ჟურნალისტი ქალი პოლიტიკოს ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებას აბრალებს

ჟურნალისტი ქალი პოლიტიკოს ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებას აბრალებსთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დავას, რომლის მთავარი ფიგურანტი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსია.

სასამართლოს საჩივრით ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა მას ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ კარგად იცნობენ.

ქალმა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, სასამართლოს საჩივრით პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის წინააღმდეგ მიმართა და დამცავი ორედრის გამოწერას ითხოვს.

მაჭუტაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში გუშინ პირველი პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნანა აფციაური განიხილავს. პროცესს ესწრებოდნენ, როგორც მომჩივანი და მისი ადვოკატი, ასევე ნიკა მაჭუტაძე და მისი ინტერესების დამცველები.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში პირადი ცხოვრების დეტალები ფიგურირებს მომჩივანის შუამდგომლობით, პროცესი დაიხურა, თუმცა მალევე მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა საერთოდ გადაიდო. ამის მიზეზი ერთ-ერთი მოწმის დაკითხვა გახდა, რომელიც პროცესზე ვერ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენ ნიკა მაჭუტაძეს ვკითხეთ, იზიარებს თუ არა მომჩივანის ბრალდებებს და რატომ დადგა დღის წესრიგში დამცავი ორდერის გამოწერა. და აი რა გვიპასუხა მაჭუტაძემ:

– წარმოდგენა არ მაქვს რას ითხოვს. ჩვენ გვქონდა ბრწყინვალე და ჰარმონიული ურთიერთობები. რა მიზანს ისახავს, ჩემთვის უცნობია.

– და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის შევიწროებასა და შანტაჟში გდებთ ბრალს… ასეა?

– მე არ ვიცი. შეგიძლიათ ჩემს ადვოკატებს გაესაუბროთ. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს არ არის დასაბუთებული პრეტენზიები.

– მაშინ, რატომ ითხოვს დამცავ ორდერს?

– ამას გამოაჩენს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. მე არ დამირღვევია კანონი, არ შემილახია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

„პრაიმტაიმს“ სურდა, თავად მომჩივან ქალთან გასაუბრებაც, თუმცა მისი ადვოკატის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არ სურს საჯარო გახადოს საქმეში ასრებული პირადი ცხოვრების დეტალები. სწორედ ამ მოტივით, მოსამართლე ნანა აფციაურს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართეს.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გარდა, აღნიშნულმა პიროვნებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა ნიკა მაჭუტაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. დაზარალებულის ინფორმაციით, მაჭუტაძე მას აშანტაჟებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქის საჩივრის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც „პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, ან გავრცელებას“ გულისხმობს.

ნიკა მაჭუტაძე აქტიურ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი მაჭუტაძე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მაჭუტაძე არ გახლავთ ერთადერთი, რომელსაც ბოლო პერიოდში სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მანამდე მსგავსი ბრალდება წაუყენეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს და ასევე საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს. ორივე მათგანმა აგორებული სკანდალის შემდეგ თანამდებობები დატოვეს, თუმცა ბრალდებებს დღემდე უარყოფენ. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ნიკა მაჭუტაძის საქმით ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამ დრომდე არ დაინტერესებულან, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ქალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის აღძვრის მოთხოვნით ჯერ კიდევ 25 იანვარს მიმართა.

პრაიმტაიმი