,,ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს ქვით გაუჩეჩქვა თავი, პათოლოგი იყო” – შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები

,,ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს ქვით გაუჩეჩქვა თავი, პათოლოგი იყო" - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელი გამოჭრეს.

გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ამ შემზარავი მკვლელობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია. მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს ყოფილმა მამინაცვალმა გამოასალმა. ბრალდებული 45 წლის ვეფხვია ბაქრაძეა. ის თამარ გამრეკელაშვილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლე გახლდათ, თუმცა ბოლო წლებში ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.

გავარკვიეთ, რომ ბაქრაძე ნათელა გობაძეზე სისტემატურად ძალადობდა. მაგალითად, 2014 წელს მან ყოფილ მეუღლეს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა.
„პათოლოგი იყო და არ ურიგდებოდა ნათელა. ის კი დაჟინებით სთხოვდა შერიგებას. ბათუმში ყვავილებით ჩააკითხა, ეუბნებოდა, ზღვისკენ გავისეირნოთო, დახრჩობა უნდოდა მისი. რომ არ გაჰყვა, ქვით გაუჩეჩქვა თავი“, – იხსენებს ნათელა გობაძის ნათესავი.
გამოცემის ინფორმაციით, ვეფხვია ბაქრაძე ყოფილ მეუღლეს თავს 2014 წელსაც დაესხა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

2015 წელს სასამართლომ სხეულის დაზიანების ბრალდებით ბაქრაძე პასუხისგებაში მისცა, თუმცა ის მალევე პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს ვადაზე ადრე დატოვა.
ახლობლების გადმოცემით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ვეფხვია ბაქრაძე ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც განაგრძობდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ნათელა გობაძემ კვლავ პოლიციას მიმართა.

გასულ კვირას, იმ ტრაგიკულ დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებამ ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, თუმცა ამ დოკუმენტით მოძალადის შეკავება შეუძლებელი აღმოჩნდა.
როგორც გამოცემასთან ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ბაქრაძე ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და შვილის მოკვლითაც არაერთხელ დაემუქრა. სწორედ ამის გამო მიმართა ნათელა გობაძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით.

13 აპრილს დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა თამარ გამრეკელაშვილიც, რომელმაც პირადი მიზეზების გამო განყოფილება უფრო ადრე დატოვა.
ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე ორი საათით ადრე გამოიცა, რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა.

ახლობლების გადმოცემით, სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77-ში, სადაც თამარ გამრეკელაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

თავდამსხმელმა იცოდა რა, რომ თამარის მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.

გარდაცვლილის ცხედარი პირველად მეზობლებმა აღმოაჩინეს. ისინი ბინაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ბავშვების განწირული ტირილის ხმა შემოესმათ. ერთ-ერთმა მეზობელმა თავდამსხმელიც დააფიქსირა, რომელიც უკვე ფანჯრიდან ხტებოდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა თამარ გამრეკელაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მის ცხედარს იმავე ღამეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თელავის რაიონის სოფელ სანიორეში გადაასვენეს.

ცნობილი ხდება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე სოლოლაკში შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მან იქ საცხოვრებელი ოთახი აპრილის დასაწყისში იქირავა და როგორც ირკვევა, მკვლელობის შემდეგ მან სწორედ აღნიშნულ საცხოვრებელში გაიარა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა შინდისის ქუჩაზე ჩხრეკა 14 აპრილს დილითვე ჩაატარეს და ნივთმტკიცებებიც ამოიღეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა კუმისის აგარაკებსა და მცხეთის რაიონშიც, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებული უძრავ ქონებას ფლობს.

ცნობილია ისიც, რომ 45 წლის ვეფხვია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სულ რაღაც ერთი წელი მუშაობდა და სამსახური მალევე დაატოვებინეს. 2015 წლამდე ბრალდებული კიდევ ერთხელ იყო ნასამართლევი. ბაქრაძე, 2009 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გაასამართლეს, რაც გულისხმობს „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება, თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე, დახმარების საჭიროების შესახებ, სათანადო დაწესებულებისთვის ან პირისთვის შეუტყობინებლობას“.

სამართალდამცველებმა 24 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე თელეთის დასახლებაში დააკავეს.

პრაიმტაიმი