ინდირა ჯგერნაია: “ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო, რომ მამამისზე უარი მეთქვა”

ინდირა ჯგერნაია: "ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო, რომ მამამისზე უარი მეთქვა"ნიჭიერი დამწყები მომღერალი, იშვიათი სახელით ინდირა ჯგერნაია, რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ პროექტ “ჯეოსტარიდან” გაიცნო. გავიდა არცთუ დიდი დრო და ინდირამ საკუთარ პირად ცხოვრებაზე გულახდილი, დაუფარავი საუბრითაც მიიპყრო ყურადღება.

შესაბამისად იყო მითქმა-მოთქმა, უარყოფითი გამოხმაურებები და მომღერლის მძაფრი პასუხები, რასაც დღეს ნანობს და ამბობს, წარსულში რამის შეცვლა რომ შემეძლოს, ენას კბილს დავაჭერდიო.

შვილმა, პატარა ანდრიამ, დედის ყოველდღიურობას სულ სხვა ელფერი შესძინა. ახლა ყველა მის გეგმაში ანდრიაა პირველ ადგილზე. ინდირა აქტიურად მუშაობს, წერს სიმღერებს და თავისი შემოქმედებით ბევრი რამის თქმას აპირებს.

– ინდირა, პირველად როდის ეზიარეთ მუსიკის სამყაროს?

– 4 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემს უთხრეს, რომ აბსოლუტური სმენა მქონდა და მუსიკალურ სკოლაში უნდა მემღერა. შემიყვანეს მუსიკალურ შვიდწლედში, სადაც, როგორც წესი, 4 წლის ბავშვებს არ იღებენ. ძალიან უცნაურია, როდესაც ბავშვმა არ იცის წერა-კითხვა და იწყებს ნოტების სწავლას.

განსაკუთრებული და წარმატებული ბავშვი ვიყავი. შემდეგ ვოკალზეც ჩავაბარე, უმაღლეს ქულებზე ვსწავლობდი, ამავდროულად ვმუშაობდი. უფროსი ასაკის მომღერლები ხშირად დიაფრაგმას მისინჯავდნენ, უკვირდათ, მეუბნებოდნენ, ასე პატარა გოგოს ასეთი ხმა საიდან ამოგდისო.

– არაჯანსაღ კონკურენციას, ინტრიგებს ჰქონდა ადგილი?

– ზოგჯერ შურით მიყურებდნენ, მაგრამ ამან ვერაფერი დამაკლო.

– მერე იყო მუსიკალური პროექტი “ჯეოსტარი”…

– რომელში მოხვედრასაც 3 წელი ვცდილობდი და ვწვალობდი.

– თვლით, რომ კონკურსებში უსამართლოდ მოგექცნენ?

– არასოდეს, გარდა “ახალი ხმისა”, მაგრამ ამ პროექტმა დიდი გაკვეთილიც მომცა, მაგალითად, ის, რომ მომღერალთან პირდაპირი ლაპარაკი ყოველთვის არ შეიძლება, თუნდაც მასზე უკეთესი იყო. “ახალ ხმაში” ძალიან ვინერვიულე, რადგან უსამართლობას წავაწყდი. მაყურებელმა ჩემი პასუხებიც მოისმინა და ყველამ ნათლად დაინახა, რაც მოხდა. ამან მომცა სტიმული და მაშინ ვთქვი, რომ ამით არ დავასრულებდი.

– მაგრამ სწორედ ასე მოხდა, “ახალი ხმის” შემდეგ აღარ გამოჩენილხართ.

– პირადი ურთიერთობების გამო წელიწადნახევარი გავჩერდი. მქონდა დეპრესიული მომენტები, ამიტომ თავს ვიკავებდი.

– თქვენ გარშემო ხშირად იყო ხმაური და ეს ეხებოდა პირადსაც. გყავდათ მეგობარი მამაკაცი, რომელთან ერთადაც ქორწინების გარეშე ცხოვრობდით და ამას არ მალავდით, საჯაროდაც ისაუბრეთ. ამას ხალხისგან გარკვეული აგრესიაც მოჰყვა. როგორ უმკლავდებოდით ნეგატიურ შეფასებებს?

– იმდენად სწორად ვუყურებდი იმ ურთიერთობას და იმდენად სწორად აღვიქვამდი მოვლენებს, რომ არაფერზე ვნერვიულობდი. ამ შემთხვევაში ხალხი ბრბოა და მაინც იმას იტყვის, რაც უნდა, შენ ვერაფერს შეცვლი. მე ვიცოდი, სად ვიყავი და რა მინდოდა. შემდეგ ამ ადამიანისგან დავრჩი ორსულად და შვილი გავაჩინე.

– ქორწინების გარეშე შვილის გაჩენა, მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის გაფუჭება… ახალგაზრდა ქალისთვის ზედმეტად რთული გამოცდა არ იყო? არ გაგიჭირდათ ამ ყველაფრის გადალახვა?

– თავიდან რთული იყო, ხალხის მითქმა-მოთქმა ჩემზე ძალიან მოქმედებდა. მქონდა პერიოდები, როდესაც გარეთ არ გამოვდიოდი, მაგრამ მერე, უხეშად რომ ვთქვა, “დავიკიდე”. მთელი ცხრა თვე მარტომ გავატარე და ახლაც მარტო ვზრდი. მე და ის ადამიანი ცივილურად დავშორდით.

– იმ მამაკაცმა მაშინ ისეთი პოსტი გამოაქვეყნა “ფეისბუქში”, ძნელია ამის შემდეგ თქვა, რომ ცივილურად დაშორდით. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– არანაირი. ჩვენ მხოლოდ ანდრია გვაერთიანებს. ბავშვის სანახავადაც ისეთ დროს მოდის, როცა სახლში არ ვარ. როდესაც ბავშვს მისცა გვარი, იქ დავამთავრეთ ყველაფერი. მასთან ურთიერთობა არასოდეს მინანია. მით უმეტეს, ისეთი მაგარი შვილი მყავს, რომ ამაზე ფიქრიც ზედმეტია.

– მარტოხელა დედობა – კიდევ ერთი გამოცდა. ვინ გეხმარებათ შვილის გაზრდაში?

– ოჯახი მაშინაც ძალიან მედგა გვერდში, როცა ორსულად ვიყავი და ახლაც ასეა. როდესაც ჩემს საქმეებზე ვარ გასული, ბავშვი ჩემი ოჯახის წევრებთან არის და მასზე ყველანაირად ზრუნავენ. როცა სახლიდან გავდივარ და ბავშვს ვტოვებ, ხშირად მაქვს დანაშაულის შეგრძნება.

– შვილი ადამიანის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ანდრიას დაბადებამ თქვენს ქალურ გამოცდილებას რა შესძინა?

– შვილის დაბადების შემდეგ გავიაზრე, რომ არავინ ღირს ნერვიულობად. არ ვიცი, აქამდე მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი, თითქოს აღარც მახსოვს, რა იყო მაშინ. ანდრიამ მომცა სტიმული და ვიცი, რა მინდა მომავალში. ძალიან ემოციური გავხდი. ახლა უარესი გიჟი ვარ, ვიდრე იქამდე ვიყავი.

ალბათ ანდრია უნდა დაბადებულიყო, რომ მამამისზე უარი მეთქვა. მგონი, არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომლის დათმობაც არ მომინდება.

– რა დათმობაზე წასულხართ ანდრიას გამო?

– სანამ გავაჩენდი, ვაპირებდი, წავსულიყავი ქვეყნიდან. უცხოეთიდან მთავაზობდნენ კონტრაქტებს, მაგრამ, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, კარიერაზე უარი ვთქვი. წამოიზრდება და მერე დავგეგმავ რაღაცებს.

– დღეს რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

– საერთოდ არაფერი. არ მცალია ამისთვის, ჩემთვის პრიორიტეტი სხვა რამეა. მინდა, მთელი დრო კარიერას და ბავშვს მოვახმარო. ანდრია მიწყობს ხელს, რომ აქტიურად ვიმუშაო. სიმღერებს ვწერ. ზაფხულში კლიპს გადავიღებ. ანდრია ცოტა რომ წამოიზრდება, ვაპირებ, მასთან ერთად ამერიკაში წავიდე. ჩემი კარიერიდან გამომდინარე, ამის საშუალება მექნება. თან ძალიან მინდა, ბავშვმა იქ ისწავლოს.

– დაბოლოს, რომ შეგეძლოთ, თქვენს წარსულში რას შეცვლიდით?

– ენას კბილს დავაჭერდი, სკანდალურ განცხადებებს ნაკლებად გავაკეთებდი და ალბათ აღარ დავზარალდებოდი.

 ნანუკა ოტიაშვილი, ჟურნალი სარკე