ლევან კუტალიამ მარი ქირიას ხელი ტელეფონით სთხოვა: “ყველა გოლს ჩემს ცოლს ვუძღვნი”

ლევან კუტალიამ მარი ქირიას ხელი ტელეფონით სთხოვა: "ყველა გოლს ჩემს ცოლს ვუძღვნი"ქუთაისის “ტორპედოს” 28 წლის ნახევარმცველ ლევან კუტალიასთვის გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. სულ ახლახან კი გუნდმა სუპერთასი მოიგო, სადაც გამარჯვების გოლი სწორედ ლევანმა გაიტანა.

წლების წინ ფეხბურთელი ბოსნიაში თამაშობდა, მაშინ 18 წლის იყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და საქართველოში დაბრუნება მოუწია. ლევანისთვის ბოსნიას სხვა დატვირთვაც აქვს: წასვლამდე გაიცნო გოგონა, მარი ქირია, რომლის სიყვარულიც უცხოეთში გაჰყვა. 4 წელი იყვნენ შეყვარებულები, მერე კი სწორედ ბოსნიაში “გაიპარნენ”. ეს იყო 7 წლის წინ. ახლა უკვე ქალ-ვაჟის მშობლები არიან – ნინასი და ნიკოლოზის.

– ლევან, ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა, სულ ახლახან კი სუპერთასი მოიგო. როგორ შეაჯამებდით მთლიან წელს?

– 2017 წელი ჩემთვის საუკეთესო იყო იმ მხრივ, რომ ქუთაისის “ტორპედოში” გადმოვედი, კლუბში, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია ჰქონდა. ჩემი წვლილი შევიტანე გუნდის წარმატებაში. ამის შემდეგ სუპერთასიც მოვიგეთ, რაც პირველია ამ კლუბისთვის. გამარჯვების გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ კლუბის ისტორიაში შევედი ამ გატანილი გოლით.

მსიამოვნებს ქუთათურ კლუბში თამაში და აქ ცხოვრება. წელს “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და თავს არ დავზოგავ, რომ ამ ტურნირს კარგად შევხვდე.

– წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ უცხოეთიდან შემოთავაზება არ გქონიათ?

– როდესაც ასე კარგად ჩაამთავრებ სეზონს, წესით, უნდა გქონდეს, მაგრამ არ მქონია. ასეთი საუბრები ყოველთვის არის, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა.

– გაქვთ სურვილი, რომ დატოვოთ “ტორპედო” და წახვიდეთ უცხოეთში?

– 18 წლის ასაკში ბოსნიაში ვთამაშობდი. ამ ქვეყნის ჩემპიონიც გავხდი, თასიც მოვიგე. ევროპაში თამაშის გამოცდილება მაქვს და, რა თქმა უნდა, სურვილიც, რომ რომელიმე კლუბში გავაგრძელო კარიერა. უცხოეთში წასვლის ამბიცია მაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

– გული გწყდებათ, ბოსნიიდან რომ საქართველოში დაბრუნდით?

– ბოსნიაში 3 წელი ვითამაშე, შემდეგ ტრავმა მივიღე და კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვთამაშობ. საქართველოს ჩემპიონატში ისეთი დონე არ არის, როგორიც ევროპაში.

– ყველა ქართველი ფეხბურთელი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე. როგორ შეაფასებდით “ტორპედოს” შანსებს, რომ ლიგაში მოხვდეს?

– საქართველოს სახელით გამოვდივართ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე, ეს ჩვენი გუნდისთვის საპასუხისმგებლოა. რაც შეეხება შანსებს, დავალებული გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ. როგორ მოხერხდება ეს, თამაშზე გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ ძლიერი გუნდები შეგვხვდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორი ეტაპი მაინც გავიაროთ, არ შევრცხვეთ და ქვეყანა ვასახელოთ.

ლევან კუტალიამ მარი ქირიას ხელი ტელეფონით სთხოვა: "ყველა გოლს ჩემს ცოლს ვუძღვნი"– თქვენი ცხოვრება მოედნის მიღმაც დატვირთულია, ორი შვილი მამა ხართ. მოგვიყევით თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია.

– ბოსნიაში წასვლამდე ზუგდიდში ვთამაშობდი. იქ ბებიასთან ვიყავი სტუმრად, მარი კი თავის მამიდასთან იყო, რომელიც ბებიაჩემის მეზობლად ცხოვრობდა. 18 წლის ასაკში ასე გავიცანი. თავიდან ვმეგობრობდით, მეგობრობა კი დიდ სიყვარულში გადაიზარდა. უბედნიერესი ვარ, რომ მარის შევხვდი და ჩემი მეორე ნახევარი გახდა.

– პირველივე ნახვისას მოგეწონათ?

– დიახ. 4 წელი შეყვარებულები ვიყავით. მაშინ უკვე ბოსნიაში ვთამაშობდი და 21 წლის რომ გავხდი, ცოლად მოვიყვანე.

– მარი, თქვენ როგორ გაიხსენებდით იმ მომენტს, როდესაც ლევანი პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში?

მარი: არ მახსოვს, იმდენი ხნის წინ იყო. მაშინ ბოსნიაში თამაშობდა და სანამ წავიდოდა, წინა დღით ამიხსნა სიყვარული. რამდენიმე დღეში მეც სიყვარულით ვუპასუხე.

– როგორი იყო შეყვარებული ლევანი?

მარი: ძალიან რომანტიკული, ხან ყვავილებს მიგზავნიდა, ხან საჩუქრებს. დღემდე ასეთი რომანტიკული ბიჭია.

– ცოლობა როგორ გთხოვათ?

მარი: ტელეფონით მთხოვა ხელი. ვიყიდეთ ბილეთები და ბოსნიაში წავედით, გავიპარეთ.

– მარი, პატარა ასაკში არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

მარი: არა, რადგან ლევანმაც ხელი შემიწყო. მარტო ვიყავით, მეგობრებიც არ გვყავდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სულ სადღაც დავდიოდით. სამ-სამი თვით ვრჩებოდი, შემდეგ მიწევდა საქართველოში დაბრუნება, ამიტომ უფრო გამიადვილდა იქ ცხოვრება.

– ფეხბურთელის ცოლი, ასე რომ ვთქვათ, ჩემოდნებზე ზის, ქმარი რომელ ქვეყანაშიც თამაშობს, იქ მიჰყვება. ქალებს ამასთან შეგუებაც უხდებათ.

მარი: დიახ და ეს რთულია, პლუს, როცა ორი მცირეწლოვანი შვილი გყავს, მაგრამ ვეჩვევით ასეთ ცხოვრებას. ფეხბურთელის ცოლობა ასეთია და დავყვებით, სადაც მიდის.

ხანდახან ერთმანეთისგან შორს ყოფნა გვიწევს. ლევანი ხან ორი კვირით მიდის შეკრებაზე, ხან ისეთ ქალაქში უწევს თამაში, რომ ორი ბავშვით ვერ გავყვები. ეს ყველაფერი დავძლიეთ და ასე ერთად მოვდივართ.

უნდა აღვნიშნო, რომ ლევანი ძალიან მეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაშიც და ოჯახშიც. როდესაც თამაში არ აქვს, სულ ოჯახშია. თავისუფალ დროს ჩვენთან ერთად ატარებს, ბავშვებთან ერთად ვსეირნობთ.

– როგორც ჩანს, ყურადღებიანი მამაა.

მარი: ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა. მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვებს ყველაფერი გაუკეთოს. მათ ერთი წუთითაც არ შეუძლიათ ლევანის გარეშე.

– საოჯახო საქმეებიც ეხერხება?

მარი: სხვათა შორის, ეხერხება. გამოცდილება აქვს, რადგან 18 წლიდან მარტო უწევდა ცხოვრება და, როდესაც მჭირდება, საოჯახო საქმეებშიც მეხმარება.

– ლევან, პატარა ნიკოლოზი უკვე ხომ არ ამჟღავნებს ფეხბურთის სიყვარულს?

ლევანი: კი. ვარჯიშზე რომ მივდივარ და ჩანთას გადავიკიდებ, მეკითხება, სად მიდიხარ, მამაო. როდესაც ვეუბნები, რომ ვარჯიშზე, მპასუხობს, მეც მინდაო.ბურთი ვუყიდე და ახლა ბურთთან ერთად სძინავს. ამბობს, რომ სურს ფეხბურთელი გამოვიდეს. ვარიგებ ისწავლოს, რადგან განათლება აუცილებელია.

ვფიქრობ, მამის ნიჭი აქვს და ვნახოთ, გამოვა თუ არა დიდი ფეხბურთელი.

– როგორი გულშემატკივარია მარი?

ლევანი: მამაჩემთან ერთად თითქმის ყველა თამაშზე დადის. გოლს როდესაც ვიტან, პირველ რიგში, მარის ვუძღვნი.

– მარი, მატჩის შემდეგ რას აკეთებს ლევანი, რომ განიმუხტოს, ემოციებისგან დაიცალოს?

მარი: ყოველი თამაშის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებს თუ წააგებს, სახლში მოსვლისას უყურებს იმ მატჩს და აანალიზებს. წაგებული თამაშის შემდეგ ყოველთვის მოღუშულია.

– ლევან, რომელია თქვენი საოცნებო გუნდი?

ლევანი: საოცნებო კლუბი არის მადრიდის “რეალი” და საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. საოცარი მოთამაშეა, ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე