რეზიკო გოცირიძე სიმამრ რამაზ შენგელიაზე: “ისეთი უშუალო და თბილი იყო, არ გაგრძნობინებდა, რომ შენ წინაშე ამხელა დონის ფეხბურთელი იდგა” – რა ისწავლა რამაზ შენგელიასგან ფეხბურთელმა სიძემ

ყოფილი ფეხბურთელი რეზიკო გოცირიძე მოედანს ვერ შეელია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ამ სფეროში დარჩა და ამჟამად გუნდ “საბურთალოს” მწვრთნელია. ახალგაზრდა თაობას იმ გამოცდილებას უზიარებს, რაც სხვადასხვა კლუბებში თამაშისას დაუგროვდა, აგრეთვე, რაც სიმამრმა, ცნობილმა ფეხბურთელმა რამაზ შენგელიამ ასწავლა.

ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობდნენ, თავდამსხმელები იყვნენ, ამიტომ გამოცდილი სიმამრის რჩევები ახალგაზრდა სიძისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. რამაზ შენგელია, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

ცნობილი ფეხბურთელის ქალიშვილზე, ნატა შენგელიაზე, რეზიკომ 15 წლის წინ იქორწინა და დღეს უკვე სამი შვილი ჰყავთ – 14 წლის დათუნა, 3 წლის ანუშკა და 2 წლის სანდრო.

– რეზიკო, სანამ მწვრთნელი გახდებოდით, საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა გქონდათ, არაერთ გუნდში ითამაშეთ. როგორ გახსენდებათ მოედანზე პირველი შესვლა?

რეზიკო: ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში “ნორჩ დინამოელში” დავიწყე. პირველი მწვრთნელი ოთარ გეგეჭკორი იყო. შემდეგ ვახტანგ კოპალეიშვილმა ითამაშა დიდი როლი ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ჩამოყალიბებაში. ამის მერე იყო “დინამო 2”, შემდეგ უკვე “ვიტ-ჯორჯია”, სადაც საუკეთესო პერიოდი მქონდა. 2004 წელს ჩემპიონები გავხდით და იმ წელს ბომბარდირი ვიყავი.

“ვიტ-ჯორჯიას” შემდეგ 2 წელი რუსეთის პირველ ლიგაში “კამაზში” ვითამაშე, საიდანაც დავბრუნდი საქართველოში და ვიყავი “რუსთავში”, “ამერში”, შემდეგ წავედი ისრაელში. კარიერა კი გუნდ “საბურთალოში” დავასრულე. ყველაფერს ჩემი შრომის ხარჯზე მივაღწიე.

– მწვრთნელობა ისევ და ისევ ფეხბურთის სიყვარულის გამო გადაწყვიტეთ?

რეზიკო: როდესაც აქტიური სპორტსმენი ვიყავი, მაშინაც მწვრთნელობის ინტერესი მქონდა. გამიმართლა, რომ მწვრთნელის კარიერა “საბურთალოში” დავიწყე. ისე მოხდა, რომ თავიდანვე პირველ გუნდში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის, დამხმარე ვიყავი და მისი დამსახურებაა, რომ დღეს მწვრთნელი ვარ.

– ამბობენ, წარმატებული ფეხბურთელი ხშირად წარუმატებული მწვრთნელიაო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

რეზიკო: არ ვეთანხმები, რადგან შეიძლება ფეხბურთელობის დროსაც წარმატებული იყო და მწვრთნელობის დროსაც, მაგალითად, ზინედინ ზიდანია ასეთი. ისე კი, პირიქითაც არის ხოლმე.

– რთულია ეს საქმე?

რეზიკო: ეს სულ სხვა რაღაც არის. ფეხბურთელობის დროს მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეთამაშა. ახლა ვფიქრობ ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე, მათ როგორ მივუდგე… ათასი წვრილმანია.

– ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობთ. როგორ შეაფასებთ, კარგი თაობა მოდის?

რეზიკო: ამ ბავშვებს სწორი განვითარება სჭირდებათ. რაც უფრო მეტი საერთაშორისო თამაშები ექნებათ, მეტად განვითარდებიან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ჩემპიონატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელები განვითარდნენ.

– თქვენი შვილი, დათუნაც თამაშობს. როცა მამის და პაპის კვალს დაადგა, არ გაუწიეთ წინააღმდეგობა?

რეზიკო: არა. თუ კარგი ფეხბურთელი გამოვა, რატომაც არა, იყოს. სულ ვეუბნები, რომ პარალელურად უნდა ისწავლოს, რადგან ფეხბურთელი ყველა ვერ გამოვა. თუ ითამაშებს, კარგი იქნება, თუ არა, არც ეს იქნება პრობლემა. მთავარია, კარგი პიროვნება, განათლებული იყოს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი.

– ნატა, მამათქვენის, რამაზ შენგელიას, გენი სხვა შვილიშვილებსაც გამოჰყვათ?

ნატა: ჩემს ძმისშვილებს უფრო – არა. რომელიც მისი მოსახელეა და რამაზ შენგელია ჰქვია, მას საერთოდ არ აქვს ფეხბურთის ნიჭი. დათუნაზე ამბობენ, რომ აქვს ნიჭი, მაგრამ ვნახოთ.

– თქვენი და ბატონი რამაზის მამაშვილობაზე გვიამბეთ.

ნატა: ჩემთვის ძალიან თბილი იყო. მისგან არ მახსოვს ხმამაღალი სიტყვა, არასდროს დაუყვირია. ძალიან მეგობრული იყო, ჩემი ძმის მიმართ უფრო იჩენდა სიმკაცრეს.

ძალიან მსიამოვნებდა და მომწონდა, როდესაც ერთად ვიყავით და ცნობდნენ, თუმცა თავად იმდენად თავმდაბალი იყო, როდესაც სადმე ერთად ვიყავით, სულ ცდილობდა, ჩრდილში ყოფილიყო. არ უყვარდა, როდესაც ცნობდნენ და ამბობდნენ, ვაიმე, ვინ მოვიდაო.

– მისი თამაშები გახსოვთ?

ნატა: ბუნდოვნად მახსოვს სტადიონის ემოციები. სპორტის სასახლეში მინი ფეხბურთს როდესაც თამაშობდა, უკვე ვეტერანი ფეხბურთელი იყო. კარიერა მალე დაასრულა.

– ბატონ რამაზს უნდოდა ფეხბურთელი სიძედ?

ნატა: მამამ როცა გაიგო, რომ რეზიკოს მოვწონდი, ძალიან უხაროდა. მას ბავშვობიდან იცნობდა. მამაჩემისთვის ფეხბურთი იყო ცხოვრება და უხაროდა, რომ სიძეც ფეხბურთელი ჰყავდა.

შვილიშვილებზე კი ჰქონდა რეაქცია, არ უნდოდა, ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. ამბობდა, იმდენად საპასუხისმგებლოა, იმხელა ნერვები სჭირდება, რომ არ მინდა, სპორტის ამ სახეობას გაჰყვნენო.

სიძით ძალიან ამაყობდა. როდესაც რეზიკო ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა, ძალიან გულშემატკივრობდა, არც ერთ თამაშს ტოვებდა.

– საინტერესოა, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორია თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია.

ნატა: ზურა ხიზანიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. რეზიკო ზურას დაბადების დღეზე გავიცანი და ჩვენი ურთიერთობა იქიდან დაიწყო. დაახლოებით 5 წელი შეყვარებულები ვიყავით და, როგორც ხდება ხოლმე, იმ პერიოდში ხან ვჩხუბობდით, ხან ვრიგდებოდით. უკვე მე-15 წელია, რაც ოჯახი შევქმენით.

– რეზიკო, გაიხსენეთ ის მომენტი, როდესაც რამაზ შენგელიასთან ისე მიხვედით, როგორც სასიძო. როგორი იყო ეს შეხვედრა?

რეზიკო: რამაზს პატარაობიდან ვიცნობდი, მაშინ მე და ნატას ურთიერთობაც არ გვქონდა. 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ერევანში ვიყავით. პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა შემცვალა, ვერ ვითამაშე და რამაზმა დამამშვიდა.

როგორც სიმამრთან, ყოველთვის მორიდებული ვიყავი, მაგრამ ისეთი უშუალო და თბილი იყო, არ გაგრძნობინებდა, რომ შენ წინაშე ამხელა დონის ფეხბურთელი იდგა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.

– როგორ სთხოვეთ ბატონ რამაზს ქალიშვილის ხელი?

რეზიკო: ხელის სათხოვნელად არ ვყოფილვარ…

ნატა: რეზიკომ მითხრა, მერიდება, მამაშენი უნდა ვნახოო. მე კი არ მინდოდა ოფიციალურად ხელის თხოვნა. ვუთხარი, წავიდეთ და შემდეგ დავურეკოთ-მეთქი. რეზიკო თავს უხერხულად გრძნობდა, მეუბნებოდა, რას მიკეთებ, სწორად არ ვიქცევიო. მართლაც წავედით და მამას მერე დაურეკა.

– რა გითხრათ, როცა დაურეკეთ?

რეზიკო: მე არ დამირეკავს, ჩემმა მეგობარმა ვალერი გაგუამ დაურეკა. არ გაბუტულა.

ნატა: როგორც გითხარით, იცოდა, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით. რეზიკოს მამა ადრე გარდაეცვალა, დედას ვიცნობდი, მის ოჯახშიც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი. რეზიკოც იცნობდა დედაჩემს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიგვიცია, ასეთი რაღაცები არ მიყვარს.

– 15 წელია, რაც დაქორწინებულები ხართ, სამი შვილი გყავთ. როგორია ახლა თქვენი ურთიერთობა, რა შეცვალა წლებმა?

ნატა: რეზიკო ახლა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ბავშვებმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, რადგან საერთო საფიქრალი, საერთო ინტერესები, საერთო ხედვა გვაქვს. ჩემთვის ცოლქმრობა ურთიერთგაგება და პატივისცემაა. როდესაც ოჯახი შევქმენით, მე 20 წლის ვიყავი, რეზიკო 22-ის იყო. ერთად გავიზარდეთ, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო გამყარდა და უკეთესობისკენ შეიცვალა.

– როგორია რეზიკო ყველაზე მნიშვნელოვან მოედანზე, ოჯახში?

ნატა: ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. დათუნა მამას ძალიან ემეგობრება და კაცურად ელაპარაკება. მამის რიდი აქვს, დიდ პატივს სცემს. მისთვის რეზიკოს სიტყვა კანონია.

– დათუნა ინტერესდება მამის საფეხბურთო წარსულით?

ნატა: რეზიკო მართლაც პროფესიონალი იყო და დათუნას ვუყვები ხოლმე, არ არსებობდა, მამაშენს რეჟიმი დაერღვია-მეთქი.

– ნატა საკმაოდ კარგად ერკვევა ფეხბურთში. რეზიკო, როდესაც აქტიური ფეხბურთელი იყავით, გაძლევდათ ცოლი შენიშვნას?

რეზიკო: რაღაცებს მეუბნებოდა ხოლმე და ვითვალისწინებდი კიდეც.

– სიმამრისგან რა რჩევა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

რეზიკო: მეუბნებოდა, თავდამსხმელი როდესაც ხარ, შეიძლება გქონდეს კარგი მომენტები, მაგრამ გოლი ვერ გაიტანო, ნუ ნერვიულობ, როდესაც პატარა ვიყავი, მეც მქონდა ასეთი შემთხვევები, ყველაფერი ცივი გონებით გადაწყვიტეო.

– ნატა, მწვრთნელის ცოლობა რითი განსხვავდება ფეხბურთელის ცოლობისგან?

ნატა: თითქოს სხვაგან გადავჯექი და ფეხბურთს სხვანაირად შევხედე. როდესაც ფეხბურთელის ცოლი ვიყავი, მარტო რეზიკოს თამაშზე მქონდა აქცენტი. მწვრთნელობა სულ სხვაა, მთელი გუნდი უნდა მართოს. მგონია, რომ ბევრად შრომატევადია.

– დიდი ფეხბურთელის შვილი რომ ხართ, ალბათ ძალიან გეხმარებათ იმაში, რომ ქმარს ყველაფერში გაუგოთ და ხელი შეუწყოთ.

ნატა: რეზიკოს ცოლად რომ მივყვებოდი, ყველაფერი გააზრებული მქონდა. ჩემთვის ეს სიტუაცია ნაცნობი იყო, ვიცოდი, მას როგორი ხელშეწყობაც დასჭირდებოდა, თანაც მართლაც პროფესიონალი გახლდათ. ასეც მოხდა, რეზიკოს ჩემი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა. შეკრებებზე დიდი ხნით მიდიოდა და მე მარტო ვრჩებოდი. ვისაც ეს გამოცდილი არ აქვს, მისთვის ძალიან რთულია, ჩემთვის კი ნაცნობი იყო.

 მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018