კვირიკაშვილი კობახიძეს – ,,არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ” – ,,კურიერმა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა გაასაჯაროვა

კვირიკაშვილი კობახიძეს – ,,არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ” – ,,კურიერმა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა გაასაჯაროვა,,კურიერს” ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.

პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს.

პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.

,,კურიერის’’ ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

„ირაკლი, არ მინდოდა აქ მეტი დეტალის დაწერა, თუმცა შენს ბოლო გზავნილს გავეცანი და გადავწყვიტე, მოკლედ განვმარტო ჩემი პოზიცია.

ჩემს ბოლო მონაწერში ვიგულისხმე ყველა, ვინც ჩემს სახელს უხვად ახსენებს, რა თქმა უნდა, ის დეპუტატები, ვინც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდა და საკუთარი პოზიციების არგუმენტაციას ახდენს ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარებზე აპელირებით და, რა თქმა უნდა, მამუკაც, რომელმაც ჩემი ნათქვამის ცალმხრივი გასაჯაროება გააკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია.

ხარისხებს არ ვადარებ და, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას გამართლება არა აქვს და მით უმეტეს, არც შენი იმპიჩმენტის მოთხოვნას არა აქვს არანაირი გამართლება. ვადასტურებ, რომ შეხვედრაზე მე აღვნიშნე, რომ პიროვნული შეურაცხყოფა, როგორც შიდა შეხვედრებზე, ისე, მით უმეტეს, საჯაროდ, არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა, ამის გარდა, ისიც აღვნიშნე, რომ საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობაში და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა.

იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს მოვაწესრიგებთ და ისეთი დონის დეტალიზაციას და ნორმატივიზაციას მოვახდენთ, რომ მომავალში გაუგებრობები აღარ იქნება. მადლობა ყურადღებისთვის,“ – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერის გზავნილის შემდეგ ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს, თუმცა ის მაკოს მიმართავს. აქ, სავარაუდოდ, საუბარია პრემიერის პრესსამსახურის უფროს მაკო ბიგვავაზე.

„მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს წერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში, ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, ავიცილებდით თავიდან,“ – წერს ირაკლი კობახიძე.

მიმოწერის შესახებ ,,კურიერის’’ მიერ დასმულ შეკითხვებზე პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ გუნდში პრობლემები არ არის.

რუსთავი 2