კახი კალაძე: ,,ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგურ მატჩს გავმართავთ”

თბილისის მერი კახი კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახი კალაძემ თხოვნით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ მატჩის ორგანიზება კვირის ბოლოსთვის მოხერხდეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რაც მოხდა, ცუდი სანახავი იყო, ქართველებს არ ჩვევიათ ასეთი მიდგომები და კარგი იქნება, თუ ინციდენტი დავიწყებას მიეცემა.

-მინდა, შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე. მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს.

რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს  ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს, – განაცხადა კახი კალაძემ.

სეგახსენებთ, რომ 8 აპრილს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტები სცემეს. იქ მდებარე სტადიონზე რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მათ ხელკეტებით შეიარაღებული  მამაკაცები დაესხნენ თავს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან გააძევეს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018