ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ოზურგეთში კაცი მოკლა

რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის  სოფელ შემოქმედში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.

– ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მისი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – აცხადებენ ადგილობრივები.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძლიერი ინტოქსიკაციით გადაიყვანა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს:

– პაციენტი სასწრაფომ ჩვენთან გადმოიყვანა ტერმინალურ მდგომარეობაში, შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, გული გაუჩერდა. ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოყვანილი. გვითხრეს, რომ რაღაცას წამლავდა და გახდა ცუდად, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ მელექედურში დღეს მოხდა, როცა იმავე პრეპარატით შეწამვლითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მამაკაცი ცუდად გახდა.

– სახლის სხვენს ვწამლავდი, სადაც იცის დაბუდება. აპარატი მქონდა და ნიღაბიც მეკეთა. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა სუნთქვა მეკვროდა, მერე გონება დავკარგე და კიბიდან ჩამოვვარდი. ამ დროს მეზობელთან სასწრაფო იყო გამოძახებული, მეც გამსინჯეს და მითხრეს, ქიმიური მოწამვლა გაქვსო, – აცხადებს ი.ღ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018