თიკა მახალდიანს შვილმა სცენა დაავიწყა – “თემო ძალიან გიჟი მამაა”

თიკა მახალდიანს შვილმა სცენა დაავიწყა - "თემო ძალიან გიჟი მამაა"წლის მომღერალი თიკა მახალდიანი და მისი ქმარი, 38 წლის თემო პირველაშვილი, მშობლები გახდნენ. გოგონა 5 მარტს თბილისში დაიბადა და მას კირა დაარქვეს. თიკამ შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა და სამშობიაროდან 8 მარტს გაეწერა.

თიკასთვის კირა პირველი შვილია, თემოსთვის – მეორე. მას პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს. გამოცდილი მამა ბავშვის მოვლაში ძალიან აქტიურობს. როგორც თიკამ გვითხრა, პატარა კირა უკვე დაბანა კიდეც და საფენებსაც უცვლის.

– თიკა, გილოცავთ შვილის დაბადებას. როგორ გრძნობთ თავს?

– გმადლობთ, კარგად. ბავშვი 5 მარტს, მე-5 კლინიკურ სამშობიაროში დაიბადა, ექიმ თეა ცერცვაძესთან ვიმშობიარე. 8 მარტს სამშობიაროდან გამოგვწერეს. საკეისრო კვეთა გავიკეთე.

– საკეისრო კვეთის გაკეთება თავიდანვე გქონდათ გადაწყვეტილი თუ საჭიროებამ მოიტანა?

– ბავშვს ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული და გარისკვა შემეშინდა.

– მშობიარობას ქმარიც დაესწრო?

– არა, საკეისრო კვეთას არავის ასწრებენ. თემო მეორე ოთახში იყო, დაბადების შემდეგ სწორედ მას დაუწვინეს ბავშვი მკერდზე.

– რას გეუბნებათ, როგორი ემოცია დაეუფლა იმ მომენტში?

– რა თქმა უნდა, იტირა. მეუბნება, ისეთი მაგარი შეგრძნება იყო, ვერ გადმოგცემო. ექიმებს ბავშვი რომ გაჰყავდათ, არ გაიყვანოთო, სთხოვა.

თემო გაგიჟებული უყურებს ბავშვს, დღე და ღამე თვალს ვერ წყვეტს. ოცნებად ჰქონდა, რომ გოგო გვყოლოდა. ახლა ძალიან ბედნიერია.

– თემოს უკვე გამოცდილი აქვს შვილის სიყვარული, თქვენთვის კი ეს ახალ შეგრძნებებს უკავშირდება. გვიამბეთ ამაზე.

– ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ახლა მივხვდი, რომ ყველაფერი ეს არის. მინდა, დილიდან ღამემდე მას ვუყურო და სხვა არაფერი ვაკეთო, ჭამაც კი მავიწყდება. არ ვიცი, რა უნდა ვიმღერო ან რა კონცერტზე უნდა გამოვიდე, რომ ამაზე მეტად გამიხარდეს.

– როგორი იყო პირველი წამები, როცა თქვენს შვილს შეეხეთ?

– ვიტირე. ალბათ ყველა დედა ასე ტირის. იმ მომენტის ემოცია ისეთია, რთულია, გადმოსცე. საოცარი შეგრძნება იყო!

– თქვენც გინდოდათ, რომ გოგო გყოლოდათ?

– მეც ძალიან მინდოდა გოგო, თუმცა, რადგან ჩემთვის პირველი შვილია, დიდად არ ჰქონდა სქესს მნიშვნელობა, მთავარი იყო, ჯანმრთელი ყოფილიყო. როცა გავიგე, გოგო გვეყოლებოდა, რა თქმა უნდა, უფრო გამიხარდა. თემოს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს და ძალიან უნდოდა, გოგო გვყოლოდა.

– იშვიათი სახელი დაგირქმევიათ. როგორ შეურჩიეთ?

– კირა დავარქვით და ეს ერთად გადავწყვიტეთ. სახელზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით. მინდოდა, ისეთი შეგვერჩია, რომელიც ყველას არ ერქმეოდა.

– რადგან სამშობიაროდან 8 მარტს – ქალთა დღეს გამოგწერეს, ქმარმა სახლში სიურპრიზიც ხომ არ მოგიწყოთ?

– თემო სამშობიაროს კართან დიდი თაიგულით დამხვდა. სახლი კი ბუშტებით ლამაზად იყო გაფორმებული. რაც მარტომ მოახერხა, ის გააკეთა.

– ახალბედა დედას ვინ გეხმარებათ შვილის მოვლაში?

– დედაჩემი მეხმარება და თემოც. უკვე დაბანა ბავშვი, გამოუცვალა, ბევრ რაღაცას აკეთებს. ერთმანეთს ვეხმარებით.

– ორსულობის დროს ბავშვის მოვლაზე ინფორმაციას იღებდით?

– რაღაცებს ვკითხულობდი, მაგრამ “გუგლიდან” არ გამოვსულვარ-მეთქი, ამას ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ბავშვის მოვლა არ მიჭირს, თუმცა არც ადვილია. შვილის დაბადებით სულ სხვა ცხოვრებაში გადადიხარ და სხვა ეტაპი იწყება.

ორსულობის დროსაც რაღაცები მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ რეალობის წინაშე რომ დადგები, სულ სხვა რამაა. ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. უკვე ყველაფერი შენზე აღარაა დამოკიდებული. შენ გეძინება თუ გშია, მეორეხარისხოვანია.

– როგორი ბავშვია, ხომ არ ჭირვეულობს?

– ძალიან წყნარი გოგოა, ჭამს და სძინავს.

– მართალია, ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ვის ჰგავს?

– ჯერ მართლა ვერ გავიგეთ, ვის ჰგავს, ალბათ უფრო თემოს, მე – ნაკლებად.

– ემოციური მშობლები ხართ?

– ემოციური ნამდვილად ვარ. თემო ძალიან გიჟი მამაა, ძალიან ყურადღებიანი, თბილია. მე და თემო კიდევ უფრო ბედნიერები ვართ.

– როდის გეგმავთ ნათლობას?

– 40 დღის რომ გახდება, შემდეგ.

– ნათლიები ვინ იქნებიან?

– ძირითადად ჩვენი მეჯვარეები, მე მგონი, ცნობილი – არავინ.

– როდის დაუბრუნდებით სცენას?

– ერთი-ორი თვე ალბათ არ გავალ სცენაზე. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და ჯერ მეცოდება, რომ დავტოვო. ყველაფერი მოიცდის.

– მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომაზე ფიქრი უკვე ხომ არ დაიწყეთ?

– ბევრი არც მქონდა მომატებული, რაც ნორმა იყო, იმდენი მოვიმატე. ჯერ ფორმაში ჩადგომაც ძალიან ადრეა, 3 დღეში ვერ გავხდებოდი, ნელ-ნელა რაღაც იქნება. ძუძუზე მყავს ბავშვი და დიეტები არც შეიძლება. ცხიმიან, შემწვარ საკვებზე უარს ვამბობ, რადგან ბავშვისთვის სასარგებლო არ არის.

 ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე