მარიამ კუბლაშვილი: “მე და ლევანმა არ ვიცით, გოგო როგორ უნდა დავგეგმოთ” – რას ითხოვს ქმარი ადვოკატისგან

მარიამ კუბლაშვილი: "მე და ლევანმა არ ვიცით, გოგო როგორ უნდა დავგეგმოთ" - რას ითხოვს ქმარი ადვოკატისგანადვოკატ მარიამ კუბლაშვილს, რომელიც ერთი პერიოდი შოუბიზნესის პოპულარული სახე გახდა მას შემდეგ, რაც პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიმარჯვა, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეეცვალა. ორი წლის წინ მეორედ გათხოვდა, მსახიობ ლევან ხურციას გაჰყვა ცოლად და მეორე ბიჭი გააჩინა. შემდეგ თავის მთავარ პროფესიაშიც გააქტიურდა და გლამურული ცხოვრება წარსულში დარჩა. ადვოკატურა, ორი შვილი, ქმარი, ოჯახი… ეს ყველაფერი დროს ითხოვს და მარიამი თავს ცაიტნოტში გრძნობს. დროს ვერ ვანაწილებ და ქაოსური ცხოვრება მაქვსო, შემოგვჩივლა.

– მარიამ, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?

– საქმიანობაში ახალი გამოწვევები მაქვს, ადვოკატთა ასოციაციაში დავიწყე აქტიურობა. ყველაფერი რიგზეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დროს ვერ ვანაწილებ.

– რაც 30 წელს გადააბიჯეთ, რა წამოვიდა პირველ პლანზე და რამ გადაინაცვლა უკან?

– 32 წლის ვარ, აღარ ვარ პატარა გოგო. ჩემთვის პრიორიტეტი ოჯახია, მაგრამ ამ მხრივ ცოტა არეული ვარ, საქმეს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ოჯახს. ეს ცუდი მენეჯმენტისა და გარკვეული გაუნათლებლობის ბრალია. სიამოვნებით ვისწავლიდი, როცა ამდენი საქმე მაქვს, ოჯახის მოვლა-პატრონობა როგორ ვაქციო ნომერ პირველად.

– ვინ ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც თქვენი საქმის გამო იქმნება ოჯახში?

– რაღაცნაირად ბალანსდება ნერვიულობის ხარჯზე. ბევრ დროს ვხარჯავ საქმეზე, ბევრი მოდის უფასო კონსულტაციაზე… ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ცოტა ქაოსი მაქვს.

ლევანი უფრო ახერხებს, შვილებს მიხედოს. ჩემი უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკშია, 13 წლისაა, ყოველდღე სჭირდება კონტროლი და ამას ლევანი უფრო ახერხებს. ყოველდღე ამოწმებს მის საკლასო ჟურნალს, აკონტროლებს მის გაკვეთილებს.

პატარას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რადგან მეტად მნიშვნელოვანი ჩემი უფროსი ბიჭის მდგომარეობაა. ლევანს მთელი ყურადღება მასზე აქვს გადატანილი, მე – პირიქით, ალექსანდრეს უფრო მეტ დროს ვუთმობ.

– გიორგის თავის მამასთან როგორი ურთიერთობა აქვს?

– არანაირი კონტაქტი არ აქვს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

– როგორი ბიჭია პატარა ალექსანდრე?

– მხიარული ბავშვია. მშვიდი ორსულობა მქონდა, რაც პირდაპირ აისახა მის ნერვებზე, უპრობლემო ბიჭია.

– მისმა დაბადებამ რა შეცვალა თქვენი და ლევანის ურთიერთობაში?

– ახლის შექმნა გვინდა. ბევრს ვშრომობთ, ძალიან ვიღლებით, მაგრამ დასვენებისთვის არ გვცალია. მივესალმები იმ წყვილებს, რომლებიც დასვენებას ახერხებენ. ჩვენ მებრძოლი მშობლები ვართ, ვცდილობთ რაღაცის შექმნას.

– რას გულისხმობთ?

– სანამ ლევანი ცოლად მომიყვანდა, მუხათწყაროში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ახლა წამოვიწყეთ მშენებლობა. ფიზიკურად თვითონ შრომობს, აკეთებს. ახლახან დავიწყეთ და ვნახოთ, როდის მოვრჩებით.

– გეგმავთ ოჯახში მატებას?

– რა თქმა უნდა. გოგო გვინდა, ოღონდ არ ვიცით, ეს როგორ უნდა დავგეგმოთ.

– მსახიობი კაცის ცოლობა არ არის რთული?

– ამას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. ლევანი რადგან მსახიობია, ძალიან აფასებს ჩემს პროფესიას. რომ ამბობენ, მსახიობებს ბოჰემური ცხოვრება აქვთო, მე ამას ვერ ვგრძნობ, არ მაწუხებს.

– ეჭვიანობა თქვენს ურთიერთობაში არ არის?

– როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებაში ეჭვიანობა არ არსებობს. ვერც კი წარმოგვიდგენია, ერთმანეთს ვაკადროთ ეჭვიანობა. ეს თემა დახურულია და ამაზე თავიდანვე ვიზრუნეთ. ერთიმეორეს ენას რომ შეაჩვევ და დასაშვებად ჩათვლი ამას, იქ უკვე ფუჭდება ურთიერთობა. ამის წარმოდგენაც არ მინდოდა და თავიდანვე დავაყენე საქმე ისე, რომ, როგორც კი ეჭვიანობაზე დავიწყებდით საუბარს, იქ დამთავრდებოდა ყველაფერი.

არ შევეთქვიფეთ, არ შევაჩვიეთ ერთმანეთს ენა, ამ თემაზე არასდროს ვეხუმრებით ერთიმეორეს. სიტყვა “ვინმე” ჩვენს ურთიერთობაში არც ხუმრობით თქმულა, არ ვუშვებთ ამას. ეს ორივეს დამსახურებაა.

– გათხოვებამ, ლევანის ცოლობამ რა შეცვალა თქვენს შეგრძნებებში, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში?

– ჩემი ცხოვრება ძალიან დასტაბილურდა. ყველაზე დიდი გრძნობა, რაც ქალს გააჩნია, არის ის, რომ მას ჰყავს პატრონი და იმედი, ვინც მასზე ზრუნავს და ჩემთვის ეს არის ლევანი. როცა ქმრის იმედი გაქვს, ქალისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ლევანი ყველაფერს მიგვარებს, ცხოვრება გამიმარტივა, ქალად ვგრძნობ თავს.

ისიც ამბობს, რომ ჩვენი ქორწინების მერე სხვა ადამიანი გახდა – სხვა ინტერესებით, სიმშვიდითა და ფსიქოლოგიური მდგომარეობით.

– ერთმანეთისგან რა ისწავლეთ?

– ლევანმა მასწავლა, უფრო დაკვირვებული ვიყო და არ ვიყო ისეთი გახსნილი, როგორიც უწინ ვიყავი. ადრე ყველგან ყველაფერს ვყვებოდი და ჩემი გულახდილობით ბევრ შეცდომას ვუშვებდი. ახლაც გულახდილი ვარ, მაგრამ მაშინ ზედმეტი მომდიოდა.

ჩემგან ისწავლა ის, რომ არ შეიძლება ყველაფერში ღრმად ჩაწვდომა და თეატრალიზება. პრობლემის მარტივად გადაჭრა შესაძლებელია. ისწავლა ის, რომ ერთდროულად 3-4 საქმის კეთება შესაძლებელია. სწრაფ რეჟიმში ცხოვრებას შევაჩვიე.

– სირთულეები გაიარეთ?

– ადაპტაცია გავიარეთ იმ ერთ წელიწადში, ვიდრე ოჯახს შევქმნიდით. ვისხედით და ერთმანეთს ვუყვებოდით საკუთარ თავზე. მეგობრობა ემოციებსა და გრძნობებში რომ გადაიზარდა, ერთმანეთის კარგად გაცნობა გადავწყვიტეთ. ლევანი თავის ნაკლზე მელაპარაკებოდა, მე – ჩემსაზე.

მეშინია იმის თქმის, რომ სირთულეები არ გვაქვს, რადგან ჯერ არც ისე დიდი ხნის ოჯახი გვაქვს. მეგონა, რაღაცები მაინც იჩენდა თავს, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა.

– როგორი ცოლი ხართ ქმრის შეფასებით?

– ლევანს რომ ჰკითხოთ, კარგი ცოლი ვარ, მაგრამ მე ვთვლი, რომ იდეალური ცოლი ყველაფერს თავად უნდა აკეთებდეს, შვილების მიხედვაც უნდა შეძლოს, საოჯახო საქმეებისაც. ოჯახს ყურადღებას ვაკლებ და კარიერას მეტ დროს ვუთმობ, ამიტომ არ მგონია, რომ განსაკუთრებული ცოლი ვარ. საუკეთესო ცოლობაზე კი ლაპარაკი ზედმეტია.

თავისუფალი დრო როცა მაქვს, ოჯახს ვახმარ. სულ მეჩქარება. ჩემი შვილები ისე იზრდებიან, სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ, ვერც ქმარს.

– ამის გამო არ გსაყვედურობთ ლევანი?

– სხვათა შორის, რამდენჯერმე გააპროტესტა, კვირაში ორ დღეს ითხოვს, რომ ოჯახს დავუთმო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. როცა სახლში ვარ, ან ტელეფონის ზარებს ვპასუხობ, ან ვმუშაობ.

– როდის პოულობთ დროს თავის მოვლისთვის?

– მაინცდამაინც ვერც თავს ვუვლი. მოწესრიგებული კი დავდივარ, მაგრამ ყველაფერს ჩქარა ვაკეთებ. კიდევ კარგი, რომ სწორი თმა მაქვს და სახლის პირობებში შემიძლია მოვლა, თორემ სალონში რომ მიწევდეს ყოველდღე სიარული, გავგიჟდებოდი. საკუთარი თავისთვის განსაკუთრებულს ვერაფერს ვაკეთებ.

 ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე