პატარა ნენეს მუცელში ქართველ ექიმებს დოლბანდი დარჩათ? – შსს-მ საქმე აღიძრა

პატარა ნენეს მუცელში ქართველ ექიმებს დოლბანდი დარჩათ? - შსს-მ საქმე აღიძრაგუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 წლის ნენეს ორგანიზმში ფრანგმა ექიმებმა დოლბანდი იპოვეს, რომელიც ღვიძლზე იყო შემოკრული. ბავშვის ბიძის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დოლბანდი ქართველ ექიმებს დარჩათ ბავშვის ორგანიზმში, როცა მას ოპერაცია გაუკეთეს. საფრანგეთში ნენეს ქვიძლი გადაუნერგეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის.

ამ საქმეზე შსს-მ საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს ნენეს მამა. სამართალდამცავების პარალელურად, მომხდარ ფაქტზე მოკვლევას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია იწყებს, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო 2 წლის ნენე მ-ძის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

„პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, ერთი დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი.

ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია.

იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე, წარმატებით ჩატარდა კასაის ოპერაცია, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეხანგრძლივებინა ბავშვის სიცოცხლე და მიგვეყვანა ის ღვიძლის გადანერგვამდე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში.

კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წლის წინ დაინერგა საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში.
ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით.

ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა.
რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა. ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული, იაშვილის კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან, შესაბამისად, ვერ გავაკეთებთ კომენტარსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკა არაფერს ამბობს ბავშვის ორგანიზმში ჩარჩენილ დოლბანდთან დაკავშირებით. ამ კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როცა სამართალდამცავები და კომისია ამ საქმეს შეისწავლიან და მუშაობას დაასრულებენ.