სოფო ბედია: “სამჯერ ვიყავი ორსულად და არც ერთი დასრულდა კარგად”

სოფო ბედია: "სამჯერ ვიყავი ორსულად და არც ერთი დასრულდა კარგად"მომღერალი სოფო ბედია 10 წელი მღეროდა რესტორნის სცენაზე, 5 თვის წინ კი ამ საქმეს თავი დაანება. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან სურს, მისი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრება სხვა ეტაპზე გადავიდეს. მან ახალი საქმიანობა წამოიწყო, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია, პირიქით, ამ მხრივ გააქტიურდა. ოჯახური ცხოვრებისთვისაც მეტი დრო გამოუთავისუფლდა და ის და მისი ქმარი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი მიშა მესხი, დიდი იმედით ელოდებიან, როდის აუსრულებს ღმერთი სანუკვარ ნატვრას.

– სოფო, რა ხდება თქვენს შემოქმედებაში, მუშაობთ ახალ სიმღერებზე?

– ვემზადები ახალი ვიდეორგოლის გადასაღებად, ასევე ჩავწერე ახალი სიმღერა, რომელიც მამაჩემის ხსოვნას ეძღვნება. კლიპს სწორედ ამ სიმღერაზე ვიღებ. ვიდეორგოლი სოციალური თემატიკის იქნება, სადაც აღვწერთ მამა-შვილის ურთიერთობას. მე და მამას განსაკუთრებული მამაშვილობა გვქონდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს მომღერალი ვარ. ის არაჩვეულებრივად მღეროდა. სიმღერის ნიჭი მისგან მერგო.

მამა 13 წლის წინ, ივლისში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, კლიპის პრეზენტაციას ივლისში გავაკეთებ. ეს იქნება ჩემთვის პირველი სოლო ვიდეოკლიპი. სიმღერის ავტორი გახლავთ ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი.

– ძალიან სენსიტიური თემა აირჩიეთ – მამაშვილობა. სევდიანი სიმღერა იქნება.

– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან მხიარული ვარ. ეკრანზე მეტად სერიოზული, გაწონასწორებული ვჩანვარ, არადა იუმორით აღსავსე, მხიარული გოგო ვარ. ჩემი სიმღერები კი სევდასთან უფრო არის ახლოს. ასეთი სიმღერები უფრო კარგად გამომდის, მაგრამ რეპერტუარში მაქვს მხიარულიც. სიმღერის მხრივ, შინაგანად უფრო სევდიანი ქალი ვარ, სევდა უფრო მეტია ჩემში, ვიდრე მხიარულება.

– წლების განმავლობაში რესტორანში მღეროდით. რატომ წამოხვედით იქიდან?

– 5 თვის წინ დასრულდა ეს ეტაპი. ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ფიქრობ, რომ ეს საქმე აღარ გინდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერას თავი დავანებე.

რესტორანში 10 წელი ვიმუშავე და, დღეს თუ რამე გამაჩნია, სწორედ ამ სამსახურის წყალობით. მთელი ჩემი ენერგია და შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, დიდი გამოცდილება მივიღე, სულ ფორმაში ვიყავი, ყოველდღე ვმღეროდი.

არასდროს მეთაკილებოდა რესტორანში სიმღერა. ჩემთვის ყველანაირი შრომა დასაფასებელია, მაგრამ დროა ტაიმ აუტის. ვისურვებდი, რომ რესტორანს სისტემატურად არც აღარასდროს დავუბრუნდე. გავხსენი ჩემი საბავშვო სტუდია. ძალიან კმაყოფილი ვარ, ნიჭიერი ბავშვები მყავს. კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შევიძინე ამ სტუდიის სახით.

მომწონს პედაგოგობა. ყოველთვის მინდოდა, ბავშვებისთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. მინდა, მომავალი თაობა ქართულ სიმღერაზე გავზარდო, მაგრამ ქავერებსაც ვასწავლი.

– მას მერე, რაც რესტორნიდან წამოხვედით, მეტი დრო გრჩებათ ოჯახისთვის?

– რა თქმა უნდა. ესეც მთავარი ფაქტორი იყო, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ის რეჟიმი ოჯახს მაშორებდა, შვილთან, ნიკუშასთან, ფაქტობრივად ძალიან ცოტა დროს ვატარებდი. როცა ის მოდიოდა სკოლიდან, მე სამსახურში გავრბოდი, როცა შინ ვბრუნდებოდი, ნიკუშას ეძინა. ბებო მეხმარებოდა მის გაზრდაში.

“ჯეოსტარში” როცა გამოვჩნდი, ნიკა პატარა იყო. მერე ჩაწერები დაემთხვა, ერთი, მეორე სამსახური, პლუს გასტროლები… საკმაოდ რთული რეჟიმი მქონდა. ძლიერ ქალად ჩამოვყალიბდი. ბავშვს ბევრი რამ სჭირდებოდა, რაც საკუთარ თავზე ავიღე. რაც მე ბავშვობაში მაკლდა, მინდოდა, ნიკუშას ჰქონოდა.

ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ნიკუშას სახლიც ჰქონოდა, საჭმელიც, ჩასაცმელიც და ტკბილეულიც. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი საკამოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, ამიტომ თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ შვილი სრულფასოვნად გამეზარდა.

ახლა ძლიერი საყრდენი მყავს მიშას სახით და, როგორც ქალი, მოვეშვი, კაცური პასუხისმგებლობებით აღარ ვცხოვრობ, როგორც უწინ. ისეთი ადამიანი მყავს გვერდით, რომ წავიქცე, შემეხიდება, გამაძლიერებს სიტყვით, გაგებით. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უფრო მოთხოვნადი, წარმატებული ვიყო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

არ არის ადვილი მომღერლის ქმრობა და ბედნიერი ვარ, რომ მიშა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ჩემისთანა ძლიერ ქალს უფრო მიმაგრებს მხარს. მიშა ჩემს პიროვნებას მიესადაგება, ერთნაირი ჭკუის ვართ.

– რა ფაზაში გადავიდა თქვენი ცოლქმრობა?

– მე-5 წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. იანვარში ცოლქმრობის 3 წელი შეგვისრულდა და ყოველდღიურად უფრო გვიყვარს ერთმანეთი.

ბედნიერი ვარ, რომ მიშა ავირჩიე. ძალიან მაგარი ქმარი მყავს, ძალიან ვუყვარვარ და მიფრთხილდება. იუმორით, ურთიერთგაგებით ვავსებთ ერთმანეთს. შეიძლება 5 წელი ძალიან ცოტ დროდ ეჩვენებოდეს ვინმეს, მაგრამ არც ისე ცოტაა იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთი გადაიყვარონ ან გადაეჩვიონ. ჩვენ ერთად ყოფნა არ გვწყინდება. წლების შემდეგ კი ბევრ წყვილს ეს ყველაფერი ენატრება.

– კონცერტებიდან, საღამოებიდან გაქვთ შემოთავაზებები?

– ბევრი შემოთავაზება მაქვს, უბრალოდ სისტემატური სამსახური აღარ შემიძლია. უარს არ ვამბობ ივენთზე, ქორწილზე, სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე, რადგან მხოლოდ სტუდიის შემოსავლით თავს ვერ გავიტან.

– ახლა გაორმაგდებოდა კითხვები, შვილი როდის უნდა გააჩინოო.

– ასეა, რაც ძალიან მაღიზიანებს. მეც და მიშასაც ძალიან გვიყვარს ბავშვები. მიშა დიდი ბავშვივითაა, ყველა პატარას უნდება მასთან თამაში. ძალიან გვინდა, გვყავდეს საერთო შვილი.

ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, რადგან სამჯერ ვიყავი ორსულად და არც ერთი დასრულდა კარგად, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საერთო შვილი აუცილებლად გვეყოლება.

ნიკუშა სულ მეუბნება, რომ და ან ძმა გავუჩინო. მიშას და ნიკუშას აქვთ ძმაკაცური ურთიერთობა, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ბიჭისთვის რთულია, როცა ბიოლოგიური მამა არ არის შენ გვერდით და უცებ შენს ცხოვრებაში შემოდის სხვა ადამიანი. რა თქმა უნდა, მან მამობა უნდა გაგიწიოს.

ნიკუშას არავინ ეუბნება, მიშა მამასავით უყვარდეს, ისიც მაკმაყოფილებს, რომ კარგი ურთიერთობა აქვთ, ეფერებიან ერთმანეთს, ძმაკაცობენ, საოცრად თამაშობენ. ჩემი შვილის სახეზე რომ ღიმილს ვხედავ, ეს ბედნიერებას მანიჭებს. მართლა იდეალური ურთიერთობა აქვთ და ღმერთმა დალოცოს ეს ურთიერთობა. თვალი არ გვეცეს, ჯვარი გვწერია!

– ხშირად ხართ დიეტაზე. გურმანი ხართ და იმიტომ?

– ძალიან გურმანი ვარ, ვერიდები ღამით ჭამას, მაგრამ ხანდახან მიწევს. თუ 2-3 კილოს მოვიმატებ, ერთკვირიანი დიეტით ვიკლებ. ახლა 3 კილოგრამი დავიკელი, რაც საგრძნობლად მეტყობა. უცხო ხალხი რომ მხედავს, მეუბნება, ეკრანზე დიდი ჩანხარ, არადა რეალურ ცხოვრებაში როგორი გამხდარი ყოფილხარო.

– რას დაარქმევდით თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს?

– ბედნიერებას. უბრალოდ, სრულყოფილ ბედნიერებას საერთო შვილი აკლია.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე