ირინა სარიშვილი: ,,არ უნდა გავგიჟდე და ბოლომდე ბრძოლა შევძლო, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე”

ირინა სარიშვილი: ,,არ უნდა გავგიჟდე და ბოლომდე ბრძოლა შევძლო, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე"ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა მის ცხოვრებაში რთული პერიოდია. ის პოლიტიკურ არენაზე იშვიათად რცება, ძირითად დროს შვილებთან, თავის დიდ ოჯახში ატარებს.

„ბავშვობაში, რაც ენა ამოვიდგი, იმის შემდეგ ამოჩემებული მქონდა – მე ვიცოდი ხეების, ფოთლების, ყვავილების, ჩიტების და მთვარის ენა, ვიცოდი და დამავიწყდა – ამას ვეუბნებოდი ყველას. ამ ნათქვამს ყურადღებას, რა თქმა უნდა, არავინ აქცევდა.

მერე წერა-კითხვა ვისწავლე და რაოდენ დიდი იყო ჩემი სიხარული, როცა “მერი პოპინსის” კითხვის დროს ზუსტად ეს წავიკითხე: პატარა ტყუპები როგორ ელაპარაკებიან ფოთლებს, ჩიტებს და მერე, პირველი აღუ-ს თქმიდან როგორ აღარ ახსოვთ არაფერი. უკვე “მერი პოპინსით” შეიარაღებული ვუმტკიცებდი ყველას – აი, ხო გეუბნებოდით, მართლა ვიცოდი, თქვენც იცოდით, ყველამ იცოდა და მერე ყველას დაგვავიწყდა-მეთქი. ყველაზე კარგ შემთხვევაში იცინოდნენ, მეც მომბეზრდა და მარტო ვფიქრობდი, აღარ ვამბობდი.

მას მერე ჩვევად მაქვს – როცა რაღაც განსაცდელი მაქვს, რაღაცაზე ვდარდობ ან უბრალოდ რამეს ველოდები და არ ვიცი, კარგი იქნება თუ ცუდი, ღამით და დილით ვუყურებ ცას, მთვარეს, მცენარეებს, ჩიტებს, ვამჩნევ ისეთ დეტალებს, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ მივაქცევდი ყურადღებას და დარწმუნებული ვარ, რომ მათ იციან, რა მელის და მეუბნებიან, უბრალოდ მე მათი ენა აღარ მახსოვს.
ასეა ახლაც. რაღაცას მეუბნება ბუნებიდან ყველაფერი, რასაც შევხედავ ან შევეხები და მე მხოლოდ ის დამრჩენია, დაველოდო და კარგს სიხარულით შევხვდე, ცუდს კი როგორც ფილმს, თავგადასავალს ისე შევხედო, რომ არ გავგიჟდე და ბოლომდე ბრძოლა შევძლო, მართლა ბოლომდე, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე.

მე დამავიწყდა ბუნების ენა, მაგრამ მჯერა, რომ მან ჩემი ფიქრი იცის და ესმის, როგორ ვეუბნები: ადრე თუ გვიან მე მოვალ შენთან”, – წერს ირინა სარიშვილი