როლანდ დაუდაშვილის მკვლელი კამერებმა დააფიქსირეს – “ჩანს, როგორ ეპარება მკვლელი უკნიდან და ზურგზე ადებს იარაღს”

გასული წლის 8 ნოემბერს თელავში, საღამოს დაახლოებით 7-ის ნახევარზე, ახალგაზრდა კაცი, 30 წლის როლანდ დაუდაშვილი, გამიზნულად, მიპარვით მოკლეს. ახალგაზრდა კაცი მუშაობით იყო გართული მეტალოპლასტიკატის საამქროში, როდესაც ვიღაც უკნიდან მიეპარა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაუდაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

საამქროდან დაახლოებით 200 მეტრში არსებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა, როგორ მივიდა მკვლელი მსხვერპლთან, ესროლა და გაიქცა. შებინდებული იყო. საღამოს ნისლს წვიმაც დაერთო. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერში მკვლელის სახე ვერ ირჩევა. წვიმამ კი ნაკვალევი წაშალა. დანაშაული აქამდე გახსნილი არ არის.

მკვლელობის დღეს გაჩნდა ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვიანობის გამო მოკლეს, რადგან მას და მკვლელს ერთი გოგო უყვარდათ. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ ოჯახის წევრები და გამოძიებას უმოქმედობასა და მკვლელის დაფარვაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის დეიდა, მაია იშხნელი, “სარკეს” უყვება:

– როლანდი თელავში მარტო ცხოვრობდა, რადგან იქ მუშაობდა. როგორც ვიცი, იმ დღეს ის და მისი მეგობრები მეგობრის სანახავად საავადმყოფოში აპირებდნენ მისვლას, მაგრამ, რადგან როლანდს კარ-ფანჯრების შეკვეთა ჰქონდა დასამთავრებელი, ვერ წავიდა და მუშაობა გააგრძელა. მასთან ერთად საამქროში მისი მეგობარიც იყო. ის სახლში ტანსაცმელის გამოსაცვლელად წასულა და მალე უნდა დაბრუნებულიყო.

იმ ბიჭის წასვლიდან 5-7 წუთში მკვლელი გამოჩნდა და მივიდა იმ მხრიდან, საიდანაც სათვალთვალო ვიდეოკამერა ნაკლებად აფიქსირებს. იმ ტერიტორიაზე ორი კამერაა დაყენებული.

ერთი კამერის ჩანაწერიდან, რომელიც, თუ არ ვცდები, ლიმონათის საამქროშია, ჩანს, როგორ ეპარება მკვლელი როლანდს ზურგიდან. ფრთხილად აღებს კარს და მუშაობაში გართულ როლანდს ზურგიდან ადებს იარაღს. პირდაპირ გულში ესროლა და წავიდა ზუსტად იქით, საიდანაც მოვიდა.

დაახლოებით 7-ის ნახევარი იყო, არცთუ ისე დაბნელებული, მაგრამ წვიმდა და ნისლი იდო. წვიმამ ნაკვალევი წაშალა, მაგრამ იმდენი სისხლი იყო დაღვრილი… სისხლის ნაკვალევს ხომ ვერ წაშლიდა?!

– ოჯახის ვერსია რა არის?

– არანაირი ვერსია არ არსებობს. აშკარა მტერი არ ჰყოლია. როლანდი უზომოდ კეთილი იყო, უამრავი მეგობარი ჰყავდა. არც ლოთი ყოფილა, არც ნარკომანი. ერთხელაც კი არ ჰქონია პოლიციასთან პრობლემა. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მხოლოდ ის იყო თელავში.

შეიძლება უდანაშაულო, ანგელოზივით ბიჭი ისე მოკლან, რომ რის გამო, არავინ იცოდეს? აქამდე მკვლელი რომ არაა დაკავებული და არც მიზეზი არსებობს მკვლელობის, ამიტომ ვართ გადარეული.

ჩემი და ადვოკატის აყვანაზე თავს იკავებდა, რადგან გარანტიას გვაძლევდნენ გამომძიებლები, რომ მკვლელს დააკავებდნენ. მერე გამოიცვალა თელავის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. სხვა დანიშნეს და მან ისევ დაპირებებით აგვავსო, მაგრამ ამაოდ. ხუთი გამომძიებელი მაინც გამოიცვალა ამ საქმეზე, მაგრამ სიახლე არ არის.

ამჟამად ვინმე ქინქლაძეს აქვს საქმე. თუ ჩემმა დამ არ დაურეკა, არც იწუხებს თავს, რამე გვკითხოს, მიდგეს, მოდგეს. როცა ვურეკავთ, დაზეპირებული ფრაზით გვპასუხობს – არაფერია, ქალბატონო, ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობსო და გვითიშავს ტელეფონს.

სამართალდამცავების მოქმედებიდან გამომდინარე, ეჭვი ჩნდება, რომ ზუსტად იციან, მკვლელი ვინცაა და შეგნებულად სხვა გზით მიდიან. შეიძლება ვიღაც ძალოვანიც ურევია ამ საქმეში ან ფული აქვთ აღებული. სხვა რა უნდა ვიფიქროთ? ხალხმა პირში წყალი ჩაიგუბა, თითქოს ვიღაცის ეშინია, ანუ ეშინია იმის, რომ იგივე უბედურება მის თავზეც არ დატრიალდეს.

– ფიქრობთ, ამ ამბავს თვითმხილველიც ჰყავს?

– როგორც ჩანს, ჰყავდა თვითმხილველები. ვისაც რაიმე შეკითხვას დაუსვამ, ყველა ჩუმდება. ვინმე ხელწამოსაკრავი რომ ყოფილიყო, ათასჯერ დააკავებდნენ. დღემდე არ არსებობს ექსპერტიზის პასუხები, ყველანაირად წელავენ დროს. უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა როლანდს, მის მიმართ ყველა დიდ სიყვარულს იჩენდა ისევე, როგორც თვითონ როლანდი იყო მათ მიმართ.

ერთს გააჩუმებენ, მაგრამ ყველას – ვერა. თუ სიმართლის ძებნისთვის ხალხი უნდა დახოცონ, აქ ვარ და მომკლან! როლანდი ლაჩარი არ ყოფილა და არც ჩვენ გვაქვს უფლება, მშიშრები ვიყოთ. საქართველოში თუ გამოძიება წესიერად არ მიმდინარეობს, თუ არაადეკვატურია მთავრობა, თუ ყოველდღე ახალგაზრდების სისხლს ღვრიან, მაშინ ასეთი საქართველო რად გვინდა?! მკვლელს თუ დაიჭერენ და ერთ წელში გამოუშვებენ, არც ეს იქნება სამართალი. ღირსეულად უნდა მიეზღოს – სამუდამო პატიმრობა!

– იქნებ გაძარცვის მიზნით მოკლეს?

– გაძარცვა გამორიცხულია, არაფერია წაღებული. პატიოსნად შრომობდა, იმდენს შოულობდა, თვითონ რომ ჰყოფნიდა. არავისთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ფული საამქროში არც ჰქონდა და სხვა ყველა ნივთი ხელუხლებელი იყო. ეს კარგად დაგეგმილი და ჩადენილია გამოცდილი მკვლელის მიერ, რომელმაც შესანიშნავად იცის კვალის დაფარვა.

– მაშინვე გახმაურდა ვერსია, რომ მკვლელს და როლანდს ერთი გოგო უყვარდათ და მკვლელობაც ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

– ტყუილია. როლანდს ვინც უყვარდა, ის გოგო რამდენიმე წლის წინ ლეიკემიით გარდაიცვალა. სერიოზული ურთიერთობისთვის თუ ემზადებოდა, რომელიმე ჩვენგანს მაინც ეცოდინებოდა. ეგ ჭორი მკვლელობისთანავე გაავრცელეს. მაშინ დაასახელონ, ვინ იყო ის გოგო, დაასახელონ ის ბიჭიც, ვისაც ის გოგო უყვარდა და საქმეც გაიხსნება.

გაავრცელეს ჭორად, ვითომ როლანდის მეგობარმა ბიჭმა თქვა, რომ ერთი გოგო უყვარდათ მკვლელს და როლანდს. ვინაა ის მეგობარი, ვინც ეს თქვა, რატომ არ ამბობენ?! რატომ არ აცნობა ეს ამბავი ამ ვიღაც მეგობარმა ჩვენს პოლიციას?

როლანდი ფიზიკურადაც და ადამიანური თვალსაზრისითაც ძალიან კარგი ბიჭი იყო. ამიტომ არაა გამორიცხული, თაყვანისმცემლებიც ბევრი ჰყოლოდა. თუ ვინმე ეჭვიანობდა, არც ეგაა გასაკვირი, მაგრამ როლანდი სხვის გრძნობებზე არასოდეს ითამაშებდა, არც ვინმეს წაართმევდა ქალს. რაც შეეხება იმას, რომ შურდათ მისი კარგი ადამიანობის, გარეგნობის, სიმშვიდის და ასე შემდეგ, ეს მართლაც არაა გამორიცხული.

როლანდი 30 წლის იყო, დასაქორწინებელი, უაღრესად შრომისმოყვარე და პატიოსანი. შირად მიდიოდა მონასტერში და იქ სულიერ საზრდოს იღებდა, ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობდა. მოტოკროსზე დადიოდა. ბაიკერიც იყო. ძალიან უყვარდა ბავშვები, უბოროტო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ყველაფერი ჰქონდა, მაინც საკუთარი შრომით სურდა, მოეწყო ცხოვრება. ჰყავდა უამრავი ნათლული, მეგობრების მშობლები საკუთარი ოჯახის წევრივით იღებდნენ, ყველას უყვარდა. ერთი ადამიანიც არ არსებობს, ვინც როლანდს ცუდად მოიხსენიებს.

 რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018