ირაკლი კობახიძე: ,,არჩევნების წაგება არც ერთი სცენარით გვემუქრება”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ყველანაირი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 13 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

-არც ერთი სცენარით ჩვენ არ გვემუქრება არჩევნების წაგება. პირიქით, ,,ქართულ ოცნებას” აქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ჩვენს პროგნოზებში არ ვცდებით ხოლმე, ასე მოხდა 2016 წელს, ასე მოხდა 2017 წელს, მათ შორის, როცა საქმე ეხებოდა თბილისის მერის არჩევნებს და ჩვენ ამ პროგნოზში არც ახლა  შევცდებით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია.

-ჯერ გამოკვეთილი კანდიდატები არ არსებობენ. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც კი რაიმე პროგრესი გვექნება, მაშინვე გაცნობებთ ამის შესახებ,  – აღნიშნა მან.

რაც შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატად შესაძლო დასახელებას, კობახიძემ განაცხადა:

-ეს არის ნაციონალური მოძრაობის სასურველი სცენარი. მათ სურთ, გიორგი მარგველაშვილის წარმოდგენა საკუთარ კანდიდატად, ოღონდ, ბუნებრივია, ამას შეფუთვა სჭირდება და უნდათ, ეს ყველაფერი გააფორმონ, როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ამ სცენარზე მიდის მუშაობა. ეს ვერც დამალეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ განცხადებას მოჰყვა ასევე გიორგი მარგველაშვილის შესაბამისი განცხადება. ეს არის მარტივი სცენარი.

ნეტგაზეთი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018