,,მე ვარ გიორგი ლიპარტელიანი და მე არ ვარ მკვლელი” – სალომე ტატიშვილის სიკვდილში ბრალდებული საზოგადოებას წერილით მიმართავს

2 წლის წინ გუდაურში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გამოძიების ინფორმაციით, სასრიალო ტრასაზე  12 წლის სალომე ტატიშვილს უკნიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. გოგონამ მიმე დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი ლიპარტელიანი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, სადაც ამბობს, რომ ის არ არის დამნაშავე.

,,მე ვარ გიორგი ლიპარტელიანი და მე არ ვარ მკვლელი.
გადავწყვიტე, ორწლიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღო და ყველას გავაგებინო იმ ცილისმწამებლური და უსამართლო კამპანიის შესახებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ხორციელდება.

უკვე რამდენიმე თვეა ქართული მედიასაშუალებებით გადაიცემა ტენდენციური და ცალმხრივი სიუჟეტები, სადაც მომიხსენიებენ მკვლელად, ნაძირალად და უპასუხისმგებლო ადამიანად.

ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ სასამართლო იყო დავის გადაწყვეტის და სიმართლის დადგენის ბოლო ინსტანცია. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინარჩუნებდი დუმილს და ვცდილობდი, ღირსეულად შევხვედროდი ყველა განსაცდელს. მაგრამ დადგა დრო, როცა სიჩუმე უნდა დავარღვიო და დაწვრილებით მოგიყვეთ ჩემი საქმის ყველა დეტალი.

წინასწარ გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი ზედმეტი ემოცია და აღელვება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ უკვე რამდენი ხანია ვხედავ და ვისმენ, თუ როგორ მლანძღავენ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს, ჩვენ უკვე ვიქეცით დევნისა და საჯარო შეურაცხყოფის ობიექტებად…

ყველაფერი 2016 წლის 10 იანვარს დაიწყო, დაბა-გუდაურში, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. ისე მოხდა, რომ ტრასაზე სრიალისას ვერ დავიმორჩილე თხილამური, წავიქეცი და დავეცი თავით, რის შემდეგაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანით წამიყვანეს თბილისში, როგორც შემდგომში გაირკვა, თავის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში მომათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ არსებობდა ეჭვები, თითქოს მე ვიყავი მონაწილე იმავე დღეს მომხდარი შეჯახებისა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 12 წლის სალომე ტატიშვილი. ეს ინფორმაცია მათთვის შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ვინაიდან უკონტაქტო ვიყავი, ჩემგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახლდათ.

ამასთან, ჩემი ტრავმა და თვითმხილველი მეგობრები გავრცელებული ეჭვის საწინააღმდეგოს ადასტურებდნენ. დაკითხვები დაიწყო მანამ, სანამ მე გონზე მოვიდოდი და რაიმე ტიპის კონტაქტს შევძლებდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როცა ფიზიკურად შევძელი, გამოძიებაზე მეც დამიბარეს და მოვყევი ყველაფერი, რაც მახსოვდა.

მე თავად განვაცხადე, რომ იმ ტრაგიკულ დღეს, დილით, ძალიან მცირე დოზით მივიღე ალკოჰოლური სასმელი. ამ ფაქტს ხაზი განსაკუთრებით მინდა გავუსვა, რადგან დღემდე ყველანი: პროკურატურა, დაღუპულის ოჯახი, მედია და არასამთავრობო სექტორი – ყველაზე მეტად სწორედ იმ ფაქტზე აპელირებენ, რომ, თითქოსდა მე მთვრალი ვიყავი. ეს ასე არ არის! და…

რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით გახდა ცნობილი პროკურატურისთვის, თორემ ალკოჰოლის დოზა იმდენად მცირე იყო, რომ სისხლის სამედიცინო ექსპერტიზამ სისხლში ალკოჰოლის არსებობა არ დაადასტურა. თავად განსაჯეთ – ეს ფაქტი აჩვენებს თუ არა ჩემი და ჩემი მეგობრების პატიოსნებას და ობიექტური რეალობის დადგენის სურვილს.

გამოძიების პროცესში ჩემს ტანსაცმელს, სათხილამურო ეკიპირებას, გარდაცვლილის ტანსაცმელს, მის ეკიპირებას და შემთხვევის ადგილზე არსებულ ყველა მონაკვეთს ჩაუტარდა ათამდე ექსპერტიზა, რომელთაგანაც არც ერთი არ ადასტურებს ჩემი და გარდაცვლილის შეხებას. ეს ყველაფერი საქმის მასალებში წერია და მისი განხილვა პროკურატურას სადაოდ არასდროს გაუხდია.

სიმართლით დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ვუთხრა ისიც, რომ მე დაბარებული ვიყავი საქართველოს პროკურატურაში, სადაც მივიღე შემოთავაზება, ხელი მომეწერა განრიდების დოკუმენტებზე, რაც იმავე წუთიდან გამათავისუფლებდა ყოველნაირი პასუხისმგებლობისაგან.

განრიდების შემოთავაზების მიზეზი იყო ის, რომ ბრალის წაყენების მომენტში ვიყავი 19 წლის და არსებული მუხლი მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურა მოითხოვდა ხელი მომეწერა საბუთზე, რომელიც ბრალის აღიარების სანაცვლოდ მთავაზობდა ჩემს წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

მე იმ მომენტში ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში წინ მელოდა სასამართლო პროცესები. თუმცა მაინც მტკიცე უარი განვაცხადე, რადგან უპირველესად მინდოდა, ობიექტური გამოძიების გზით გარკვეულიყო და დამტკიცებულიყო ჩემი სიმართლე და ამასთან ერთად, მჯეროდა საქართველოს მართლმსაჯულების.

ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო მოსმენები, რომელთან ერთადაც მე გავიზარდე: საქმის დაწყებისას ვიყავი 19 წლის და საქმის დასასრულს 22 წელს ვუახლოვდებოდი. ამ პერიოდში მოვისმინეთ უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოწმის ჩვენება..

ყველა მოწმე ერთხმად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილას დაიღვარა უამრავი სისხლი, გამოიკვეთა შეჯახების სავარაუდო სურათიც. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ჩემი სისხლი სალომეს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა, არც ჩემს ტანსაცმელზე – სალომეს სისხლი. და საერთოდ, საავადმყოფოში მიყვანისას არანაირი ჭრილობა, მოტეხილობა ან სხვა ტიპის დაზიანება არ მქონია, რაც შესაძლო შეჯახებას აუცილებლად უნდა გამოეწვია, ერთადერთი გახლდათ თავის მძიმე ტრავმა, რომელიც მივიღე მხოლოდ და მხოლოდ დაცემის მომენტში…

საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ტელევიზიის ეთერში გადაიცა სიუჟეტები, სადაც მე მომიხსენიებდნენ, როგორც მკვლელს, მიწოდებდნენ ნაძირალას, აჩვენებდნენ ჩემს ფოტოებს და განიხილავდნენ ჩემს პირად ცხოვრებას. მათი განცხადებით, მე, თითქოსდა პრაღაში ამ უბედური შემთხვევის შემდეგ გამაპარეს მშობლებმა მაშინ, როდესაც, სინამდვილეში მე აქ ინციდენტამდე ორი წლით ადრე ჩამოვედი სასწავლებლად და სამუშაოდ.

აქვე მინდა ვუპასუხო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გამოთქმულ კიდევ ერთ უსამართლო ბრალდებას. კერძოდ, თუ რატომ არ მივიდნენ ჩემი ოჯახის წევრები ბოდიშის მოსახდელად სალომეს ოჯახში.

მსურს განვმარტო – ერთი, რომ მათ თავს უფლება ვერ მისცეს, ჩემს მაგივრად მოეხადათ ბოდიში, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავდა იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და რომელშიც საფუძვლიანად ეპარებოდათ ეჭვი და თან, იურიდიულად დაზარალებულ მხარესთან ნებისმიერი სახის კონტაქტი შეიძლება ჩათვლილიყო მოლაპარაკების მცდელობად და ძიების შემაფერხებელ დამამძიმებელ გარემოებად.

ხოლო რაც შეეხება ამ ბრალდების მორალურ მხარეს და ჩვენს დადანაშაულებას უგულობასა და მომხდარის მიმართ გულგრილობაში, ამაზე პასუხის გაცემა და განმარტებაც კი მიჭირს, რადგან ღმერთია მოწამე იმ გულწრფელი წუხილისა და განცდებისა, რაც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა და გვაქვს მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, უბრალოდ, ზოგჯერ სიტყვები უძლურია გრძნობის გადმოსაცემად.

რაკი ოჯახი ვახსენე, ისიც მინდა ვთქვა, რომ მე უკვე სერიოზულად მაღელვებს თბილისში მყოფი ჩემი ოჯახის ბედი, მადარდებს მათი უსაფრთხოება. სოციალურ სივრცეში ჩვენს წინააღმდეგ გავრცელებული კომენტარები და სიძულვილის ენა გასცდა ყოველგვარ ფარგლებს. ზოგიერთი ჩემს სიცოცხლეს დაუფარავადაც კი ემუქრება. აი, ამიტომ მე აღარ მაქვს გაჩუმების უფლება” – წერს ლიპარტელიანი წერილში.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018