დავით ჭიჭინაძე: ,,ირაკლი კობახიძე არ არის ჩვენი უფროსი, მისი განცხადებები მიუღებელია” – ,,ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებაზე ალაპარაკდა

დავით ჭიჭინაძე: ,,ირაკლი კობახიძე არ არის ჩვენი უფროსი, მისი განცხადებები მიუღებელია" - ,,ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებაზე ალაპარაკდადაპირისპირება მმართველ გუნდში სულ უფრო მწვავდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი უკვე ღიად საუბრობენ, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებთან.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც პრემიერის წინააღმდეგ მიდის პარლამენტის თავმჯდომარე, ამაზე უმრავლესობა თვალს ვერ დახუჭავს და მის გადადგომას მოითხოვს.

-მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსულმა  ადამიანებმა, რომლებიც  მოვიდნენ ,,ქართულ ოცნებაში”, არ გაიზიარონ პრემიერმინისტრის სულისკვეთება. რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს  ,,ქართულ ოცნებაში” ყოფნით…

პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლოდროინდელი  მისი განცხადებები, თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ  ასეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ,,ქართულ ოცნებაში” და  ამიტომ ვიძახი,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე _ დააყენებს თუ არა პირადად დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის საკითხს, დეპუტატი პასუხობს, რომ თუ სიტუაცია არ დალაგდა, ეს გარდაუვალი იქნება.

-თუ ეს საკითხი  დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რუსთავი 2