თამარ მეარაყიშვილი – “ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ცოცხალი არავის ვაინტერესებ” – რას სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას ახალგორში გამოკეტილი სამოქალაქო აქტივისტი

თამარ მეარაყიშვილი – “ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ცოცხალი არავის ვაინტერესებ” – რას სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას ახალგორში გამოკეტილი სამოქალაქო აქტივისტიახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის,თამარ მეარაყიშვილის შესახებ საქართველოში ყველამ იცის. მას კარგად იცნობენ ცხინვალის რეგიონშიც. ის ძალიან აქტიური ადამიანია და იმაზე ბედავს ხმამაღლა ლაპარაკს, რაზეც სხვები დუმილს ამჯობინებენ.
თამარ მერაყიშვილი დღეს საკმაოდ სერიოზული საფრთხიხ ქვეშ არის. უკვე 8 თვეა, მას ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევენ. ოფიციალური თბილისი მის მხარდასაჭერად ხმასაც კი არ ითებს.
საქართველოს ხელისუფლებას არც მაშინ გახსენებია თავისი თანამოქალაქე, როდესაც ის ოსურმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და 15 საათი ტყვეობაში ამყოფეს.
მართალია, ოფიციალურმა თბილისმა ამის შესახებ გაიგო, მაგრამ მას ცხელი ხაზი არ აუმოქმედებია და არ დაკავშირებია ცხინვალს. უცნაურია, მაგრამ მისი გაუჩინარების გამო თავად ოსებმა ატეხეს განგაში. მათვე მიაწოდეს ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მას არც ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ შეხმიანებიან. არადა, ეს ამბავი აქტიურად გააშუქა ქართულმა მედიამ.
ამ ინციდენტზე მეარაყიშვილი არ საუბრობს, სამაგიეროდ, “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ, შესაძლოა, მორიგი მსხვერპლი გახდეს. არადა, თავად ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
რატომ ვერ ტოვებს ახალგორს, რას ედავება ცხინვალის ხელისუფლება, ვინ უწვდის დახმარების ხელს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” თამარ მეარაყიშვილი ესაუბრება.
თამარ მეარაყიშვილი:
– არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვასა და სამძიმარზე მთელი ხელისუფლება იყო მისული. ამაზე ძალიან კარგად დაწერა ცოტნე გამსახურდიამ – ქვეყანა, რომელსაც მკვდარი უყვარხარ. მართლაც ასეა, ცოცხალი რომ ხარ, არავის ადარდებს, მკვდარს კი საქვეყნოდ დაგიტირებენ და ამით თავის პიარსაც გაიკეთებენ.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი სიცოცხლეც საფრთხეშია და რამე რომ მომივიდეს, ხვალ ჩემს დაკრძალვაზეც მოვლენ და სელფებს გადაიღებენ. შეიძლება გმირადაც გამომაცხადონ, ცოცხალი არავის ვაინტერესებ.
ერთადერთი, ვინც ჩემ მიმართ ინტერესს იჩენს, არის სახალხო დამცველის აპარატი. არ მტოვებენ მედიის წარმომადგენლებიც. სრულიად უცხო ადამიანებიც მეხმაურებიან და მამხნევებენ.
– საქართველოს ხელისუფლება რატომ არ ინტერესდება თქვენი მდგომარეობით?
– ეს საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ.
– ცხინვალის ხელისუფლებამ თქვენ ახალგორის დატოვება აგიკრძალათ, არ მუშაობთ და თავის გატანას როგორ ახერხებთ?
– მეგობრები მეხმარებიან. მეხმარებიან დედა და მამა. ისინიც აქ ცხოვრობენ ახალგორში, ორივე პენსიონერია. წესით, მე უნდა ვეხმარებოდე მაგათ, მაგრამ ასაკოვან მშობლებს უწევთ ჩემი დახმარება. ჩემი შვილი თბილისშია, სტუდენტია და ვერაფრით მეხმარება.
ბოლო პერიოდში დავიწყე ბროშების გაკეთება. ჩემს ნამუშევრებს თბილისში ვაგზავნი და იქ მიყიდიან. ამ ბროშებს ცხინვალის მაღაზიებშიც ვაბარებ, იქაც კარგად იყიდება. ასე გამაქვს თავი.
– ცხინვალის მაღაზიებში ვაბარებო და იციან, ვინც ხართ?
– ბიბილოვის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჩემ წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა და ცხინვალის რეგიონში ძალიან პოპულარული და ცნობადი გავხდი. მაღაზიებში, სადაც ბროშებს ვაბარებ, იციან, ვინ ვარ.
– არასდროს გიცდიათ ახალგორის დატოვება?
– რატომ უნდა დავტოვო ახალგორი? აქ გავიზარდე, აქ მაქვს სახლი. არსად წასვლას არ ვაპირებ, ან რატომ უნდა წავიდე? არც წავალ.
– მესმის, რომ მანდ არის თქვენი სახლი, მაგრამ მანდ ხომ საფრთხე გემუქრებათ?
– ამის გამო დავტოვო ჩემი სახლი? აქ ვინც არის, ყველას ემუქრება საფრთხე. ხშირად მოდიან ცხინვალიდან და მიჰყავთ პოლიციაში ხალხი. როგორც კი ასეთი ფაქტების შესახებ ვიგებ, ეგრევე ვუკავშირდები ოს უფლებადამცველებს, რუსულ არასამთავრობოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ისინი ამაზე რეაგირებენ და დაკავებულებს ათავისუფლებენ.
ნეტავი ტატუნაშვილის დაჭერის ამბავიც დროზე გაეგებინებინათ ჩემთვის. ყველას მივწერდი, ყველას შევაწუხებდი და, შესაძლოა, დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო.

კითხვის გაგრძელება