ვეფხია ბაქრაძის შვილი: ,,მამაჩემი ამას ტყუილად არ ჩაიდენდა, თაკოს დედას ქირას რომ უხდიდა, აიძულებდა?! ტელეფონი რომ უყიდა, აიძულებდა?!..”

ვეფხია ბაქრაძის შვილი: ,,მამაჩემი ამას ტყუილად არ ჩაიდენდა, თაკოს დედას ქირას რომ უხდიდა, აიძულებდა?! ტელეფონი რომ უყიდა, აიძულებდა?!.."თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი, ლიკა ბაქრაძე, აცხადებს, რომ მამამისმა, ვეფხია ბაქრაძემ, ჩადენილი დანაშაულის გამო კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამასთან, ის მომხდარის პროვოცირებაში მოკლულის დედას ადანაშაულებს.

-ჩადენილი აქვს, ამას ტყუილად არ ჩაიდენდა… მინდა, ის არგუმენტები გავიგო, რასაც ჩემ მიმართ ის ქალბატონი ამბობს თავის გადასარჩენად… ვიცი, რომ თაკო იყო მათი ურთიერთობის წინააღმდეგი და მე ვეთანხმები თაკოს, – აცხადებს ლიკა ბაქრაძე.

მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილს უჭირს საზარელი მკვლელობის მოტივზე საუბარი, თუმცა მოკლულის დედის განცხადებებს, რომ ვეფხია ბაქრაძემ შეწყალების დოკუმენტი იძულებით დააწერინა, სიცრუეს უწოდებს.

-მე ვეთანხმებოდი თაკოს, რომ, რა თქმა უნდა, რაც მათ შორის მოხდა, იმის მერე ისინი ერთად ვერანაირად იქნებოდნენ. ითქვა ბევრი ტყუილი, რომ ძალით ვიყავი ვეფხოსთან, ძალით მომაწერინა ხელი და სხვა… ამის მე, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა.

ვიგებ, რომ ერთად კარგად იყვნენ, მეორე დღეს მიდის და შემაკავებელ განცხადებას წერს, რომლის შემდეგაც მამაჩემი აკეთებს ამას… ქირას უხდიდა, აიძულებდა?! ტელეფონი რომ უყიდა, აიძულებდა?! მანქანაში ჩაჯდომას აიძულებდა?!.. – განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა.

ლიკა ბაქრაძის თქმით, მამამისმა შვილებსა და გერებს ცხოვრება დაუნგრია.

-მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. რა სასჯელს იმსახურებს, როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს?

რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს. მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი, ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ნებაყოფლობით ვიქორწინეო. ზუსტად ის მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს…

მათ პირადში მე არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ, თუნდაც 2014-ში რა მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებდა. ახლა იმიტომ ვერევი და იმიტომ მაინტერესებს, ბოლომდე ჩავერევი, რომ გავიგო, რისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? მე შემეხო, ჩემს შვილებს შეეხო, თაკოს, მის შვილებს შეეხო. ჩემი და თაკოს ურთიერთობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ ყველაფერში ვერევი და ამას ყოველთვის გავარკვევ, იმიტომ, რომ თაკოს წინაშე მართალი ვიყო, – თქვა მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა.

ნიუპოსტი