დალი მამასახლისი: “რომ ჩამოვიდე, ჩემი ინვალიდი შვილის მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?” – 62 წლის ქართველი ქალი საბერძნეთიდან 3 შვილს, 5 შვილიშვილს და 1 შვილთაშვილს ინახავს

დალი მამასახლისი: "რომ ჩამოვიდე, ჩემი ინვალიდი შვილის მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?" - 62 წლის ქართველი ქალი საბერძნეთიდან 3 შვილს, 5 შვილიშვილს და 1 შვილთაშვილს ინახავსდალი მამასახლისი 48 წლის იყო, როცა მისთვის მძიმე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მაშინ ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ 5 წელი დარჩებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ისევ უცხო მიწაზეა, თუმცა იქაურები თავისიანებივით შეიყვარა.

62 წლის დალი ქალაქ არტაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში სამი შვილი ჰყავს დატოვებული, აქედან ორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. თავისი შვილების მონატრებას სხვისი შვილების მოვლითა და სიყვარულით იკლავს.

დალი მამასახლისი:

– საქართველოში ფინანსური პრობლემები რომ დაიწყო, ჩემი ახლობლები საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. მე მაშინ არც მიფიქრია ქვეყნის დატოვება, რადგან ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ჩემი დეიდაშვილია და ის მეხმარებოდა. თამაზი იხდიდა ჩემი შვილების სწავლის ფულს. ოპერაცია დამჭირდა და იმის ფულიც მან გადაიხადა.

მერე მასაც პრობლემები შეექმნა, რადგან ყველა მთავრობა ებრძოდა. შევარდნაძის დროს შევარდნაძის ძმისშვილმა წაართვა ბიზნესი, მერე მოვიდა სააკაშვილი, ბიზნესიც წაართვა და დააპატიმრა.

პედაგოგი ვარ – დაწყებითი კლასების სწავლება და ფსიქოლოგია მაქვს დამთავრებული. საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. ერთი შვილი დაბადებიდან ინვალიდი მყავს, ცერებრალური დამბლა აქვს. ახლა ჩემი მეორე შვილიც ინვალიდია – ფსორიაზისა და სახსრების სინდრომითაა დაავადებული.

მესამე შვილს ქმარი გარდაეცვალა. სამი შვილის დედაა. ორი სტუდენტი ჰყავს, ერთი კი სკოლაში სწავლობს. არანაირი დახმარება არ აქვს, როგორც მარტოხელა დედას. მუშაობა რამდენჯერმე დაიწყო, მაგრამ 200-300 ლარზე მეტი ანაზღაურება არ ჰქონია, რაც გზის ფულად არ ჰყოფნიდა…

როგორ დავბრუნდე?! ამიტომაც გამიგრძელდა აქ ყოფნა. ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართე ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია.

– რას ითხოვდით?

– ემიგრანტების დაბრუნების შემთხვევაში ან ფონდი თუ არსებობს, ან რაიმე სახის პროგრამა, რომ ჩამრთონ და მანდ დაბრუნებულმა რაღაც ვაკეთო. აქ აღარ შემიძლია, დავიღალე, 62 წლის ვარ.

– მძიმე პირობებში გიწევთ ყოფნა?

– არა, გადასარევ ოჯახში ვარ 14 წელია. როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს თავიდანვე. ახლა ოჯახის უფროსი ვარ. თვითონ მუშაობენ, მაგრამ მე მემორჩილება ყველა და მე განვაგებ ყველაფერს.

ბავშვები მეც სიგიჟემდე მიყვარს და მათაც ვუყვარვარ. როცა შემოვლენ სახლში, უნდა ნახოთ, როგორ მეძებენ თვალებით. ეს სიყვარული მაძლებინებს აქ, მაგრამ სამშობლოს, შვილებისა და შვილიშვილების გარეშე ყოფნა ძალიან რთულია.

ძლიერი ვიყავი და ვარ. გარეგნულად ვერავინ მამჩნევს, რომ ამხელა ტკივილს ვატარებ. არ მინდა, ვინმეს შევეცოდო. ემიგრანტობამ ძალიან დამასუსტა. ღიმილისა და ხუმრობის უნარი დავკარგე.

– ქმარი არ გყავთ?

– მყავს. ვერ გაძლო უჩემოდ და ჩამოვიდა. ახლაც აქ არის, მაგრამ ერთ სახლში არ ვცხოვრობთ. თავიდან 20-მდე ქართველმა ვიქირავეთ ბინა, სადაც დასვენების დღეებში ვიკრიბებოდით, ქართულ პურმარილს ვმართავდით. მერე ზოგი წავიდა და ჩემი ქმარი იმ სახლში კიდევ რამდენიმე ქართველთან ერთად ცხოვრობს.

იქ გვაქვს პატარა ეზო, მოგვყავს ბოსტნეული. საქართველოს მიწა სულ სხვაა. მანდ სულ სხვა სურნელი აქვს ყვავილს და სხვა გემო – ბოსტნეულს…

ამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში, ისიც მაშინ, როცა ჩემი ინვალიდი შვილი ძალიან ცუდად იყო და ექიმები მისი გადარჩენის 1%-იან იმედსაც ვერ იძლეოდნენ. ჯერ ნაღველი ამოუღეს და მერე გაჟონვის გამო სისხლი მოეწამლა, ღვიძლი დაუზიანდა. მთელი თვე რეანიმაციაში იწვა, ერთი დღე 900 ლარი ჯდებოდა.

თამაზ ელიზბარაშვილიც მეხმარებოდა და სხვა ნათესავებიც. აქედანაც ფულს მიგზავნიდა ეს ოჯახი. 11 ათასი ევრო დაჯდა 3 ოპერაცია და ჩემი შვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

3.500 ევრო გადაიხადა ამ ოჯახმა, რომ მე უკან დავბრუნებულიყავი. 5 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი მყავს. ამ ოჯახმა შვილიშვილები სამჯერ მოიწვია და ჩემთან იყვნენ. ამ ზაფხულს შვილთაშვილიც ჩამომიყვანეს.

რასაც ვიღებ, მთლიანად ვაგზავნი საქართველოში. ჩემს შვილებს უამრავი წამალი სჭირდებათ, სხვანაირად ვერ იცოცხლებენ. ჩემს ყველა ხარჯს ეს ოჯახი ცალკე ანაზღაურებს.

– თქვენს შვილს, რომელიც შშმ პირია, დედა ალბათ ძალიან სჭირდება გვერდით.

– დიახ, ძალიან ვენატრები. მეხვეწება, მეც წამიყვანე მანდო. დები თავს ევლებიან, მაგრამ დედის სითბო და ჩახუტება ალბათ სულ სხვაა. მეც უზომოდ მენატრება. რომ ჩამოვიდე, მისი მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?!

მიწის ნაკვეთი მაქვს ბორჯომში და ასევე – თბილისიდან 30 კილომეტრის დაშორებით. ბორჯომში მიწა იმისთვის ვიყიდე, რომ დავბრუნდებოდი, შემოსავლის წყარო მქონოდა. მინდა, ამ ადგილებში რაღაც ჩავდგა და ცოტა შემოსავალი მქონდეს… მეცხოველეობას ან მეფრინველეობას მივყო ხელი, მაგრამ მანდ არ არსებობს შეღავათიანი სესხი. 5 წელი ვიხადე ბორჯომის მიწის თანხა ბანკში, გამიჭირდა ძალიან. ახლა ვითხოვ შეღავათიან სესხს, მაგრამ…

ჩემი შვილიშვილები გაიზარდნენ და ბევრად მეტი რამ უნდათ. ჩემი ხელფასი ისედაც არ ჰყოფნით. სად ჩამოვიდე, როგორ ჩამოვიდე?!

– საბერძნეთში ცხოვრების რა დონეა, რა გარემოა?

– ჩემი შვილიშვილები რომ იყვნენ ჩამოსული, გაუკვირდათ, ხალხი ქუჩაში გაღიმებული დადის, მადლობას გიხდიან, რომ მათ მაღაზიაში შეხვედიო.

ვისურვებდი, საქართველოშიც ასეთი სითბო და სიყვარული იყოს. ამ 14 წლის განმავლობაში 14 ზაფხული საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულზე მაქვს გატარებული ბავშვებთან ერთად.

– სხვა ქართველები როგორ ცხოვრობენ მანდ?

– აქ არც ერთ ქართველს შევურცხვენივარ. ძალიან კარგი სახელი გვაქვს ამ პატარა ქალაქში და სულ მთხოვენ, ქართველი მოვუძებნო, რომ ოჯახში შეიყვანონ. სხვაგან რომ ქურდობენ და ერთ ამბავში არიან, გამიგია, მაგრამ აქ ასეთი რამ არ ხდება.

თავიდან რომ ჩამოვედი, პირველი 10 თვე კრიზისული იყო და ღმერთმა ნუ გამოაცდევინოს ის შეგრძნება ნურცერთ ქართველს! აქ დარდმა და შოკმა ლექსების წერაც დამაწყებინა.

აქ რომ ჩამოვედი, არც “ფეისბუქი” იყო და მობილურიც ფუფუნების საგანი გახლდათ. მაშინ წერამ და ამ ბერძნულმა ოჯახმა გადამარჩინა – არ მაძლევდნენ საშუალებას, დარდს მივცემოდი.

სხვათა შორის, ჟურნალი “სარკე” ერთადერთი იყო, რომელსაც აქაც კი არ ვტოვებდი წაუკითხავს. შვილები მიგზავნიდნენ საქართველოდან. შემდეგ ათენშიც შემოჰქონდათ და ათენიდან მიგზავნიდნენ ნაცნობები. ასე რომ, მიგულეთ თქვენს ერთგულ მკითხველად.

კრიზისი, ღვთის წყალობით, დავძლიე. ოცნება კი ოცნებად დამრჩა – დავბრუნდე ჩემს შვილებთან.

 რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე