მაცაცო თოხაძე ყოფილ დედამთილზე: ,,რას არ გავიღებდი, კიდევ რომ ვნახო ჟოლოსფერი პომადით”

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელი მაცაცო თოხაძე ყოფილ დედამთილზე, ლალი არჩვაძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,მე მაშინ 16 წლის ვიყავი. ის სკოლაში კრებაზე რომ მოდიოდა ხოლმე, საშინლად მკაცრი და ცივი მეგონა. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ მალე ჩემი დედამთილი გახდებოდა და მეშინოდა.

შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი სწორი ქვედაბოლო მუხლამდე, რომ ასე თუ ისე, გამოსჩენოდა ლამაზი ფეხები. ყვითელი-შავით წვრილი კუბოკრული პიჯაკი. გადაწეული თმა და ჟოლოსფერი პომადა, რომლის გარეშეც არც მინახავს 1993 წლიდან.
17 წლის შევედი მის ოჯახში. 5 წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრეთ. და მას შემდეგ კიდევ 20 წელია, რაც მიყვარს და ვუყვარვარ.
მართალია, ბოლო წლებში ,,ჩამოქვეითდა” დაბალძირიან ფეხსაცმელზე და შარვლებზე გადავიდა, მაგრამ ,,საფირმოდ” დარჩა ჟოლოსფერი პომადა.
უსაყვარლესი და უერთგულესი ბებია ჩემი ლუკასთვის. ,,ბუბუსი” დაარქვა ლუკამ და დიდხანს ასე ეძახდა.  ძალიან რომ ვეცადე, ერთი წყენა გამახსენდა მისგან:
17 წლის რძალი ბორშჩს ვაკეთებდი პირველად და თავის მოწონება მინდოდა. მან კი წყალი ჩამიმატა ქვაბში. ჩავთვალე, რომ ეს ჩემი გაკეთებული აღარ გამოვიდოდა და მაგრად ვიტირე.
შეეძლო მთელი სამეზობლო შემოევლო ჩემი ქებით, თუ რა დიდებული ერბოკვერცხი შევწვი, რა საოცრება მოვქსოვე, როგორ დავალაგე სახლი და ა.შ.
არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს იმისა, რომ ,,იღადაოს” ისეთ მოვლენებზე, რაზეც სხვა უნიჭო ადამიანები დაგვცინებდნენ ან იჭორავებდნენ.
დიახ, მას შემდეგ მეც ცხოვრებისეულ ქარტეხილებში ვიყავი და ზოგჯერ, ძალიან ცუდადაც, მაგრამ ის რაღაცნაირად სულ იყო ჩემ გვერდით. მართალია, უკვე ყოფილი დედამთილის სტატუსით, მაგრამ ეს ,,ყოფილი” არ გვიშლიდა ხელს, ერთმანეთის დანახვა გაგვხარებოდა.
და რატომ ვწერ ამ ყველაფერს…
არა იმიტომ, რომ მითხრათ – მე რა კარგი გოგო ვარ. იმიტომ, რომ ყველამ იცოდეთ, რა კარგი გოგოა ლალი არჩვაძე!
ვერ ვეგუები, რომ ვეღარ დადის. ვერ ვეგუები, რომ რაღაცეები აღარ ახსოვს. ვერ ვეგუები, რომ ზის უსუსურად და თავის თავზე 20 წლით უფროსს გავს. ვერ ვეგუები, რომ პომადა აღარ უსვია.
დღესაც დამირეკა – მომენატრეო. გუშინწინაც ვიყავი – ჩავეხუტე და ისეთი სიფრიფანა შემრჩა ხელებში, ახლაც ვგრძნობ.
თურმე ადამიანის დალოცვა 100 წლის სიცოცხლე არ ყოფილა. საკუთარ ფეხზე დგომა და საკუთარი ხელების მართვა უნდა უსურვო ადამიანს ბედნიერებისთვის.
არც არაფერს აკლებენ შვილები და არც პატრონი, მომკითხველი და მზრუნველი აკლია, მაგრამ მაინც ისე მებრალება, ისე მებრალება…
რას არ გავიღებდი, კიდევ რომ ვნახო ჟოლოსფერი პომადით, თავისი მწვანე თვალებით და გადაწეული თმებით, ოღონდ გარეთ ვნახო, ქუჩაში ვნახო თავის ფეხით მოსიარულე.
არასოდეს შემშინებია სიბერის. ლალის რომ ვუყურებ, მაშინ მეშინია… ოღონდ სიბერის კი არა, ბევრი ბევრი სხვა რამის.

ერთხელ მოვიდა ჩემთან და კვდება სიცილით: ,,მარშუტკაში” ვიჯექი და შენი მეორე დედამთილი ამოვიდაო. გვერდზე მომიჯდა და მთელი გზა ვლაპარაკობდითო. ჩასვლისას ვიჭიდავეთო – ფულს ვინ გადაიხდიდაო. აი, ასეთ რამეებზე რომ შეუძლია გაიცინოს ადამიანს, ის ძალიან კარგი ადამიანია. და მე დღესაც მეცინება, როცა წარმოვიდგენ მარშუტკაში მოჭუკჭუკე ჩემს ყოფილ დედამთილებს”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018