ნინი ონიანი: “სექსუალური ქალი ვარ და რატომაც არ უნდა მეცვას სექსუალურად?! ქალების სიყვარულით განებივრებული არ ვარ”

ნინი ონიანი: "სექსუალური ქალი ვარ და რატომაც არ უნდა მეცვას სექსუალურად?! ქალების სიყვარულით განებივრებული არ ვარ"მოდელი და ყოფილი ტელესახე, ნინი ონიანი, თამამ და სექსუალურ ტანსაცმელს არასდროს ერიდება, თუმცა ზღვარის დაცვას ყოველთვის ცდილობს, რომ მისი გარეგნობა ვულგარული არ იყოს. მისი გარდერობი ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, ბოლო დროს კი შავი ზედმეტად გაურია, რასაც მალე “გამოასწორებს” და გაზაფხულის ნათელი ფერებით შეცვლის.

– ნინი, თქვენს გარდერობს შეიძლება ეწოდოს მრავალფეროვანი?

– ვერ გეტყვით, რომ კარადაში ასი კაბა და თორმეტი ათასი ჯინსი მიკიდია, მაგრამ მაქვს რაღაცები, რაც ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს და კარგად ვირგებ.

– როგორც ვიცი, კაბები გიყვართ ძალიან.

– კი. ადრე ქვედატანებს და კაბებს საერთოდ არ ვიცვამდი. რატომღაც მეგონა, რომ არ მიხდებოდა. ბოლო 2-3 წელია, რაც ჩემს გარდერობში კაბები, ქვედატანები მომრავლდა. ახლა კარადაში ყველაზე მეტი კაბა, ქვედატანი და ჯინსი მაქვს.

– გემოვნება შეგეცვალათ და ეს ცვლილება ამან განაპირობა?

– უბრალოდ მივხვდი, რომ კაბებიც და ქვედატანებიც ძალიან მოვიხდინე, ჩემს სტილსა და გემოვნებაში ჩაჯდა.

ჩემს გარდერობში თითქმის ყველანაირ სამოსს იპოვით. სპორტულადაც მაცვია, კლასიკურადაც. მაქვს კლასიკური სამოსი, პიჯაკები, რომლებიც ძალიან მიყვარს. მათ სპორტულ ტანსაცმელსაც ვუხამებ. მაგალითად, კლასიკურ პიჯაკზე ვიცვამ ჯინსს, ბათინკს, ბოტასს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სად მივდივარ.

კედებს იშვიათად ვხმარობ, ჩემი სტილი ნაკლებადაა. თუ სპორტულად მაცვია, ფეხზე ან ბათინკს ვიცვამ, ან ბოტასს.

– ხშირად გაცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მათ ყოველდღიურადაც ხმარობთ?

– კი. მაღალი ქუსლები ჩემი სუსტი წერტილია. სადაც უნდა წავიდე, არ არსებობს, იქიდან ერთი წყვილი მაინც არ ჩამოვიტანო, შესაბამისად, ძალიან ბევრი მაქვს. ქუსლიან ფეხსაცმელებში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ჩემი ტერფი ყოველთვის აწეულია, როცა დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, ცოტა დისკომფორტი მაქვს და მაშინ მიტრიალდება ფეხი.

– როგორი ფორმის, ფერის ფეხსაცმელები გაქვთ და წლევანდელი ტენდენციებიდან რა გაითვალისწინეთ?

– ფერებს არ აქვს მნიშვნელობა, ვარდისფერი ფეხსაცმელიც მაქვს და კრემისფერიც, შავი – თავისთავად, წითელიც და ა.შ. ძირითადად მაინც კლასიკურ ფორმას ვანიჭებ უპირატესობას.

არ მიყვარს პლატფორმა. ძალიან თხელი და ნაზი ფეხი მაქვს და როცა პლატფორმას ან უხეშ ფეხსაცმელს ვიცვამ, სასაცილოდ ჩანს. ძალიან მომწონს თხელი, კლასიკური, ცოტა წაგრძელებული ფორმის ფეხსაცმელები.

– თქვენი ჩაცმულობით სხეულის რა ნაწილზე აკეთებთ აქცენტს?

– ალბათ უფრო მეტად ფეხებზე.

– სექსუალურ, თამამ ჩაცმულობას არ უფრთხით, თან ამის საშუალებას თქვენი სხეულიც გაძლევთ. როგორ გრძნობთ თავს, როცა ასე გაცვიათ?

– ყოველთვის ვცდილობ, ვულგარულად არ გამოვიყურებოდე. მაცვია ისე, როგორც მიხდება. თუ მოკლეს ვიცვამ, ვცდილობ, დეკოლტე არ იყოს, ანუ მკერდი და ფეხი ერთდროულად არ გამოვაჩინო. თუ დეკოლტე მაცვია, ვცდილობ, მუხლამდე სიგრძის ქვედატანი ან შარვალი ჩავიცვა, რომ ფეხი არ ჩანდეს.

ვფიქრობ, რომ სექსუალური ქალი ვარ და რატომაც არ უნდა მეცვას სექსუალურად?!

– არ გაკომპლექსებთ ასე ჩაცმა?

– არა. მთავარია, მიხდებოდეს და მოვირგო. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. იშვიათად, რომ ჩემი თავი შევაქო ან ბოლომდე მომეწონოს ჩემი ვიზუალი. მოკლე, ამოღებული ან ტანზე ძალიან მომდგარი კაბა თუ მაცვია, რომელშიც ჩემი ფორმები კარგად ჩანს, ე.ი. მომწონს და ამიტომაც მაცვია ისე.

– რას გეუბნებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, როგორ კომპლიმენტებს იღებთ მათგან?

– ყველანაირი სახის კომპლიმენტი მიმიღია, საკმაოდ სასიამოვნოდან დაწყებული, ცოტა უხეშით დამთავრებულით. კომპლიმენტი მიმიღია ქუჩაში, ბარში, მაშინაც, როცა შუადღეზე მეგობართან ერთად ჩაის ვსვამ.

– ამბობენ, ქალი ქალს კომპლიმენტს თუ ეუბნება, ესე იგი მართლა კარგად გამოიყურებაო. ხშირად გაქებენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები?

– ქალებისგანაც ვიღებ კომპლიმენტებს, მაგრამ ისეთი ინტენსიობით – არა, როგორც მამაკაცებისგან. არის შემთხვევები, როცა ქალებიც მეუბნებიან კომპლიმენტებს, რაც ძალიან მახარებს. არც მე ვიშურებ სხვებისთვის კომპლიმენტებს, ყოველდღე ვეუბნები ვიღაცას, თუ შემხვდება და მომეწონება.

სამწუხაროდ, ქალების სიყვარულით განებივრებული არ ვარ.

– ცდილობთ, რომ ყოველთვის მოდურად ჩაცმული იყოთ, ახალ ტენდენციებს ითვალისწინებთ?

– რაღაცებს ვითვალისწინებ, მით უმეტეს, ახლა გაზაფხულია და გარდერობის განახლება მიწევს. შესაბამისად, რაღაცებს ვათვალიერებ. თუმცა მოდაში შეიძლება რაღაც ისეთი იყოს, რაც ან არ მიხდება, ან არ მომწონს, ვერ ვიხდენ და ა.შ. უმეტესწილად ისეთ სამოსს ვარჩევ, რაც მიხდება, რაც ჩემია და ჩემს სხეულს კარგად გამოკვეთს, მეტნაკლებად მოდური და ტენდენციურია.

– რა ფერებია თქვენი?

– ყოველთვის ძალიან მიყვარდა სიჭრელე, ყავისფერი, ლურჯი, თეთრი. ამ ბოლო დროს კი ძალიან “ჩავიციკლე” შავზე. ძალიან მოვიხდინე და ამ ფერის ბევრი სამოსიც მაქვს. გარდერობს რომ ვუყურებ, ცოტა მეშინია, სულ გადაშავებულია და გაზაფხულის ფერებით უნდა გადავახალისო.

– წონის მატება ან კლება აისახება თქვენი ტანსაცმლის კარადაზე?

– წონაში არასდროს ვიმატებ. მხოლოდ ორსულობის დროს მოვიმატე და 2 თვეში იმაზე მეტი დავიკელი, ვიდრე ორსულობამდე ვიყავი. ორსულად რომ დავრჩი, 56 კილო ვიყავი და ახლა 53 კილო ვარ. წონის პრობლემა არასდროს მაქვს, თან ვვარჯიშობ.

 ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე