მარინა ბერიძე: “ნინო ჩხეიძეს ახლა ვაჩვენებ, რა გამიკეთებია”

მარინა ბერიძე:  "ნინო ჩხეიძეს ახლა ვაჩვენებ,  რა გამიკეთებია"მუსიკოსი მარინა ბერიძე ახალ, საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა. “რუსთავი 2”-მა დაიწყო პროექტი, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელის და ქართული მუსიკის მოყვარულები ითხოვენ კიდეც – “მხოლოდ ქართული”. ბერიძე მთელი საქართველოს მასშტაბით 10 კონკურსანტს ეძებს, რათა ისინი მაყურებლის წინაშე ქართული სიმღერის მარგალიტებით წარდგნენ.

ის აღიარებულია, როგორც კონკურსანტების ხისტი და მკაცრი შემფასებელი, დამწყებ მომღერლებს მისი ეშინიათ. თავად რა პასუხი აქვს ამაზე და როგორ ხვდება ცხოვრების ახალ ეტაპს, ახალ გამოწვევას, ამის შესახებ ქალბატონი მარინა “სარკესთან” საუბრობს.

– ქალბატონო მარინა, ისევ მუსიკალურ პროექტში და ისევ ჟიურიში ხართ. როგორი ემოციებით დაუბრუნდით თქვენს საყვარელ საქმეს?

– ეს სერიოზულ პასუხისმგებლობას ნიშნავს, მით უმეტეს, კონკურსი ქართულ სიმღერას ეხება. როცა ეს ამბავი წყდებოდა, სულ სათავეებთან ვიყავი, ასე რომ, ჩემთვის ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ იყო. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული.

– განსხვავდება ახლანდელი შეგრძნებები იმისგან, როცა წლების წინ პირველად დაჯექით ჟიურიში?

– გამოცდილება არც მაშინ მაკლდა, მაგრამ შეიძლება ამ წლების განმავლობაში უფრო ლმობიერი გავხდი. ჩემთვის ასეთი მნიშვნელობის პროექტი არც ერთი ყოფილა, რადგან ეს მთლიანად ქართულია.

– საკმაოდ მკაცრი შემფასებელი იყავით. ახლა უფრო ლოიალურ მარინა ბერიძეს ვნახავთ?

– უფრო კრიტიკული ვარ, რადგან ვთვლი, რომ კონკურსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კასტინგია, ანუ ძალიან ბევრ მონაწილეში როგორ აარჩევ იმ 10 საუკეთესოს, ყველაზე მთავარი ესაა. ასეთ დროს სენტიმენტები აბსოლუტურად ზედმეტია.

სცენაზე ვეღარ გაიმართლებ თავს, რადგან ვიღაც გეტყვის, თუ არ მოგწონდა,რატომ აიყვანეო. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ კონკურსანტს და ყველას კრიტიკული თვალით ვუყურებ.

– ანუ ახლა უფრო მკაცრი ხართ?

– მკაცრი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მომთხოვნი ვარ, რაც სიმკაცრისგან განსხვავდება. ჩემს ძველ კასტინგებს გადავავლე თვალი და სულაც არ ვიყავი მკაცრი. უბრალოდ ჩემ მერე ჟიური ისე დატკბა, იმის ფონზე ვჩანდი მკაცრი.

უსამართლოდ არასდროს არავის მოვქცევივარ და ეს დამტკიცდა კიდეც. ჩემი ამორჩეულებიდან ძალიან ბევრი დგას დღეს სცენაზე და თითქმის ყველა შემდგარი მომღერალია, ე.ი. არაფერი შემშლია.

– ადრე კონკურსანტს თქვენს აზრს ძალიან ხისტად, პირდაპირ ეუბნებოდით, ახლა როგორი ხართ შეფასებისას?

– არაპირდაპირ როგორ უნდა ვუთხრა? ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, კონკურსანტს რომ ეუბნებიან, ძალიან ნიჭიერი, კარგი ხარ, მაგრამ ვერ გადაგიყვანო. იმ ადამიანს, ვინც მოდის, უნდა აუხსნა, რას ვერ აკეთებს და რა ჯობს, გააკეთოს. თუ საერთოდ არ აქვს მონაცემი, უნდა დააკვალიანო, რომ სხვა პროფესია აირჩიოს და იქ გააკეთოს ძალიან ბევრი რამ.

– რეგიონებში კასტინგზე რა კატეგორია მოდის, მუსიკალურად გაზრდილები არიან წინა წლებთან შედარებით?

– თითქოს ბევრად უფრო მოწესრიგებულები, მაგრამ უფრო ჩამქრალები არიან. საერთოდ რეგიონებში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ის ხალისი, როგორითაც ადრე მოდიოდნენ, ახლა ნაკლებად აქვთ. ეს მაშფოთებს, მაგრამ მიხარია, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოდის, ქართული სიმღერა უყვართ. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ამ შოუს შექმნა, რომ ხალხის დაკვეთა იყო.

– გემოვნებიან სიმღერებს გთავაზობენ კასტინგზე?

– როგორც ხდება ხოლმე, ყველანაირ სიმღერას გვთავაზობენ, ზოგი გემოვნებიანს, ზოგი ნაკლებად გემოვნებიანს, ზოგი ფოლკლორით მოდის, ზოგიც ქალაქურით და ა.შ. სიჭრელეა. გორში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში ჩავატარეთ კასტინგები, ახლა ბათუმში მივდივართ და მერე თბილისში გვაქვს.

– ჟიურის დანარჩენ წევრებში – გიორგი უშიკიშვილსა და სოფო ნიჟარაძეში, პიროვნული თვალსაზრისით რაიმე აღმოჩენები თუ გააკეთეთ?

– მათ ბევრი წელიწადია, ვიცნობ.

– თუმცა ერთად მუშაობა სულ სხვა რამ არის.

– მანამდეც მიმუშავია გიორგისთან და სოფოსთანაც. მათ ერთ ნოტსაც ვერ გამოაპარებ. გიორგი პროფესიონალია, ფოლკლორისტია, სოფოს ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული და ა.შ.

– შეფასებისას მკაცრები არიან?

– “მკაცრი” რაღაცნაირი სიტყვაა, სამივე სამართლიანები და მომთხოვნები ვართ, ჩვენ დავდივართ და ვეძებთ ათეულს, რომელიც კონკურსზე უნდა წარმოვაჩინოთ. ყველაზე მთავარია ის, რომ მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძეა. ის დიდი მუსიკოსია და ესეც დიდი პატივია, რომ ჩვენ გვერდით არის.

– ჟიურის წევრების აზრი, შეფასებები ერთმანეთს ყოველთვის თუ არა, ხშირად ემთხვევა?

– ხან ემთხვევა, ხან არა, მაგრამ ძალიან დემოკრატიულად გვაქვს ყველაფერი, ხმის მიცემის შინაურული პრინციპია.

– წლების წინ, როცა “რუსთავი 2”-დან გაგიშვეს და კულტურის სამინისტროში გადაინაცვლეთ, გულდაწყვეტილი იყავით. მართალია, ამ ახალი კონკურსით არ დაბრუნებულხართ ამ არხზე, შუადღის გადაცემის თანაწამყვანი ხართ, მაგრამ ეს მუსიკალური პროექტი ალბათ მაინც სულ სხვა რამეს ნიშნავს თქვენთვის.

– ძალიან კარგად დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. მეგონა, დავამთავრე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ დამიმთავრებია და კიდევ რაღაც შემიძლია. “რუსთავი 2” ჩემი სახლია, აქ პატარა ეტაპი არ ვყოფილვარ. აქ მთელი გუნდი შემართებით მუშაობს, არავინ არავის უფროსია, ყველა ყველას მეგობარია. მეგობრობით და სიყვარულით ძალიან ბევრი რამ კეთდება.

– მომღერალმა ნინო ჩხეიძემ განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-მა მისი პროექტის იდეა მიითვისა. ქართული სიმღერის კონკურსის ჩატარება მას სდომებია…

– მას ეგონა, რომ ფანოღური მუსიკის კონკურსს ვაკეთებდით. ასეთი ტერმინი – ფანოღი – მუსიკაში არ არსებობს! ალბათ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა.

– მოგვარდა თქვენ შორის უთანხმოება?

– არც მიცდია, რომ მომეგვარებინა და არც არევა მიცდია. მან რაღაც უაზროდ დაიწყო, რომ ჩვენ მას რაღაც წავართვით. ნეტა, ჩემთვის არ წაერთმია ყველას ყველაფერი და მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. არც არასდროს ვაკეთებ იმავეს, თუ ვაკეთებ – ახალს.

ძალიან სასაცილოა, იდეის მოპარვა დამაბრალო, როცა არ ვიცი, ჩემი იდეები სად წავიღო. ძალიან გაკვირვებულია. ჩემზე თქვა, გაგვაგებინოს, ვინ არისო. როგორ გავაგებინო? ან იცის, მარინა ვინაა, ან არა. რა გაუკეთებიაო, თქვა. ჰოდა, ახლა ვაჩვენებთ, რა გაგვიკეთებია.

– რამდენიმე წლის წინ თავიდან დაიწყეთ ცხოვრება, რთული პერიოდი გადალახეთ, რაც ოჯახის დანგრევას უკავშირდებოდა. როგორია თქვენი ახლანდელი ცხოვრება საქმის, ეკრანის მიღმა?

– ძალიან კარგი და მშვენიერი. მაქვს ძალიან ბევრი საქმე და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის ხალისი. მე მაგარი გოგო ვარ და რა ვქნა?!

– როგორია თქვენი ოჯახური ურთიერთობები?

– ოთხი შვილიშვილი მყავს, მათთან მეგობრული, კარგი, მხიარული, თავისუფალი და ლაღი ურთიერთობა მაქვს. საერთოდ ლაღი ადამიანი ვარ და ზუსტად ასეთი შვილიშვილები მყავს.

– როგორც ქალი, როგორაა მარინა ბერიძე?

– მე მგონი, კარგად, არაფერს ვუჩივი, ჯანზე ვარ. ჩემს ასაკს აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება – ბევრად უფრო მიმტევებელი გავხდი, ვიდრე ვიყავი. თუ ვინმე არ მომწონს, არც მინდა. იმ ადამიანებთან ვარ, ვინც მიყვარს, ვინც მომწონს, ვისაც ვაფასებ. ეს ძალიან დიდი კომფორტია, რაც მხოლოდ ასაკში მოდის.

მანამდე ბევრ რაღაცას უწევ ანგარიშს, რაღაც ასაკის შემდეგ უბრალოდ კომფორტი გინდა, აღარ გინდა, შენს ცხოვრებაში ზედმეტი ადამიანები იყვნენ.

– თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხართ და რას ნიშნავს ეს ასაკი თქვენთვის?

– 70 წლის ვხდები.

– საერთოდ არ გეტყობათ და ფანტასტიკურად გამოიყურებით!

– მადლობა.

– როგორ ახერხებთ, რომ ამ ასაკშიც ასე კარგად გამოიყურებით, ენერგიით აღსავსე ხართ?

– ამაში, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი მეხმარება, მერე ის სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს და აბსოლუტურ კომფორტში ვარ. მატერიალურ კომფორტს არ ვგულისხმობ, ყველამ იცის, რომ “რუსთავი 2”-ს მატერიალურად არ გადაგვდის თავზე, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩემიანებში ვარ, რაც ძალიან კარგია. ბუნებით მხიარული ადამიანი ვარ.

– თქვენს ცხოვრებას რომ გადაავლოთ თვალი, რა გახსენდებათ ყველაზე ცუდი, ყველაზე კარგი?

– მე წარსულით არ ვცხოვრობ, ბევრად უფრო მაინტერესებს, წინ რა მელოდება. ძალიან მიყვარს პროგრესი, ახალგაზრდებთან მუშაობა, ნიჭიერი ადამიანების ძებნა, მათი დახმარება, გვერდში დგომა. ეს ის თვისებებია, რომლებიც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

ასაკს ძალიან წყნარად ვუდგები, არც არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე, არანაირი პლასტიკა ან რაიმე სახის ჩარევა არ გამიკეთებია, უბრალოდ ასეთი ვარ – ზედმეტი ნაოჭი არ მაწუხებს. მთავარია, გულში რა გაქვს.

– განვლილი 70 წლის განმავლობაში კარგი უფრო მეტი იყო თუ ცუდი?

– ძალიან ბევრი სირთულე იყო, ცხოვრება სირთულეებისგან შედგება.

– რომელიც, ვთვლი, რომ უკვე უკან მოიტოვეთ.

– ალბათ წინაც მაქვს, ცხოვრება ადვილი არასდროსაა არც ახალგაზრდისთვის და არც ასაკოვანისთვის. მთავარია, იცოდე გამკლავება და ის, თუ რა გინდა.

 ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე