სარკეს” დაუკავშირდა, დათო ოქიტაშვილის განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა და საპასუხო ინტერვიუს დაბეჭდვა გვთხოვა.

– რეზი, უკვე 18 წელია, რაც დათო ოქიტაშვილი ამ პროექტს აკეთებს. როგორ და რატომ გაჩნდა იდეა, რომ ვარსკვლავები მის პარალელურად თქვენც გაგეხსნათ?

– თავის დროზე თბილისის საკრებულომ გასცა განკარგულება, რომ თბილისის მერიის კულტურის სამსახურს გაეხსნა ნინო რამიშვილის სახელობის ვარსკვლავი. იმ პერიოდში დათო ოქიტაშვილი იყო კულტურის სამსახურის უფროსი.

რამდენიმე წლის შემდეგ კი ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოქიტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა და კულტურის სამსახური გააუქმა. ოქიტაშვილმა ამ პროექტს მოჰკიდა ხელი და წამოიღო.

– ოქიტაშვილს უკანონოდ ხომ არ წამოუღია ეს პროექტი?

– უკანონოდ წამოიღო. როდესაც სახელმწიფო პროექტი მიგაქვს, ნებართვა უნდა გქონდეს და სახელმწიფოს წერილი, რომელსაც ექნება თბილისის მერიის ან საკრებულოს თავჯდომარის ხელმოწერა.

ჭიაბერაშვილის მერე მერიაში ბევრჯერ შეიცვალა სტრუქტურა და დღეს რთულია იმაზე მსჯელობა, სადაა ის რეზოლუცია, რომელიც საკრებულომ გამოსცა. შესაბამისად, ვერავის დაადანაშაულებ, რომ არ იცის ეს ფაქტი. ოქიტაშვილმა განაგრძო ამ პროექტის კეთება და მას შემდეგ ხსნის ვარსკვლავებს. გასარკვევია, აქვს თუ არა უფლება თუ ისევ მერიის საკუთრებაშია.

— თუმცა ვარსკვლავების გახსნის იდეა ოქიტაშვილს ეკუთვნოდა.

– ეს იდეა მისი არ არის, ვარსკვლავები ჰოლივუდში უკვე წლებია იხსნება.

– ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ…

– საქართველოში ვარსკვლავი გახსნა კულტურის საქალაქო სამსახურმა და არა – დათო ოქიტაშვილმა. მათ შორის კი დიდი სხვაობაა. წესით, ვარსკვლავი არც მე უნდა გავხსნა, არც ოქიტაშვილმა და არც არავინ, რადგან ეს უნდა იყოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მოქალაქე ოქიტაშვილი იჩემებს, ვარსკვლავებს მე ვხსნიო და მე ვამბობ, ამასთან საერთოდ არ მაქვს კავშირი-მეთქი.

მოქალაქე ოქიტაშვილმა დამწამა, ვითომ ნიკა რურუასთან ერთად ვაკეთებ ამ ყველაფერს და ამ პროექტის წართმევას ვცდილობ. არ მინდა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს და არც არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან.

თაღლითობაში მდებს ბრალს და თვითონვე იძახის, რომ ვერ მიჩივლებს და ხელს იშვერს კულტურის სამინისტროსკენ, რომ მათ უნდა მიჩივლონ. არც სამინისტროს გააჩნია ჩივილის საფუძველი, რადგან ჩვენ გვაქვს წერილი, სადაც მანანა ბერიკაშვილი გვწერს, რომ კულტურის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი საავტორო უფლება არანაირ ვარსკვლავთან დაკავშირებით.

– დიდი სკანდალი გამოიწვია ჯგუფ “სახის” ვარსკვლავის გახსნამ…

– ირინკა ხომასურიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ გაგვეკეთებინა “სახის” კონცერტი. სიამოვნებით დავთანხმდი. დათო ფორჩხიძემ გვითხრა, ჯგუფს უსრულდება 20 წელი და კონცერტის ჩატარება გვინდაო. გვთხოვა, თუ დავინტერესდებოდით, საორგანიზაციო საკითხებისთვის მოგვება თავი, რაც მოიცავდა მერიასთან და სპონსორებთან ურთიერთობას. 14 მაისს უნდა ყოფილიყო კონცერტი.

ამასთან, დათო ხუჯაძემ მითხრა, მოდი, ბარემ ჯგუფის ვარსკვლავი გავხსნათო და, რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს ხომ არ არის დათო ხუჯაძის ან დათო ფორჩხიძის ვარსკვლავი, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო ქართული ჯგუფის ვარსკვლავი.

– ანუ “სახემ” თვითონ შემოგთავაზათ ვარსკვლავის გახსნა?

– კი, ასე ერთობლივად გაჩნდა იდეა. დათო ოქიტაშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა, გვითხრა, რომ კონცერტი ოქტომბერში გადაგვეტანა, თუმცა მიზეზი უცნობი იყო. შეიქმნა სიტუაცია, რომ ან საერთოდ უარი გვეთქვა კონცერტზე, ან ოქტომბერში გადაგვეტანა, მაგრამ რატომ? ოქიტაშვილს უფლება არ აქვს, ვინმეს აუკრძალოს ვარსკვლავის გახსნა. შევკრიბეთ საინიციატივო ჯგუფი და გავაკეთეთ ღონისძიება.

– ვინ შედიოდა ამ საინიციატივო ჯგუფში?

– ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის იყვნენ – მერაბ სეფაშვილი, თიკა ჯამბურია, გია ჯაჯანიძე, მაია სტეფნაძე და ბევრი სხვა…

ამ ვარსკვლავის გახსნას მოჰყვა წივილ-კივილი და ოქიტაშვილის მწყობრიდან გამოსვლა. დავაზუსტებ: “სახის” ვარსკვლავამდე არ მიფიქრია, რომ ვინმეს ვარსკვლავი გამეხსნა, რადგან ეს არის კულტურის სამინისტროს მოვალეობა.

– შპს რომ დავაფუძნო და ხელოვანი ადამიანებისგან მქონდეს მხარდაჭერა, შემიძლია, მეც გავხსნა ვარსკლავი?

– დიახ.

– როგორც ვიცი, თქვენ აპირებდით გია ჯაჯანიძის ვარსკვლავის გახსნასაც, მაგრამ უარი მიიღეთ.

– მცდელობა იყო, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი იდეა. პირდაპირ გეტყვით, გია ჯაჯანიძის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით მომღერლების უმრავლესობამ არ მოაწერა პეტიციას ხელი და ვინც მოაწერა, მათ დამირეკეს, რომ ეს წერილი არავისთვის მეჩვენებინა.

– ვისი იდეა იყო გია ჯაჯანიძის ვარსკვლავის გახსნა?

– ჩემი ყოფილი თანამშრომელი, მაკა საჯაია, დამიკავშირდა, რომელსაც ჰქონდა იმ ადამიანთან კონტაქტი, ვისაც სურდა გიას ვარსკვლავის გახსნა.

– რა სტატუსით უნდა გაგეხსნათ მისი სახელობის ვარსკვლავი?

– როგორც ცნობილი ტელეწამყვანის, თუმცა ვუთხარი, ფილარმონიის ნაცვლად ხომ არ ჯობს, რომ მთაწმინდის პარკს მივმართოთ ან “იმედს” და მის ეზოში გაიხსნას-მეთქი.

– როგორი რეაქცია ჰქონდა გიას?

– ცუდი. როგორც ვიცი, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

– თქვენ დაგიკავშირდათ ასევე ნოდიკო ტატიშვილიც…

– დიახ. სურვილი ჰქონდა, რომ ალექსანდრე ბასილაიას და ლუიზა კობალაძის ერთობლივი ვარკსვლავი გახსნილიყო. ნოდიკო მივიდა ოქიტაშვილთან და მან უარით გამოისტუმრა. ვინმე მოქალაქე ოქიტაშვილი ალექსანდრე ბასილაიას ვარსკვლავის გახსნაზე ამბობს უარს. ცოტა უხერხული ხომ არაა?

ოქიტაშვილის ამ პასუხის შემდეგ ნოდიკომ მკითხა, როგორ გააკეთე “სახის” ვარსკვლავიო. ვუთხარი და მან გახსნა ალექსანდრე ბასილაიას ვარსკვლავი.

დადგა ჯერი ზურაბ ვადაჭკორიაზე. ადამიანი ფაქტობრივად მომაკვდავი იყო, როდესაც მომმართეს მისმა შვილებმა. მე რომ გადავხედე ამ ადამიანის შემოქმედებას, თუ რა ტიტულები აქვს მსოფლიო მასშტაბით მოპოვებული, ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა ასეთი ილუზიონისტი. ოჯახს არანაირი სურვილი არ ჰქონდა, დათო ოქიტაშვილთან ეთანამშრომლა, ამიტომაც მომმართეს მე.

– ვინ იხდის ვარსკვლავის გახსნის საფასურს?

– ზურაბ ვადაჭკორიას შემთხვევაში ღონისძიება დააფინანსა თბილისის მერიამ, ხოლო ვარსკვლავის გაკეთებაში ოჯახმა გადაიხადა თანხა.

– რამდენი ჯდება ეს ვარსკვლავი?

– დაახლოებით 1800 ლარიდან 2500 ლარამდე. კეთდება ლატუნით, რომელიც საკმაოდ ძვირია. “სახის” ვარსკვლავი გაცილებით იაფად დამზადდა, რადგან 4 ასო იყო ამოსატვიფრი, ზურაბ ვადაჭკორიას ვარსკვლავი კი შედარებით ძვირი დაჯდა, რადგან ბევრი ასოსგან შედგება მისი სახელი და გვარი.

– აპირებთ მომავალშიც ვარსკვლავების გახსნას?

– დავიფიცე, რომ ვარსკვლავს აღარასოდეს გავხსნი, რადგან ძალიან დამღალა მოქალაქე ოქიტაშვილის ბობოქრობამ, მუქარებმა და ყველაფერმა.

– თუმცა კულტურის სამინისტრო ვარსკვლავების გახსნას თავს არიდებს.

– არიდებს, იმიტომ, რომ ყველა მიაწყდება და მოსთხოვენ ვარსკვლავების გახსნას.

ინტერვიუში, რომელიც “სარკეში” დაიბეჭდა, წერია, რომ ჩვენ გვსურს ამ ვარსკვლავის “გაბანძება”. მინდა, ვკითხო მოქალაქე ოქიტაშვილს: მისი გახსნილი ვარსკვლავებიდან ყველას ეკუთვნოდა თუ არა ვარსკვლავი და მერე თქვას, თუ ვინ “გააბანძა”.

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე