,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ” – რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდან

,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ" - რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდან,,ბიჭების მოწყვეტილი ხელ-ფეხი ჰაერში ცვიოდა,“ – ასე აღწერს 5 აპრილს გამთენიისას ექვსი  მეშახტის გარდაცვალების ამბავს მინდელის სახელობის შახტის მოხუცი მუშა. მისივე თქმით, დაღუპულთა სხეულები ჰაერის ძლიერი ნაკადისგან იმდენად დაზიანდა, რომ დანაწევრებული გარდაცვლილები შახტიდან ტომრებით გამოასვენეს.

ის ამბობს, რომ ტყიბულის “საქნახშირი” (შახტის მმართველი კომპანია) მთელ ქვეყანაში ერთადერთი დასაქმების ადგილია, სადაც „განტევების ვაცები“ გარდაცვლილები არიან.

„ეს არის სიკვდილი, რომელიც თავად მიცვალებულებს ბრალდებათ. იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს ვეღარ იტყვიან. მკვდრის ოჯახს კი აჩუმებენ,“ – ამბობს მეშახტე, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით “ქუთაისიპოსტი” არ ასაჯაროებს.

სწორედ ანონიმურად მოსაუბრე მეშახტეები გვიყვებიან, რომ თუ დუმილს დაარღვევენ და კომპანიაში არსებულ მძიმე პირობებზე ღიად ისაუბრებენ, მეორე დღეს სამუშაოს გარეშე დარჩებიან.

“სამსახური არ გვიყვარს, მაგრამ ტყიბულში ეს ფულის შოვნის ერთადერთი გზაა. ახლა რომ ჩაგეწეროთ, ხვალ აუცილებლად გაგვათავისუფლებენ სამსახურიდან. მერე ვინ გადამიხდის ბანკის სესხებს? აქ ყველას ჩემსავით ბანკის ვალი აქვს, ამიტომაც ვწირავთ თავს,” – ამბობს ერთ-ერთი მეშახტე.

ერთ-ერთი ასე განწირული და ყველაზე ახალგაზრდა მეშახტე სამსახურში 4 აპრილს მივიდა, დილით კი ტომრით, დანაწევრებული გამოიყვანეს.

25 წლის პავლე გამეზარდაშვილი დედ-მამასთან და 2 დედმამიშვილთან ერთად მეშახტეთა ბინაში ცხოვრობდა. შენობა ამორტიზებულია, რის გამოც მეშახტეები სამსახურის გარდა, საფრთხის ქვეშ არიან სახლშიც.

მეშახტეთა ბინას რეკონსტრუქცია 1958 წლის შემდეგ არ ჩატარებია.

,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ" - რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდანგარდაცვლილი ახალგაზრდა მეშახტის მეგობარი იხსენებს, რომ ის ძალიან პატიოსანი და შრომისმოყვარე იყო. ახსოვს მისი ბოლო ოცნებაც.

“პოლონეთში უნდოდა წასვლა და შახტაში დასაქმება, იქ დიდი ხანია წავიდნენ ჩვენი ბიჭები.  გვწერენ, რომ კარგი სამუშაო პირობები და ხელფასები აქვთ და მუშების სიცოცხლესაც უფრთხილდებიან, მე და პავლეც ვოცნებობდით იქ წასვლაზე და ფულსაც ვაგროვებდით ამისთვის, ” – ამბობს გარდაცვლილი მეშახტის მეგობარი.

პავლეს მსგავსად, გიორგი ბოჭორიშვილიც უკეთესს პირობებსა და ქვეყანაში  გეგმავდა წასვლას, თუმცა მისი სიცოცხლეც შახტაში მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა.

27 წლის გიორგის სამი მცირეწლოვანი ობლად დარჩა. ნათესავის თქმით, ბავშვები მამას ეძებენ.

“გრძნობენ, რომ რაღაც ცუდი მოხდა და ცდილობენ მამა თვალებით იპოვონ, ვინ აუნაზღაურებს ამ ოჯახს ამ დანაკარგს, ეს შახტა კი არა სასაფლაოა, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ერთი ვაგონი ნახშირი ურჩევნიათ,” – ამბობს ბოჭორიშვილების ნათესავი.

 

როდის დაიღუპებიან, ეს არც იმ მეშახტეებმა იციან, ვინც ცოცხლები დარჩნენ. რადგან ამბობენ, რომ საქნახშირის ხელმძღვანელობას მათი სიცოცხლის უსაფრთხოება არ ადარდებთ.

“ეს ძაღლური, მონური სამსახურია, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ არის ფასეული, ხელმძღვანელობას სულ ცალფეხზე ვკიდივართ. გადმოგვიგდებენ 900 ლარს და ცხოველებივით გვეპყრობიან,” – გვეუბნებიან მეშახტეები.

5 აპრილს მომხდარ ტრაგედიას სწორედ გაუფრთხილებლობასა და გულგრილობას უკავშირებენ.

“ცალ-ცალკე უნდა გაეხსნათ  ლავი და არა ერთიანად, მაგრამ ისე რომ გაეკეთებიათ, როგორც წესი და რიგია, ძვირი დაუჯდებოდა ადმინისტრაციას, ” – ამბობს ერთ-ერთი მეშახტე, რომელიც გვიხსნის, რომ სახიფათო სამსახურს სწორედ ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობის გამო არ ანებებს თავს.

ისიც ახალგაზრდა და 25 წლისაა, შახტაში 8 წელია, რაც მუშაობს და სწორედ აქ მიღებული თანხით ინახავს 4 შვილს.

“ჩვენც კარგად ვიცით, რა კატორღაშიც ვმუშაობთ, მაგრამ აქ ხელმძღვანელობის იმედით კი არ ვართ,  ერთმანეთის იმედი გვაქვს, რადგან არ ვიცით, როდის რა მოხდება და ისევ დავუბრუნდებით თუ არა ოჯახებს,” – ამბობენ მეშახტეები.

ალბათ სწორედ ამ ერთიანობის განცდაა მიზეზი იმ ყოველდღიური ჩვეულების, რომლითაც მეშახტეები დღეს იწყებენ. ეს ჩვეულება კი ერთმანეთისთვის ნათქვამ სამ უბრალო სიტყვაში გამოიხატება –  “მშვიდობიან დღეს გისურვებ.”

“საქნახშირის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შახტაში სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა – გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. “წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო ექვსმა თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა,” – განაცხადეს “საქნახშირის” ადმინისტრაციაში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.

ქუთაისიპოსტი