მიხეილ ღანიშაშვილი: ,,გამააცხვა დედილამ სააღდგომოდ კვერები, პატარები, მურგვლები, ოდნავ ყვითელფერები”

მწერალი და პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) სააღდგომოდ საკუთარ ლექსს აქვეყნებს და იქვე დედის გამომცხვარი სააღდგომო კვერების ფოტოს დებს. საერთოდ, მის შემოქმედებაში დედის თემას დიდი ადგილი უჭირავს. ამბობს, რომ ის არის იმპულსი მისი შემოქმედების.

აღდგომა ილტოზე

გამააცხვა დედილამ
სააღდგომოდ კვერები:
პატარები, მურგვლები,
ოდნავ ყვითელფერები.

ფურნის გემოს იდევნებს
კვრიხინები, ხმელელები,
ახატიათ ზე-კანზე
ეხლაც დედის ხელები.

აქ არც ეკლესია გვაქვს,
არცა გვყვანან მღვდელები,
მაგრამა გვაქვს სანთლები
თაფლისები, თხელები.

ვდგავართ, რწმენით უფლისა
გულები გვაქვს მთელები,
ჩვენც ვზეიმობთ აღდგომას,
მთებში, ჭართალელბი.

“ქრსტე აღსდგა! დამარცხდნენ, –
ვამბობთ, – ქრისტეს მკვლელები!”
“ჭეშმარიტად!” – გვიხმობენ
ტურები და მელები…

გთავაზობთ ამონარიდს ინრევიუდან, რომელიც ,,კვირაჯის” გვერდზე გამოქვეყნდა.

– ჰო, მე სოფლელი, ჭართალელი, ილტოს ხეობელი მწერალი ვარ. ადრე, ახალგაზრდობის რაღაც პერიოდში, სულ პირველად რომ ჩამოვედი დედაქალაქში, ეს სირცხვილადაც კი მიმაჩნდა, რატომღაც მრცხვენოდა, მერიდებოდა ჩემი სოფლელობის, რადგან ვხედავდი, რომ, ამ მხრივ, საზოგადოება მკვეთრად დიფერენცირებული იყო.
არსებობდა უკრიტიკო მოცემულობა, რომ ქალაქელი განათლებული და განვითარებულია, ხოლო სოფლელი – უმეცარი და ჩამორჩენილი. მაგრამ, დროთა განმავლობაში, როდესაც უფრო კარგად და ღრმად ჩავიხედე ამ ხურჯინის ორივე თვალში, აღმოვაჩინე, რომ ეს ასე სრულებითაც არ არის და პროვინციალიზმი არა გეოგრაფიული, არამედ კულტურულ-ინტელექტუალური ფასეულობაა და სოფლად დაბადება და ადამიანის იმ ბუნებრივ გარემოში სულიერ-ფიზიკური ფორმირება უფრო ჯილდო ყოფილა, ვიდრე რაიმე საჩოთირო დამღა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018