რა ხდება გიგი ადამაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის – “ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა”

რა ხდება გიგი ადამაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის - "ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა"მომღერალ გიგი ადამაშვილს უკვე აქვს პასუხი კითხვაზე, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. ის შეყვარებულია, უფრო სწორად, გრძნობებში გარკვევას ცდილობს. ეს ურთიერთობა მას ძალიან ავსებს და შემოქმედებით იმპულსებს აძლევს. 19 წლის მომღერალმა თავის მსმენელს ამჯერად ქართული სიმღერა შესთავაზა და დადებითი შეფასებებიც მიიღო.

გიგი ფართო საზოგადოებამ ორი წლის წინ პროექტ “იქს ფაქტორიდან” გაიცნო. “ჩემი მუსიკალური სიყვარული” – მაშინ ასე შეაფასა მისი ნამღერი ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ. მიუხედავად იმისა, რომ გიგის პოპულარობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკავშირდება, ქართული სიმღერის პრემიერა ტელეკომპანია “იმედში” ჰქონდა, თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.

– გიგი, უცხოური სიმღერების შემდეგ მსმენელს ქართული შესთავაზეთ. რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ სიმღერაზე?

– უამრავი ვარიანტი მქონდა, მაგრამ ქართული ავირჩიე. მაყურებელმა უკვე კარგად იცის, როგორ ვმღერი უცხოურ სიმღერებს, ეს კი ჩემგან ახალი მესიჯი იქნებოდა.

“ქარი ქრის” ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც კომპოზიტორმა დამიწერა. მუსიკაც და ტექსტიც ნატო ღოღობერიძისაა. დიდ მადლობას ვუხდი მომღერალ ანრი ჯოხაძეს არანჟირებისთვის. სამი ღამე ვიმუშავეთ და შედეგიც სახეზეა. ჩემს ახალ სიმღერას ათასობით ნახვა აქვს. ალბათ ამასაც დამსახურება უნდა.

რეიტინგზე დიდად არც მიფიქრია. ვიმღერე ის, რაც გულით მემღერებოდა. ყველაზე მეტად ხალხის შეფასება მახარებს. ამბობენ, რომ ჩემი მუსიკა ძალიან დახვეწილია.

– კოლეგებმა როგორ შეაფასეს თქვენი ახალი ნამუშევარი?

– მათგან ბევრი კომპლიმენტი მივიღე. მაგალითად, ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ, კომენტარში დამიწერა – “მმმ ტკბილი”. მაშინვე მივწერე, მადლობა გადავუხადე. იმ საღამოს მუსიკასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ. მის მიმართ პატივისცემას ვერ ვმალავ, ჩემთვის საქართველოში ნომერი პირველი მომღერალია.

უამრავი კომპეტენტური პირისგან მივიღე მილოცვა და კარგი შეფასება. ერთ-ერთი გახლდათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მის შეფასებას არც ველოდი. გავიღვიძე და მისი შეტყობინება დამხვდა – “ახალი სიღერა ძალიან კარგი იყო!”. ასეთი სიტყვები ძალიან მაძლიერებს.

– თქვენი წარმატება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკავშირდება, სიმღერის პრემიერა კი “იმედზე” იყო. ნიკა გვარამიას არ ეწყინა?

– ნიკას ამის პრობლემა არ აქვს და არც სწყენია. “იმედზე” რომ გამოვჩნდი, ესეც სიახლე იყო, რადგან ყოველთვის “რუსთავი 2”-ზე ვჩნდებოდი. არანჟირების ავტორი ანრი ჯოხაძე იყო, რომელიც გადაცემა “პრაიმ შოუს” ერთ-ერთი წამყვანია. მისგან მივიღე შემოთავაზება, რომ პრემიერაც მის გადაცემაში გამეკეთებინა. პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, თავისუფალი ადამიანი ვარ და ყველგან ვიქნები.

– მომღერალი სოფო ნიჟარაძე “იქს ფაქტორიდან” მოყოლებული თქვენი დიდი გულშემატკივარია. მან როგორ შეაფასა “ქარი ქრის?”

– სოფო სიმღერის პრემიერამდე მუდმივად ინტერესდებოდა, რას როგორ ვაკეთებდით. საბოლოო ჯამში, ძალიან მოეწონა.

– მას შემდეგ, რაც სოფომ თავისი მუსიკალური სიყვარული გიწოდათ, თქვენ გარშემო ჭორები არ წყდება, ლაპარაკობენ თქვენ შორის რომანზე. როცა ამის შესახებ გისვამენ კითხვებს, რას პასუხობთ?

– სოფო ჩემთვის მეგობართან, ძმაკაცთან და გულშემატკივართან ასოცირდება და ამ თემაზე სერიოზულად ვერც ვსაუბრობ. არც კი მიფიქრია, რომ ამ ჭორს ოდესმე სერიოზულად გავცემდი პასუხს. თურმე იმიტომ ვჩანვარ ეკრანზე, რომ სოფოს რქებით გავყავარ.

რეალურად ყველაფრისთვის ბევრს ვიბრძვი, თუმცა მეგობრების და მათ შორის სოფოს რჩევებიც ბევრ რამეში მეხმარება. სოფო ამ ჭორზე არ ბრაზდება, ორივეს გვეცინება.

– როგორ ფიქრობთ, ეს ჭორი რატომ აგორდა?

– მე და სოფო ერთმანეთს ხშირად არ ვხვდებით, ამიტომ იმას ვერ ვიტყვი, რომ ერთად გვხედავენ და ამიტომაც ჭორაობენ. “იქს ფაქტორში” გამოსვლის დღიდან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვიჩნდა. ჩვენი ემოციები ერთმანეთს დაუკავშირდა და შესაბამისად ამას მაყურებელი გრძნობს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ეს შეიძლება მეგობრულიც იყოს.

– ასაკით თქვენზე უფროსი გოგო მოგწონებიათ?

– რა თქმა უნდა. ასაკს ყურადღებას არც ვაქცევ. რატომღაც ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება, რომ უფროსი გოგოები მომწონს, თუმცა არ ვიცი, რით მხიბლავენ.

– ამბობენ, რომ შეყვარებული ხართ. მართალია?

– ჩემს ცხოვრებაში საინტერესო გოგო გამოჩნდა. ჩემზე საკმაოდ უფროსია, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ. გეტყვით იმას, რომ ცნობილი სახეა. ალბათ ამ ურთიერთობის გასაჯაროება ადრეა, რადგან სულ ახალი ამბავია. თუ ურთიერთობა მოიტანს იმ ეტაპს, რომ სახალხოდ ვთქვა, სიამოვნებით ვიტყვი.

არ ვიცი, მიყვარს თუ არა. შეიძლება შეყვარებულიც ვარ და ვერ ვხვდები, რადგან აქამდე არავინ მყვარებია. ისე ხდება, რომ არასდროს ვგეგმავთ, მაგრამ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით.

– რა თვისებებით მოგხიბლათ ამ ადამიანმა?

– როგორც გითხარით, საკმაოდ საინტერესოა. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ უბრალო, ნამდვილი და მართალია, რაც ურთიერთობაში ყოველთვის მაკლდა. ჩვენი ხასიათი და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან ჰარმონიაშია.

– “სარკესთან” არაერთხელ გითქვამთ, რომ პირადი ცხოვრება კარიერის გამო გვერდზე გქონდათ გადადებული. ახლა როგორ მოქმედებს სიყვარული თქვენს საქმიანობაზე?

– მივხვდი, რომ პირადი ცხოვრება კარიერას მაშინ შეუშლის ხელს, როცა ურთიერთობა ჰარმონიული არ იქნება. ამ შემთხვევაში ჩემი რჩეული კარიერაზე დადებითად მოქმედებს. ემოციები მუსიკაში გადმომაქვს. უკვე ზუსტად ვიცი, ჩემი მუსიკალური გზა როგორ გაგრძელდება. ყველასთვის საყვარელ კინომუსიკაზე ავმღერდები, რომელიც აქამდე მხოლოდ მელოდიად ჟღერდა.

– კონცერტიდან შემოთავაზებული ჰონორარებით კმაყოფილი ხართ?

– ამბობენ, რომ ბევრს ვითხოვ და ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემაც ბევრჯერ შემქნია. ჩემი საქმე ასე მიღირს და, ვისაც უნდა, დამიძახებს კონცერტზე. ყოფილა შემთხვევა, როცა შემოთავაზებული თანხის გამო უარიც მითქვამს.

ფიქრობენ, რომ 19 წლის შემსრულებელმა არ შეიძლება სიმღერაში მოითხოვოს ის თანხა, რასაც მე ვითხოვ და ჰგონიათ, რომ ყველა კონცერტზე, სადაც 2 კაპიკს შემომთავაზებენ, უნდა გავიქცე. ასე არასდროს მოვქცეულვარ, რადგან ჩემი ადგილიც ვიცი და საქმის ფასიც.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე