ნინი ბადურაშვილი: ,,ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვი, ძალიან მენატრება”

ნინი ბადურაშვილი: ,,ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვი, ძალიან მენატრება"კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ქალიშვილი, ელენე შენგელაია, რამდენიმე წლის წინ ავარიაში დაიღუპა. ის და მომღერალი ნინი ბადურაშვილი მეგობრები იყვნენ. მომღერალი გარდაცვლილ მეგობარზე ,,გზაში” საუბრობს.

– ჩემი მეგობარი ელენე შენგელაია, სამწუხაროდ, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. საოცარი, სუფთა, ალალი ადამიანი იყო – ცხოვრებისგან ,,გაფუჭებული” არ გახლდათ…

იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა ჰქონდა. მასთან ერთად ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყავი. თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებდით.

სიზმრებში ხშირად ვხედავ. რამდენჯერმე ისეთი სიზმარიც ვნახე, რომელშიც თითქოს რაღაც საფრთხეზე მიმანიშნა და შემდეგ რეალურად მართლა ასე მოხდა… რაღაცნაირად ამ ადამიანთან სულიერ კავშირს ვგრძნობ. მენატრება, მართლა ძალიან დამაკლდა.

ჩემს შვილს მისი სახელი – ელენე დავარქვი. არ მჯერა, რომ აქ არ არის. ისე მინდა, ცოცხალი იყოს.  მესიზმრება ხოლმე, რომ ჩემთან მოდის და მეუბნება,  იცი, ნინი, მე განვიკურნე. ისევ შენთან ვარო (არადა არაფერი სჭირდა). სიზმარში ისე მიხარია, რომ რეალობაში დაბრუნება მწყინს.

ელენე ჩემთვის დიდი ნათელი წერტილი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ჩაქრა და მისი სახით რაღაც ძალიან დიდი გამომეცალა – ჩემი უახლოესი მეგობარი და დიდი ტკივილი…

გზა, ეთო ყორღანაშვილი