დოდო გუგეშაშვილი: “დავინახე, რომ მკვლელს ჩემი შვილი ეწვინა სამზარეულოს იატაკზე და იარაღს თავში უმიზნებდა”

დოდო გუგეშაშვილი: "დავინახე, რომ მკვლელს ჩემი შვილი ეწვინა სამზარეულოს იატაკზე და იარაღს თავში უმიზნებდა"7 თებერვალს, დილით, საზოგადოებამ მძიმე ტრაგედიის შესახებ შეიტყო. თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზეთის ომის ვეტერანის, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, თავად დედა კი გულმკერდის არეში დაჭრეს.

დოდო გუგეშაშვილი და მისი ერთადერთი, 33 წლის ვაჟი მე-13 სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მკვლელი მათ დილის 10 საათისთვის ესტუმრა. იცოდა, რომ დედა-შვილი სახლში იყო. ჯერ დედას ესროლა, მერე შვილს დაუმიზნა. დაჭრილი დოდო სახლიდან გაიქცა, რომ მკვლელი მას დასდევნებოდა და შვილი გადარჩენილიყო, მაგრამ…

დოდო გუგეშაშვილმა მკვლელი ამ შემთხვევამდე დაახლოებით 10 თვით ადრე გაიცნო. ვინმე ზურა მას უკრაინიდან თურქეთში ქარვის გადასატანად დახმარებას სთხოვდა. აღმოჩნდა, რომ ზურა, რომლის გვარი გუგეშაშვილს არც უკითხავს, დედა-შვილის დასახოცად იყო მიგზავნილი…

შვილმკვდარი დედა, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, საქმის მასალებს და ექსპერტიზის დასკვნებს ეცნობა, ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. როგორც “სარკეს” უთხრა, მისი სიცოცხლე ნოდარის სიცოცხლესთან ერთად დასრულდა, მაგრამ, რადგან მაინც ცოცხალი დარჩა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მკვლელიც და შემკვეთიც გამოძიებამ იპოვოს. ის დარწმუნებულია, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.

– როგორ ხართ, ქალბატონო დოდო, როგორ უძლებთ შვილის არყოფნით გამოწვეულ ტკივილს?

– ქვად და რკინად ვარ ქცეული. რადგან დავრჩი, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გამოძიებასთან ერთად ვიპოვო მკვლელიც და შემკვეთიც. მერე კი ჩემი შვილის ოცნებები ავასრულო.

– რა ოცნებები ჰქონდა?

– ოცნებობდა, მოტოკლუბი ჰქონოდა. ასევე, უნდოდა გასართობი ცენტრი… მოტოკლუბი მისი ბოლო ოცნება იყო და მოტოციკლზე ბოლო ფოტო გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, 4 თებერვალს არის გადაღებული. ბათუმიდან გამომიგზავნა ეს ფოტო. თავის მეგობარ ბაიკერებთან იყო ჩასული. მოტოს ყიდვა უნდოდა და ესეც ოცნებად დარჩა…

მე და ჩემი შვილი ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ერთი მთლიანობა ვიყავით. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ჩემი თითოეული ამოსუნთქვა იცოდა და მეც ასევე. ეს იცის ყველამ, ვინც მე და ჩემს შვილს გვიცნობდა. ძმაკაცებიც ვიყავით და დედა-შვილიც… არც პატარაობაში შეუქმნია რაიმე პრობლემა და არც შემდგომ. ერთადერთი, მუდამ გვენატრებოდა ერთმანეთი ჩემი ცხოვრების წესის გამო.

ომში როცა ვიყავი, ცხონებული დედაჩემისგან ვიცი, რომ გადმოაღებინებდა ფოტოალბომს და ჩემს სურათებს ეფერებოდა. ფანატიკური სიყვარული ჰქონდა ჩემ მიმართ და არა მარტო ჩემ მიმართ.

მე და ჩემი ძმა აფხაზეთის ომში რომ ვიბრძოდით, დედაჩემი ცალი თვალით დაბრმავდა, მეორე თვალში კი სინათლე ჩემი პატიმრობის დროს წაერთვა. მოხუც, უსინათლო დედაჩემს ნოდარი უვლიდა. გარკვეული პერიოდი მძიმე ავადმყოფობა ჰქონდა დედას და ისე უვლიდა, მეც რომ ვერ შევძლებდი.

მე და ნოდარიკოს დღეში 10-ჯერ რომ გვენახა ერთმანეთი, 10-ჯერ გადავკოცნიდით და დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით ერთმანეთს, მიყვარხარ-თქო. როცა დათვრებოდა, ცრემლები მოსდიოდა და მეუბნებოდა, 110 წლისაც რომ გახდე და დამტოვო, მაშინ დამთავრდება ჩემი ცხოვრებაო. ყველა უყვარდა, კეთილშობილებით გამოირჩეოდა და ამის გამოც სულ შიშს ვგრძნობდი.

– ანუ ცუდი წინათგრძნობა გქონდათ?

– მუდმივი შიში მქონდა. იმდენად არაამქვეყნიური თვისებები ჰქონდა, რომ ეს მაშინებდა…

საბოლოოდ მოხდა ის, რომ მე დავრჩი. არადა ველოდი, რომ ჩემი შვილი დარჩებოდა და არა მე, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ორივე მოგვკლეს. მკვლელს და მკვლელობის დამკვეთს ჩემი ოჯახის ამოძირკვა ჰქონდა მიზნად.

– მკვლელმა პირველად თქვენ გესროლათ?

– დიახ. მესროლა პირდაპირ გულში. ტყვია გულის აორტას მილიმეტრნახევრით ასცდა. თვალებში რომ დამიბნელდა (ამ დროს ასე ხდება), რამდენიმე წამში ისევ მომივიდა თვალში სინათლე და დავინახე, რომ მკვლელს ჩემი შვილი ეწვინა სამზარეულოს იატაკზე, ჩემთან ახლოს და იარაღს თავში უმიზნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი ვიყავი, მკვლელი სკამით მოვაშორე ჩემს ბიჭს და გარეთ გამოვვარდი, რომ უკან გამომყოლოდა. თუ მას მხოლოდ ჩემი მოკვლა უნდოდა, ყველა ლოგიკით უნდა გამომყოლოდა…

დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 10 მარტს. ავტ.) ვნახე უმძიმესი ფოტოები. ვნახე იმიტომ, რომ უნდა მცოდნოდა ჩემი შვილის ამბავი. როგორც ჩანს, ჩემი შვილი მკვლელს შეება. მკვლელს გამართული იარაღი არ ჰქონდა კუსტარული მაყუჩის გამო, რადგან, საქმის მასალების მიხედვით, იატაკზე რამდენიმე გაუსროლელი მასრა ეგდო. ჩემს შვილს ერთადერთი სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული, ანუ ქილერი პროფესიონალი მკვლელი იყო, მაგრამ მას მთლად გამართული იარაღი არ ჰქონდა.

– როცა მკვლელს კარი გაუღეთ, თქვენი შვილი ამ დროს სად იყო?

– ეძინა. ვიყვირე, სახლში მკვლელია-მეთქი. ჩემს ყვირილზე და იარაღის ხმაზე გაეღვიძა და სამზარეულოში ჩემ საშველად გამოვარდა. რომ მესროლა და გამოვვარდი გარეთ, რამდენიმე სართული ჩავირბინე და, რომ მივხვდი, არ გამომყვა, ვეღარ მოვახერხე ზემოთ არბენა, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე და დაძაბუნებული ვიყავი. კიბეებზე მოდიოდა. მეზობლებს ვუთხარი, ეს არის მკვლელი-მეთქი, მაგრამ ჩაირბინა.

საქმის მასალების მიხედვით ჩანს, რომ მკვლელმა მეორედ მიმართა იარაღი ჩემი ვაჟისკენ და მან წინააღმდეგობა გაუწია. ტყვია ოთახის მეორე მხარეს არის გავარდნილი.

უმძიმესი მასალებია. ჩემს შვილს თავზეც აქვს დაზიანებები. მკვლელმა რომ ვეღარ გაისროლა, იარაღის ტარით დაუზიანა თავი. ეს არ იყო სასიკვდილო დაზიანება. სასიკვდილო იყო პროფესიონალის დონეზე ნასროლი ტყვია. ზუსტად პროფესიონალი მკვლელის ხელწერით არის მოკლული – ხორხი აქვს დაზიანებული და ტყვია გასულია საძილე არტერიაში.

ჩემი შვილი მკვლელზე გაცილებით დიდი იყო ტანით. იარაღმა აჯობა და იმ ერთმა ტყვიამ, თორემ ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო.

– რატომ ვერ დააკავეს აქამდე მკვლელი?

– დღეს დავიწყე ამ საქმის მასალების გაცნობა. ძალიან ბევრი სამუშაოა ჩატარებული და ჩასატარებელი. უამრავი ექსპერტიზის დასკვნაა დასადები. გამოძიება სერიოზულად მუშაობს, მაგრამ ვინაიდან მე არ ვიცი, ვინ არის და არც მისი გარეგნობის ზედმიწევნით აღწერა შემიძლია, გარდა იმისა, რომ ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, ეკეთა მხედველობის სათვალე, ეხურა კეპი და კეპზე წამოცმული ჰქონდა კაპიუშონი…

მანამდე ორჯერ ვნახე, მაგრამ იმდენად მახინჯი და უსახური იყო და არანაირი ნიშანიც არ გააჩნდა, რომლითაც შეგეძლო დაგემახსოვრებინა… სათვალით, კეპით და კაპიუშონით მოვიდა ჩემთან ჯერ კიდევ 6 თებერვალს. როგორც ჩანს, მაშინ ჰქონდა ეს ამბავი განზრახული, რადგან 6-შიც ეჭირა ზუსტად ის ყუთი, რომელიც მკვლელობის დღეს ჰქონდა და, როგორც ჩანს, ამ ყუთში იდო იარაღი.

– 6 თებერვალს რატომ ვერ მოახერხა სროლა?

– რომ მოვიდა, მე უკვე გარეთ გავდიოდი და ქვემოთ მანქანა მელოდებოდა. ვუთხარი, ქვემოთ მელოდებიან, მეგობარი საავადმყოფოში უნდა დავაწვინოთ-მეთქი. კარი ღია იყო, რომ მოვიდა. ერთად გავედით და ლიფტში რომ შევედით, სელფის გადაღება მთხოვა. მე უარი ვუთხარი. აშკარად უნდოდა, ეს ფოტო ვიღაცისთვის გადაეგზავნა, მაგრამ მაშინ ვერაფერს მივხვდი.

მერე მოიმიზეზა, თითქოს ხელთათმანი დარჩა ჩემთან სახლში. ამ მიზეზით ლიფტიდან გამოვიდა. როგორც ჩანს, დაელოდა, როდის წავიდოდი და მერე გამოვიდა სადარბაზოდან, რომ მათ არ დაენახათ, ვინც მანქანით მელოდებოდა. თან, იმ დღეს ვერ გაარკვია, იყო თუ არა ჩემი შვილი სახლში. მას კი თურმე ორივე ვჭირდებოდით.

7-ში კი დილაადრიან მოვიდა. ხალათით ვიყავი. გამიკვირდა ასე ადრე მისი მოსვლა. მოსვლიდან ორ წუთში კი შუქი ჩაქრა.

– ფიქრობთ, სხვაც ეხმარებოდა და დენი მან გათიშა?

– ამას არკვევს გამოძიება. შუქი რომ ჩაქრა, გამოვედი და ლიფტთან მივედი. სადარბაზოში რომ დენი ყოფილიყო, სენსორი აინთებოდა. 8 თებერვლამდე უნდა გადამეხადა გადასახადი და ვიფიქრე, მხოლოდ მე ჩამიჭრეს-მეთქი.

მკვლელმა კარში დამაწია სიტყვები, დენი ყველგან გამორთულიაო. ანუ მან დაზუსტებით იცოდა, რომ დენი არამხოლოდ ჩემთან იყო გამორთული. აღმოჩნდა, რომ ორი კვარტალი გაითიშა ზუსტად მაშინ, მაგრამ ამ მკვლელმა ეს დაზუსტებით იცოდა.

– კარს რატომ არ კეტავდით?

– თუ სახლში ვიყავი, დილიდან მოყოლებული 10-15 ადამიანი მაინც მაკითხავდა დღეში. ძირითადად ვეტერანები იყვნენ და სხვადასხვა პრობლემას განვიხილავდით. ამიტომ, ყოველ წუთში რომ არ დამეკეტა და გამეღო, ღიას ვტოვებდი. არავისგან არანაირ საშიშროებას არ ველოდებოდი. არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმე ისეთი მტერი მყოლოდა, ვინც ასეთ რამეს ჩაიდენდა.

მთელ ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, რომ მკვლელს მე მარტო სამჯერ ვყავდი ნანახი ჩემს სახლში და ორჯერ – ჩემი შვილი. რომელიმე ერთზე რომ ჰქონოდა კონკრეტული დავალება, თავისუფლად შეძლებდა მოკვლას, მაგრამ ორივე ვჭირდებოდით.

– სახლში თქვენს არყოფნაშიც რომ შედიოდა, ასეთ ახლობლად თვლიდა თავს?

– არა, ახლობლად არ ითვლებოდა. სახლში არ ვიყავი, ჩემმა ვაჟმა რომ დამირეკა, ასეთი და ასეთი ადამიანია მოსულიო. ვუთხარი, ახლა “დინამოს” სტადიონთან ვდგავარ და მოვიდეს, დაველოდები-მეთქი, მაგრამ არ მოვიდა.

მეორედ 5 თებერვალსაც მივიდა. მაშინაც მხოლოდ ჩემი ვაჟი იყო სახლში. ვუთხარი, დღეს გვიან მოვალ და ხვალისთვის დაიბარე-მეთქი. ისიც იცოდა, რომ იმ დღეს გვიან მივიდოდი სახლში.

ჩემი სახლი არ მაქვს, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მკვლელს თავისუფლად შეეძლო, რომ დამლოდებოდა ლიფტთან, ესროლა და წასულიყო, მაგრამ…

– ქარვის გადაზიდვაში უნდა დახმარებოდით თურმე.

– ეს მისგან მოგონილი ამბავი იყო. თითქოს ვიღაცას ქარვის შეძენა უნდოდა უკრაინაში, მაღაზიაში და დაცვის კერძო სამსახურით უნდოდა აეროპორტამდე მიტანა, რომ მერე თურქეთში წაეღო.

ეს ყველაფერი მოიგონა. ვითომ ამ ამბის გასარკვევად მოვიდა – ვიღაც მყავს, ვისაც უნდა, შეიძინოს ნაკეთობები და ქვა, მაგრამ ომია უკრაინაში და შეიძლება წაართვანო. მეც დავრეკე ჩემს სამეგობროსთან და გავარკვიე, რომ უკრაინაში იყო კერძო დაცვის “პარტნიორი ხელშეკრულება”. თურმე საათობრივად ფორმდება ხელშეკრულებები. ჩარიცხავდა იმ დაცვის სამსახურზე ოფიციალურად თანხას და ისინი უზრუნველყოფდნენ აეროპორტამდე მის უსაფრთხოდ მიტანას.

– თქვენს უკრაინაში ყოფნას დაუკავშირეს მკვლელობის ამბავი – პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა და უკრაინელ მებრძოლებს ამზადებდა, ამიტომაც უნდოდათ მისი მოშორებაო.

– არანაირად არ უკავშირდება ეს ამბავი უკრაინას. მე უკრაინაში მხოლოდ მეგობრები მყავს და არა – მტრები.

– მხედრიონელი ქალი ბრძანდებით. მტერი ალბათ მაშინ შეიძინეთ, როცა მხედრიონი საბრძოლო ქმედებებში იყო ჩართული.

– თუ სამოქალაქო ომი გაქვთ მხედველობაში, მაშინ, სამწუხაროდ, ორივე მხარე ერთმანეთს ვესროდით, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მე ვინმეს ანგარიში პირადად გავუსწორე. ორივე მხარეს ქართველები იდგნენ, მაგრამ შეტაკებების დროს სახელით და გვარით არავინ ფიქსირდებოდა. ასე რომ, ვერავინ იტყვის, ვინმეს ანგარიში გავუსწორე ან ვინმე ჩემი მიზეზით დავაზარალე. მსგავსი არაფერი მომხდარა.

– სოფელ დარჩელის გადაწვას გაბრალებდნენ.

– დიახ, მაბრალებდნენ და მორჩა! სხვათა შორის, მკვლელობის წინა დღეებში ჩემმა ვაჟმა იპოვა ის გაზეთები, სადაც სასამართლო პროცესებიდან იყო მასალები დაბეჭდილი. მსგავსი არაფერი დადასტურებულა.

ერთადერთი ქალი მადებდა ხელს, რომელიც 75 წელს გადაცილებული იყო, ვინმე მარუსია ჭურღულია. რუსი ეროვნების იყო და ქართველი ჭურღულიას ქვრივი გახლდათ. კარგად ვერც ხედავდა და თქვა, დაბალმა და მსუქანმა ქალმა გასცა ამ სოფლის გადაწვის განკარგულებაო. ეს აღწერილობა ჩემს გარეგნობას არანაირად შეეფერებოდა. სოფლის 87 მოსახლე დაკითხეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არ ვუნახივარ.

ყველაზე მთავარი მთელ ამ ამბავში ის არის, რომ დარჩელში ორი ბიჭი ცოცხლად დაწვეს. ორი გადაურჩა დაწვას, რადგან თავი მოიმკვდარუნეს. ამ მკვლელებზე საქმე აღძრულიც არ არის.

თუ გამოძიებას უნდოდა გაერკვია, ვინ გადაწვა მაშინ დარჩელი, გაარკვევდა კიდეც, მაგრამ გამოძიებას უნდოდა, ხელები ჩვენთვის შეეწმინდა. სამწუხაროდ, ჩემი შვილის სიცოცხლეში ვერ მოვასწარი ამ მასალების გამოქვეყნება და ძალიან მალე გამოვაქვეყნებ იმას, რაც ჩემი სასამართლო პროცესიდან ყოველდღიურად იწერებოდა მაშინდელ გაზეთებში.

– საკუთარი ბინა რატომ არ გაქვთ?

– ბანკის ვალი ვეღარ გადავიხადეთ. იმ დღეს, როცა სახლის დაცლა მოგვიწია, ჩემი უსინათლო დედა გარდაიცვალა. ვერ ხედავდა და არც ჩვენ გვითქვამს რამე, მაგრამ იგრძნო, რაც ხდებოდა და ინფარქტმა დაარტყა.

ვინმე კოლიაშვილების ხუშტურის გამო დავკარგეთ სახლი. 2008 წლის მერე ყველა ნორმალურ ქვეყანაში ბანკის პროცენტი უნდა გაჩერებულიყო და არ გაზრდილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს კი იმ სახლში გალაღებულად ცხოვრობს სოხუმიდან დევნილი არანაომარი ხალხი, ვინმე კოლიაშვილები.

ამ კოლიაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრი მიშა სააკაშვილის პოლიციის თანამშრომელი იყო. მე 2008 წლის ომის მონაწილეც ვარ და, წესით, ბანკს პროცენტი უნდა გაეჩერებინა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, მაგრამ პირიქით მოხდა. კოლიაშვილები მაქსიმალურად მოკლე ვადაში ითხოვდნენ ბინის დაცლას. პატარა ბინა გვქონდა დიღმის მასივში…

მერე ქირით ვიყავით და მეგობრები გვეხმარებოდნენ მეც და ჩემს შვილსაც. ნოდარიკო ძალიან შემოქმედებითი ბიჭი იყო. მეგობრებს ეხმარებოდა ბავშვთა გასართობი ცენტრის ორგანიზებაში. კარგი ორგანიზატორული ნიჭი ჰქონდა და ძალიან უყვარდა ბავშვები.

– შეყვარებულიც ჰყოლია.

– დიახ, საცოლე ჰყავდა. არაჩვეულებრივი გოგოა, შვილივით მიყვარდა და მიყვარს. ჩვენი მატერიალური პირობების გამო ვერ მოახერხეს დაოჯახება. ხომ არის ხოლმე, დედებს რომ არ მოსწონთ სარძლო, მე კი ამ გოგოზე სულ ვამბობდი, ჩემი გოგოა-მეთქი, ძალიან მომწონდა. ისეთი იყო, როგორიც მეც მინდოდა. სამწუხაროდ, ისიც ამ ტკივილთან ერთად დარჩა.

ჩემი ვაჟი ჩემს მეგობრებს ესიზმრებათ. სამხედრო ჟურნალისტმა, ნარგიზა ლომთაძემ, 3 მარტს დილაადრიან დამირეკა და მითხრა, ნოდარი დამესიზმრა და მითხრა, ჩემს ლამაზ დედიკოს დაურეკე და მიულოცე ჩემგან დედის დღე, უთხარი, ძალიან ნუ განიცდის, მე კარგად ვარ, უფალთან ვარო. ჩემს სხვა მეგობრებსაც ესიზმრებათ, მაგრამ მე – არა.

– თქვენი შვილის მამაზე რას გვეტყოდით?

– ჩემს შვილს ჰყავს არაჩვეულებრივი მამა, ვაჟკაცი და ძალიან კარგი ადამიანია. ერთად რომ არ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

 რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე