“მას თავის დროზე მე ვუღალატე, ახლა კი ცოლიც ღალატობს”

"მას თავის დროზე მე ვუღალატე, ახლა კი ცოლიც ღალატობს"ღალატი უდიდესი ტკივილია, რომელსაც ადამიანი სულიერ განადგურებამდე მიჰყავს, ანგრევს მის შინაგან სამყაროს. ჩვენი რესპონდენტისთვის ეს განცდა ძალიან ახლობელია, საყვარელი მამაკაცის ღალატმა კინაღამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. ახლა კი მისი მეგობარია განსაცდელში და სურს, ოჯახი გადაურჩინოს, მაგრამ არ იცის, როგორ, მისი ცოლი ღალატის გზიდან სწორ გზაზე როგორ დააბრუნოს.

საიდან აქვს ანასტასიას ამხელა განცდები ან მეგობრის მიმართ ამგვარი თავდადება? ამას თავადვე განმარტავს.

ანასტასია:

– მე და უტას ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარდა, მაგრამ ადამიანებს, წლების მატებასთან ერთად, ხშირად გემოვნებაც ეცვლებათ და დამოკიდებულებებიც. მეც ეს დამემართა.

ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ წესიერებით გამორჩეული უტა ჩემთვის უინტერესო გახდა. ჩემი ყურადღება სხვა ბიჭმა მიიპყრო, რომელსაც შევუყვარდი. აჩიკო ერქვა. უტასგან რადიკალურად განსხვავებული გახლდათ როგორც ფიზიკურად, ისე თვისებებით. თავისუფალი ბუნების, თავგადასავლების მქონე ბიჭი იყო, ქუჩური ცხოვრებისკენ ჰქონდა მიდრეკილება.

დამაინტერესა და ბოლოს გადამიბირა კიდეც. ვერც კი მივხვდი, რა დამემართა. გრძნობამ გამიტაცა, ცაში დავფრინავდი. უტასთვის არაფერი ამიხსნია, მის მიმართ გავცივდი. არაფრად მიმაჩნდა მისი განცდები, თითქოს რამე დაეშავებინოს ჩემთვის.

არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა. ზოგადად არ ვარ ასეთი. უტასგან მხოლოდ კარგი მახსენდება, ბავშვურად, მაგრამ მაინც ხელისგულზე მატარებდა. მე კი ყველა მისი სიკეთე ფეხქვეშ გავთელე, მის გრძნობას გადავაბიჯე.

– უკაცრავად, მაგრამ დაგინგრევიათ ადამიანი. თქვენს ღალატს უტამ როგორ უპასუხა?

– შეურაცხყოფისგან გაქვავდა. არაფერი მომკითხა, თავი ამარიდა. მერე თავის განცდებში ჩაიძირა, ჩემს დაკარგვას გლოვობდა. გოგოები მეუბნებოდნენ, უზომოდ იტანჯება, შენზე ცუდს არ ამბობს, თავს იდანაშაულებსო. მე კი მის მიმართ დანაშაულს ვერ ვგრძნობდი, პირიქით, თანაგრძნობის ნაცვლად სასტიკი გავხდი, ვფიქრობდი, ახია მასზე, შეყვარებული “აახიეს” და იმის თავიც არ აქვს, პასუხი მოსთხოვოს-მეთქი.

– ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ახალ შეყვარებულს?

– ჩემს მშობლებს არ უნდოდათ აჩიკო, უტას მიმართ ჰქონდათ სიმპათია – ბუნებითაც ჯობდა და ოჯახიშვილობითაც. აკრძალვების მიუხედავად, აჩიკოს ვერ ვთმობდი, სულ ერთად ვიყავით. მეგობრებს ეგონათ, ვიქორწინებდით, მაგრამ…

რამდენიმე წლის შემდეგ აჩიკო ისევე მწარედ მომექცა, როგორც მე მოვექეცი უტას. სხვა გოგოში გამცვალა, არაფერი აუხსნია – თითქოს ჩვენი სიყვარული არც არსებულა, მხოლოდ მირაჟი იყო.

შეყვარებულის ღალატს კინაღამ გადავყევი. თვითმკვლელობა ვცადე, მეგობრებმა გადამარჩინეს. ამ ღალატმა შემაჯანჯღარა, გამომაფხიზლა, გონება გამინათა. წარსულის დღეებმა თვალწინ ჩამიქროლა კადრებივით. უტას წინაშე დანაშაული ვიგრძენი. მივხვდი, რა უსამართლოდ მოვექეცი.

– მოინანიეთ მის წინაშე?

– უტას ძველებურად ვუყვარდი, ჩემი ნახვა სურდა, მაგრამ მოვერიდე. ჩემგან არ ითხოვდა მონანიებას, არც ბოდიშის მოხდას. მზად იყო, გვერდში დამდგომოდა. რომ შევხვედროდი (თუნდაც მონანიების მიზნით), ჩემგან იმედი მიეცემოდა. მე კი არ მიყვარდა, ვერ დავაიმედებდი, ვერ მოვატყუებდი, კიდევ ერთხელ ვერ გავაწბილებდი.

უტა მოღალატედ არ აღმიქვამდა, მაღმერთებდა. მას არამხოლოდ მეგობრობა სურდა, უნდოდა, ცოლად მოვეყვანე… საბოლოოდ გავიყარეთ, ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.

– სიყვარულში გაწბილებამ მომავალში ხელი შეგიშალათ თუ პირიქით, გამოცდილება დაგეხმარათ ცხოვრების გონივრულად წარმართვაში?

– გაწბილება უნდობლობას ბადებს, ეს კი ხელს უშლის ქალს პირად ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გზაზე არავინ გამოჩნდა. უბრალოდ, მათი მიღება ვერ შევძელი. ვინც კი მომწონდა, ვერ ვენდობოდი. ვისი ნდობაც შეიძლებოდა, ვერ ვიწონებდი. მარტოობასაც მივეჩვიე. ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა, ცალკე მომიწყო ბინა. მცირე კომფორტი შევიქმენი. სამსახურიც ყოველთვის მქონდა, თავს ვირჩენდი.

– უტამ შექმნა ოჯახი თუ ისიც მარტო დარჩა?

– რამდენიმე წლის შემდეგ დაოჯახდა. გამიხარდა თუ მეწყინა, ვერ ვხვდები. შემთხვევით ქუჩაში შემხვდა, შთაგონებული სახე ჰქონდა, ლამაზი ყვავილები მიჰქონდა – ალბათ ცოლისთვის. იმ წუთში რაღაცნაირად გამიხარდა, გავთამამდი, მივედი და გაბედნიერება მივულოცე, როგორც ძველ მეგობარს. სახე გაუბრწყინდა, ათასი მადლობა მიხადა. თაიგული გაყო და ნახევარი მაჩუქა.

ყვავილები შინ რომ მოვიტანე, დავსევდიანდი, ცრემლები წამომცვივდა. გამიკვირდა ჩემი განცდების. ნუთუ უტა დამენანა? დავფიქრდი და მივხვდი: ეს მარტოობის ცრემლი იყო, თორემ უტაზე გული არ დამწყვეტია.

მბობდნენ, ცოლი ლამაზი გოგოა, უტას ძალიან უყვარსო. შვილებიც შეეძინათ. თავს ვინუგეშებდი, კიდევ კარგი, უტამ ცხოვრება ბედნიერად ააწყო, მის წინაშე დანაშაულის განცდა მომეხსნა-მეთქი.

გავიდა დრო. სამსახურით დავიტვირთე – ერთის ნაცვლად ორ ადგილას ვმუშაობდი. ჩემი სამყარო მქონდა. უტა აღარ მახსენდებოდა.

– როგორც ჩანს, ბედმა ისევ გადაკვეთა თქვენი გზები.

– ოფისში, სადაც ვმუშაობდი, უტას ცოლმა დაიწყო მუშაობა. მარინე ჰქვია. ლამაზს ვერ დავარქმევ (სხვების აზრს ვერ ვეთანხმები), მაგრამ ქალური შარმი ნამდვილად აქვს, გარეგნობით ყურადღებას იქცევს. თავიდან არ ვიცოდი, ვისი ცოლი იყო. ამბობდნენ, მოსიყვარულე ქმარი ჰყავს, ყოველდღე მანქანით მოაცილებსო. გოგოები ინტერესით უჭვრეტდნენ ფანჯრებიდან.

მათთვის არ მეცალა, ნაკლებად მაინტერესებდა, საქმეში ვიყავი თავჩარგული. ჭორიკნობა და სხვის პირადში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს. ბევრ თანამშრომელზე ისიც კი არ ვიცი, დაქორწინებულები არიან თუ არა.

ერთხელ, დღის ბოლოს, შემთხვევით მარინესთან ერთად გავედი ოფისიდან. ვხედავ, დგას უტა მანქანით. დამინახა თუ არა, გადმოხტა მანქანიდან, მეგობრულად გადამეხვია. ცოლს უთხრა, ეს ანასტასიაა, მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთო. მარინემ გამომცდელად შემომხედა, ეტყობოდა, რაღაც იცოდა უტას წარსულიდან.

– ჩაუჯექით მანქანაში თუ თავი აარიდეთ?

– უტა გულწრფელად მთხოვდა, გაგაცილებო, მარინეს კრინტი არ დაუძრავს, აშკარად არ ესიამოვნა. არ მინდოდა, დისონანსი შემეტანა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ამიტომ ვუთხარი, აქვე უნდა შევიარო, ფეხით გავივლი-მეთქი. მას შემდეგ ვცდილობდი, უხერხულ სიტუაციაში არ მოვხვედრილიყავი და მარინეს გრაფიკს ვაკვირდებოდი, რომ მასთან ერთად არ გავსულიყავი.

ძალაუნებურად იმ ჭორებსაც ვაქცევდი ყურადღებას, რასაც მარინეზე ამბობდნენ. თქვეს, ქმარი აღარ აცილებს, ნადვილად რაღაც მოხდაო. თავად მარინეს ასე აუხსნია, უტამ დამატებითი სამუშაო ნახა და გვიანობამდე ვერ იცლისო. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა, რომ იმ შემთხვევის შემდეგ მარინე ქმარს ოფისის ტერიტორიას აღარ აკარებდა.

– ნუთუ მოსიყვარულე ქმარზე ეჭვიანობდა?

– ასე მგონია. შეიძლება ვერ ინელებდა, ქმარს რომ ადრე სხვა უყვარდა, თანაც თავდავიწყებით. ალბათ ჩემი მარტოობაც აღუძრავდა ეჭვებს. ქმარი რომ მყოლოდა, ასე არ შემხედავდა. განა ყველა მარტოხელა ქალი მტაცებელია?!.. თან უტა ისეთი ერთგული და საიმედოა, ეჭვსაც არ იწვევს. დარწმუნებული ვარ, ცოლის ერთგულია.

– იქნებ სხვა მიზეზიც იყო?

– მაშინ სხვა მიზეზს ვერ ვხედავდი, მერე კი… ჩვენს ოფისში მუშაობს დათა, ახალგაზრდა, სიმპათიური, ენაწყლიანი, ხუმარა. დაქორწინებული არასდროს ყოფილა. გოგოებთან ფლირტი უყვარს. იციან, რომ ხუმრობს და ზოგჯერ აჰყვებიან ხოლმე, სერიოზულად არავინ იღებს. გავრცელდა ჭორი, რომ დათას და მარინეს შორის რაღაც ხდება.

– ბოროტი ჭორია თუ საფუძვლიანი?

– ერთმა თანამშრომელმა ქალმა თქვა, თვალი შევასწარიო. ტყუილს არ იტყოდა. დათაც შეიცვალა, დასერიოზულდა, გოგოებთან აღარ ფლირტაობს. მარინე კი მეტად გაკეკლუცდა. თმის ფერი შეიცვალა, კაბა დაიმოკლა.

– არასაკმარისი მიზეზი ჩანს ასეთი დასკვნისთვის. რაც თანამშრომელმა დაინახა, შეიძლება შემთხვევა იყო. მარინე ხომ ისედაც იყო ცნობისმოყვარეთა დაკვირვების ცენტრში.

– თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ… ამ ამბავს ისე განვიცდი, თითქოს ჩემს ოჯახში ხდებოდეს. არ მინდა, უტას, შვილების მამას, ოჯახი დაენგრეს, არც ის მინდა, რქებით იაროს, რადგან ამას ნამდვილად არ იმსახურებს. თავის დროზე საშინლად მოვექეცი, ახლა თუ ცოლიც ღალატობს… მენანება საამისოდ.

დათას ახლოს ვიცნობ, ნორმალური ბიჭია, მოგისმენს. ვუთხარი ჭორების შესახებ, იქნებ გაითვალისწინოს, გაფრთხილდეს-მეთქი. ხუმრობის გუნებაზე დადგა, სიცილი დაიწყო, რას არ მოიფიქრებენო. ჭორები კი ვრცელდება და მათი მოსმენა აუტანელია ჩემთვის. ხან იმ ქალებს დავეტაკე, რომლებიც ხმას ავრცელებენ, ბოლოს კი სხვა გზა არ დამრჩა და მარინესთან მივედი. ფეხს ვითრევდი, არაფრით მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე.

– საინტერესოა, რა საუბარი შედგა თქვენ შორის.

– ვუთხარი, უფლება არ მაქვს, დაგიმალო, გჭორავენ, შენს სახელს ცუდად ეხებიან და იქნებ ყველაფერი თავად მოაგვარო-მეთქი. წარბი ამიწია, ვისი რა საქმეაო, გადმომწვდა. ბოდიში მოვუხადე, მის საქმეში რომ ჩავერიე – შინაურად მიგიჩნიე, ამიტომ გითხარი-მეთქი. მერე კი მოლბა – მადლობელი ვარ, რომ შემატყობინე, ენას ძვალი არ აქვს, ჭორიკნებს როგორ გავაჩუმებ, “მკიდიაო”.

უკაცრავად და, სახელი და ოჯახი თავად თუ “კიდია”, მის გამო რატომ უნდა შევასკდე სხვას, რისთვის მოვიმდურო თანამშრომლები?

– თქვენი მცდელობის შედეგად რამე შეიცვალა?

– მარინეს არავისთვის მოუთხოვია პასუხი, პირიქით, თითქოს ჯიბრზე მეტადაც იპრანჭება, გამომწვევად იქცევა. მე კი ცხვირს ზემოთ მიწევს, თითქოს რამე დამეშავებინოს მისთვის.

საერთო ნაცნობისთვის უთქვამს ჩემზე, უეჭველად ქმრის წართმევა უნდა, ისე მერჩისო. ვფიქრობ, თავს იზღვევს, რომ ჭორების გავრცელების შემთხვევაში მე გადმომაბრალოს, ვითომ შეგნებულად მოვუგონე. სანანებლად გამიხდა, რომ ველაპარაკე.

– რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილხართ. იქნებ მართლაც უსაფუძვლოდ ჭორავენ, მარინემ კი თქვენზე მიიტანა ეჭვი – თავიდანვე ხომ უნდობლად შეგხვდათ, მეტოქედ აღგიქვათ.

– ამას წინათ დამლაგებელმა ქალმა თქვა, ჩემი თვალით ვნახე, დათას მარინე კედელთან ჰყავდა მიყუდებულიო და ა.შ. (არ მინდოდა ამის თქმა, იძულებული გავხდი!). ქალი იფიცება და არ დავუჯერო? ლამის გული გამისკდეს!

– ჩემი აზრით, მაინც არ უნდა აიღოთ მორალური პასუხისმგებლობა უტას ოჯახზე, ეს მათი პრობლემა, მათი პასუხისმგებლობა და არჩევანია. ცოლ-ქმრის ურთიერთობას თქვენ ვერ დაალაგებთ.

– ეს ალბათ იმ ტკივილის გამოძახილია, თავის დროზე რომ მივაყენე უტას. არ მინდა, უფრო დიდი გაწბილების წინაშე დადგეს და ოჯახი დაენგრეს. მარინეს ეს საკითხი “კიდია”, უტა კი ამდენს ვეღარ გადაიტანს, მართლა დაინგრევა შინაგანად. გამოცდილი მაქვს ღალატის გემო – ეს საშინელებაა!

– უტას მიმართ სხვა გრძნობა ხომ არ გაგიჩნდათ?

– არა! ადამიანური თანაგრძნობის გარდა, არაფერს ვგრძნობ. ღმერთმა დაიფაროს და, ჩემს ძმას რომ იგივე პრობლემა შექმნოდა, უგრძნობლად ხომ ვერ შევხვდებოდი? უტას მიმართაც ასე ვარ. სხვა თუ არაფერი, ის ხომ ჩემი ბავშვობის ნაწილია.

ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე