დღეს ჭიაკოკონაა – როგორ აფრთხობდნენ კუდიანებს საქართველოში – ნინო ღამბაშიძე ალქაჯების ღამეზე

დღეს ჭიაკოკონაა - როგორ აფრთხობდნენ კუდიანებს საქართველოში - ნინო ღამბაშიძე ალქაჯების ღამეზეჭიაკოკონობას ადამიანები დიდმარხვის ბოლო კვირაში, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ.

-ვნების კვირის ოთხშაბათს ფშავში კუდიან დღე-ღამენის, ხევსურეთში კუდიან წუხრას, ქართლში კუდიანობა ღამეს და სხვას უწოდებდნენ.ძირითადად კი ეს დღე ჭიაკოკონობის სახელით იყო ცნობილი.

ვნების ოთხშაბათის ღამეს, სამეგრელოს გარდა, მთელ საქართველოში,  ჭიაკოკონებს ანუ კოცონებს ანთებდნენ. სოფელსა თუ ქალაქში ყველა საკუთარი სახლის წინ კოცონს ანთებდა და დიდი თუ პატარა ცეცხლზე ჯვარედინად მანამ ხტებოდა, სანამ ეს კოცონი არ დაიფერფლებოდა.

გადახტომისას უნდა დაეძახათ: “არურუ კუდიანებს (ან: არული, აჰარი, ალული…)! ჯვარი აქაურობას!” ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა.

კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას (იალბუზის მთა, აჩხოტის მინდორი, მდ. იორი, ტაბაკონის მთა…) იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ.

სვანეთში ბზობის საღამოდან ლიროკინალი ანუ განდევნა იწყებოდა. ზოგან ვნების კვირას ჰორიალე ნეგზის ანუ კუდიანების კვირას უწოდებდნენ.

სვანეთში დიდ ოთხშაბათს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალი იღებდა ქონის ნაჭერს და ოჯახის ყველა წევრს უსვამდა შუბლზე, კისერზე, მკერდზე და ხელის გულებზე, თან ამბობდა: “ღმერთმა მრავალ ბრწყინვალე აღდგომას დაგასწროთ”.

რაჭაში დიდ ოთხშაბათს მხოლოდ სადილობამდე შეიძლებოდა მუშაობა; უფრო ვენახში. ნასადილევს აღარ იმუშავებდნენ.

სამეგრელოში ჭიაკოკონა 15/28 აგვისტოს, ღამე იმართებოდა.

იმერეთში მიაჩნდათ, რომ კუდიანებმა ყველაფერს შეიძლება ავნონ, მათ შორის ვენახსაც. ვაზის დასაცავად იმერეთის მოსახლეობა ვენახშიც ანთებდა კოცონს და იქვე ისროდა თოფს.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ახალ ტანსაცმელს კრავდნენ, ბოხჩაში ახვევდნენ, ტახტზე დებდნენ და ასკილის ტოტებს ადებდნენ, რის შემდეგაც ხალხის რწმენით ტანსაცმელს კუდიანი ვეღარ მიეკარებოდა და ვერ დაჭრიდა. ვინმეს სახლის წინ კაკლის ან ატმის ხე თუ ედგა, ზედ საცერს ჰკიდებდნენ. ხალხის წარმოდგენით კუდიანები კაკლის და ატმის ხეს ეფარებიან, ხოლო თუ მათზე საცერი იქნებოდა დაკიდებული, ისინი ხილული გახდებოდნენ.

მესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იცოდნენ.

ქართლში კუდიანობა ღამეს ასკილის, ტყემლის ტოტებს მოჭრიდნენ, წვრილად ჭრიდნენ, ტაბაკზე ყრიდნენ, ზედ ნახშირს აყრიდნენ და ყანაში მიჰქონდათ. ასკილის ტოტებს მიწაში არჭობდნენ და ძირს ნახშირს ყრიდნენ.

ასკილს და ტყემლის ტოტებს (რომლებზეც ხალხი ამბობდა კუდიანების მტერიაო), ბოსტანშიც არჭობდნენ _ ავი საქმე, ავი თვალი, ავი ყბა აღარ მოგვიდგებაო, _ ამბობდა ხალხი. ამ ყველაფერს დამახვილებას უწოდებდნენ. თუ ქათამი კვერცხზე იჯდა, ასკილის ტოტებს საქათმის კარსაც უკეთებდნენ, კუდიანების დასაფრთხობად კარზე ჯვარედინად ამაგრებდნენ, გარეთა მხრიდან კი მუგუზლებს დებდნენ.

ასკილის ტოტებს ფქვილზედაც დებდნენ. მელოგინეს (მომშობიარების შემდეგ ლოგინში მწოლიარე ქალი) ლოგინთან ტყემლის დიდ ჯოხს მიუყუდებდნენ, ბავშვის აკვანს კი ცეცხლს გადაატარებდნენ.

ლიახვის ხეობაში, ჭიაკოკონობის წესს ჭიების საწინააღმდეგოდ ასრულებდნენ. მოსახლეობა ჩალა-კაჭაჭს ცეცხლს წაუკიდებდა, ზედ გადაახტებოდა და დაიძახებდა: “არული კუდიანებს!” ჩამქრალი ცეცხლის ნაცარს მოხვეტავდნენ და ბოსტანში დაყრიდნენ, რომ ჭიას ბოსტნეული არ გაეფუჭებინა. შემდეგ უმძრახად (სიტყვის უთქმელად) წყალს მოიტანდნენ და ტანს დაიბანდნენ. ზოგან, მაგალითად სოფელ ერედვში ამ წესს დიდ ხუთშაბათს ასრულებდნენ.

კახეთში, ეშმაკი სახლში რომ ვერ შესულიყო, კარის ძელზე ცეცხლმოკიდებულ ეკალს ჰკიდებდნენ. ანთებული ცოცხით ან ფიჩხის კონით სახლს გარშემო რამდენჯერმე შემოურბენდნენ, რომ ეშმაკი მათ საცხოვრებელს ახლოსაც კი ვერ მიკარებოდა.

ხევსურებმა ამავე დღეს, ანუ კუდიან წუხრას, როგორც მას თავად უწოდებდნენ, მესმინაედ დაჯდომა ანუ კუდიანების სმინაობა, მოსმენა იცოდნენ.

ვისაც კუდიანების საუბრის მოსმენა უნდოდა, ის ამ ღამეს სადმე შორს, გზის გასაყარზე, ჩუმად და ზურგშექცევით დაჯდებოდა. მესმინაედ დამჯდარი თავის გარშემო თითისტარით წრეს შემოავლებდა და გარშემო ნახშირს შემოიყრიდა.

მესმინაე აუცილებლად მაგრად უნდა მჯდარიყო, არ განძრეულიყო და არ შეშინებოდა. ხალხის აზრით, კუდიანებს ნახშირის წრის გადალახვა არ შეეძლოთ. ასევე მიაჩნდათ, რომ კუდიანები ძირითადად იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ ვინ როგორი ადამიანი იყო, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებდა, რითი და როდის გარდაიცვლებოდა. ხალხის რწმენით კუდიანები გამთენიისას ქრებოდნენ.

ხევსურეთში მას მერე, რაც ყველა ქალი ბუნაგს დაღბეჭდავდა ე.ი ყველაფერს, რაც სახლში ექნებოდათ ჯვრის ფორმით ნახშირს წაუსვამდა და იტყოდნენ: “ქრისტემ დაგკრას ბეჭედი, ქრისტის დედამ მარიამმა!” ბავშვს ასკილის ტოტების მოსატანად გზავნიდნენ. ერთ ტოტს ნეხვზე არჭობდნენ და იტყოდნენ: “კუდიან ფეხშეკრული!” ერთს კარის და საკვამურის თავზე შემოდებდნენ და იტყოდნენ: “კუდიანს შახმას (ე. ი. შეახმეს) ფეხი!”…

ფშავლების თქმით, ვინაიდან “ოთხშაბათი კუდიანი დღე იყო”, კუდიანებს ღვთისშვილებისა და ღმერთის ნებით ქვეყანაზე სიარულის უფლება ჰქონდათ. ამ დღეს ქალებსა და ბავშვებს ძალიან ეშინოდათ გარეთ გამოსვლა.

კუდიანებს, რომლებიც ხალხის რწმენით ქალებიც იყვნენ და კაცებიც, ნებისმიერი ადამიანის ვნება შეეძლოთ. მსხვერპლი ავად ხდებოდა და კვდებოდა. ხალხის აზრით, კუდიანები ადამიანებს თავსაც აკვლევინებდნენ ან თვითონვე ხოცავდნენ ზვავით, წყლით ან ქვით. ისინი შინაურებსაც არ ინდობდნენ. თუ რომელიმე დაინდობდა, მათი უფროსი – როკაპი მასაც მოკლავდა.

კუდიანს სასჯელისაგან მხოლოდ თავისი კუდიანობის სახალხო, საჯარო აღიარება თუ იხსნიდა. ხალხის თქმით, კუდიანი დედაკაცი ძალიან მავნე და დაუზოგავია, კაცი _ არა. კუდიანი კაცი მშვიდია, ვინმეს ვნებას ვერც კი ავალებდნენ, რადგან დავალებას არ შეასრულებდა. იგი ყოველთვის იცავდა თავის გვარს, ნათესაობას და ყოველ ღონეს იხმარდა, თავისიანები მოსალოდნელი უბედურებისაგან დაეცვაო.

ფშავლები იტყოდნენ: “ნეტავი იმ მამიშვილობას, რომელ მამიშვილობაშიც კუდიანი კაცია და ვაი იმ მამიშვილობას, ვის მამაშიც კუდიანი დედაკაციაო”. კუდიანობის უნარის დაკარგვა მხოლოდ გამოტეხვის, აღიარების შემდეგ იყო შესაძლებელი. სჯეროდათ, რომ კუდიანებს შეეძლოთ მონადირეებისათვის სახიფათო გზები უხიფათოდ მოეჩვენებინათ.

ნინო ღამბაშიძე, ამბიონი