კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა – მორიგი ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ

კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშული ჩაიდინა – დღეს პრესამ გაიხსენა 2016 წელს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს.

თავდასხმაში ბრალდებული საპატიმროდან სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით იყო გათავისუფლებული.

ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვა მორიგი ბრალდებები ქართული ოცნების მხრიდან, რასაც გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, პრეზიდენტზე პოლიტიკური თავდასხმა უწოდა.

კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ იმ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ინფორმაცია მსჯავრდებულისა და იმ პირის შესახებ, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიმართა მას.

კოჟორიძე ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს, პასუხობს.

ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი პრეზიდენტმა წარსულში შეიწყალა და სწორედ ამის გამო, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა და საკუთარი ნებით დატოვებდა თანამდებობას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის წარსულში შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

-ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არის მოწმე ბატონი ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელსაც ჰქვია პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი, რომლის დამკვეთიც არის, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პარტია ქართული ოცნება და რომელში მონაწილეობასაც, გულის ტკივილით ვამბობ, ღებულობენ უკვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები.

დღეს გავრცელებული ინფორმაციაც არის, სამწუხაროდ, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული.

შეწყალების კომისიამ მიმართა დამატებით ინფორმაციის მიღების მიზნით, ამაზეც პასუხი იყო ის, რომ არ იყო გასაჩივრებული. ამ ყველაფრის მერე ბატონი ზარდიაშვილის დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღის წესრიგზე, რაც არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018