ბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე დუეტს ჩაწერენ – ,,მიხარია, რომ გაუგებრობა მეგობრობით დასრულდა”

ბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე დუეტს ჩაწერენ - ,,მიხარია, რომ გაუგებრობა მეგობრობით დასრულდა"ბერა ივანიშვილი და რეპერი ზაზა ნოზაძე ერთობლივ დუეტს ჩაწერენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ბერა ივანიშვილმა დაწერა:

“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. მიხარია, რომ გაუგებრობა მეგობრობით დასრულდა და საერთო სიმღერით დაგვირგვინდება.
ერთმანეთის გულის ტკენა მარტივია, სიყვარულს კი მუდმივად გაფრთხილება სჭირდება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!” – წერს ბერა.

რეპერმა ზაზა ნოზაძემ რამდენიმე დღის წინ  ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ბერა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, მათ შორის კონფლიქტზე ისაუბრა და ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ თავის სიმღერებში მას ცუდად მოიხსენიებდა და, როგორც ამბობს, მისი სახელის გატეხვას ცდილობდა თავისი აუდიტორიის წინაშე.

-ბიძაჩემი, რომელმაც გამზარდა და ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო, რამდენიმე წლის წინ სისხლის მძიმე დაავადებით, სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. გუშინ მეორე ბიძა მახსენებდა, როცა კახა მძიმე მდგომარეობაში იყო, ის ხარჯები, რაც უნდა გაგვეწია ოჯახს, ამის საშუალება არ გვქონდა და ვინმე ბ. ივანიშვილი დაგვეხმარა. ამ ადამიანმა უზრუნველყო ის ხარჯები, რაც საჭირო იყო და ბიძაჩემს გაუხანგრძლივა სიცოცხლე, – ყვება რეპერი.

წლების შემდეგ მან ,,ჯიდიესზე” დაიწყო მუშაობა მემონტაჟედ, მაგრამ სამსახურში მთვრალი დადიოდა და ამის გამო იქიდან გაათავისუფლეს.

ზაზა ნოზაძის ვიდეომიმართვას ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

“შეცდომის დანახვას, მის აღიარებასა და ბოლოს მონანიებას მხოლოდ ძლიერი ადამიანები ახერხებენ. მე კი  მიყვარს ასეთებთან ურთიერთობა.
P.S. ყველაფერს თავისი ხანდაზმულობის ვადა აქვს, განსაკუთრებით კი – შეცდომის აღიარებას.
გაუფრთხილდით დროს…”.