,,სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად შახტაში უნდა ვიმუშაოო” – 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი სამ შვილს და დედ-მამას საკუთარი შრომით ინახავდა

,,სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად შახტაში უნდა ვიმუშაოო" - 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი სამ შვილს და დედ-მამას საკუთარი შრომით ინახავდატყიბულში, მინდელის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიას ექვსი მაღაროელი ემსხვერპლა, სამმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
 დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილია.  ის 400 მეტრის სიღრმეზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი მაღაროელის ხელფასით 3 პატარა შვილსა და დედ-მამის შენახვას ვეღარ ახერხებდა, გამოსავალს უცხოეთში სამუშაოდ გამგზავრებაში ხედავდა.
– გიოს გამორჩეულობაზე ლაპარაკის მერიდება, არადა მართლა უსაყვარლესი ბიჭი იყო. გიორგის მამაც ძველი მაღაროელია, მან 30 წელი იმუშავა მაღაროში და სწორედ ამის გამო დაინვალიდდა; მამას შვილის მიწისქვეშ ჩაშვება არ უნდოდა – მე რა გავაკეთე, შენ რომ არ ჩახვიდე მიწაშიო, მაგრამ გიორგიმ 20 წლის ასაკში შეირთო ცოლი და აიჩემა, მე უკვე ოჯახი მყავს, სხვა სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად უნდა ვიმუშაოო…
მერე ისე მოხდა, რომ გიორგიმ და მისმა ცოლმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და გოგონა მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. გიორგიმ შესთავაზა, შენ თუ შვილის გაზრდას ვერ შეძლებ, კარგად დაფიქრდი, ბავშვს მე დავიტოვებ და გავზრდიო.
მოკლედ, გიორგიმ შვილი დაიტოვა და წლინახევრის შემდეგ ხელახლა დაქორწინდა. საოცრად კარგი გოგონა მოიყვანა ცოლად – ჭკვიანი, თბილი და ადამიანური. ბავშვი უკვე 6 წლის არის, საკუთარივით ზრდის. წყვილს კიდევ ორი შვილი შეეძინა, ერთი ახლა ორწლინახევრის არის, ერთიც – მხოლოდ წლის. გიორგი ამ სამ ბავშვს და დედ-მამას თავისი ხელფასით ინახავდა, – შვილი ხომ კარგი იყო, მამაც სოცარად მოსიყვარულე და თბილი გამოდგა. ახლა კი ამ ოჯახმა ერთადერთი მარჩენალი დაკარგა, რომელმაც მხოლოდ 27 წელი იცოცხლა ამქვეყნად. ამ უბედურებით აღარ ვართ…
ამ დროს კი ადმიანისტრაცია გაიძახის, ჩვენი ბრალი არაფერი ყოფილაო. განა შეიძლება შახტი წელიწადში ორჯერ ინგრეოდეს? ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ამ შახტში 4 ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. მათ ის ურჩევნიათ, იმაზე იფიქრონ, გიორგის სამ პატარს როგორ დაეხმარონ, – აცხადებს დაღუპულის ახლობელი.
 „კვირის პალიტრა”