იმედა არაბული: “ჩემზე უფროსი ქალი ურთიერთობისთვის არ მინდა” – მსახიობი ცოლის მოსაყვანად მზად არის

მსახიობი იმედა არაბული ორ თეატრშია დაკავებული – მუსკომედიისა და თუმანიშვილის. სცენაზე ისეთი როლები აქვს ნათამაშები, რომლებზეც მსახიობი მამაკაცები ოცნებობენ, მიუხედავად ამისა, კმაყოფილი არ არის, თვლის, რომ მეტის გაკეთება შეეძლო.

სერიალების მოყვარული საზოგადოებისთვის კი იმედა თავისი როლით “ჩცდ”-ში – ფრიდონ, იგივე ფროდო გამცემლიძის პერსონაჟით, აღმოჩენა იყო. მისი რომანი ასაკით უფროს ნუნუკასთან საყოველთაო განხილვის და ინტერესის საგანი გახდა, იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა ახალგაზრდა, სიმპათიურ, თუმცა უცნაურ, იდეააკვიატებულ ბიზნესმენს, რომლის მომხიბვლელობის წინაშე ქალები უძლურები იყვნენ.

36 წლის თავადაც სიმპათიური, უცოლო მსახიობი “სარკესთან” ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობის თემაზე მსჯელობს. მისი სიტყვები ალბათ უამრავი ქალის გულს მოიგებს, თუმცა ბევრსაც გაანაწყენებს.

– იმედა, როგორ ფიქრობთ, თქვენი პერსონაჟის, ფროდოს, ცხოვრება გაგრძელდება სერიალში?

– ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, წინასწარ სცენარისტმაც არაფერი იცის. ახალი სეზონი ეთერში აპრილის ბოლოდან გავა.

– ფროდო გამცემლიძის სასიყვარულო ურთიერთობა მარცხით დამთავრდა…

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. ნუნუკა მის საყვარელ ქალს ფიზიკურად ძალიან ჰგავს, მაგრამ ფროდომ არჩია, პლატონურად ჰყვარებოდა და მასზე წარმოდგენა არ შეცვლოდა. ორივე მიხვდა, რომ მათი თანაცხოვრება ვერ შედგებოდა.

– ეს გმირი თქვენ რა კუთხით დაინახეთ, რა ხასიათი აღმოაჩინეთ მასში?

– ის ძალიან უცნაური ტიპია. არც მეგობრები ჰყავს და არც ნათესავებს ეკონტაქტება. ერთადერთი, რაც მასში მომწონდა, ის იყო, რომ ყველასთან მოქცევა იცოდა. არც ქალთან ეშლებოდა რამე და არც კაცთან. სიტუაციების მოგვარება კარგად შეეძლო.

გაღიზიანებულ ბაქარს (ნუნუკას ვაჟი. ავტ.) რომ შეხვდა, კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდა ყველაფრის ახსნას ისე, რომ საყვარელი ქალის შვილი არ გაებრაზებინა.

– ფროდომ საყვარელი ქალის გამო ბევრი იბრძოლა. თქვენი აზრით, ღირდა?

– შეიძლება ნუნუკა ფიზიკურად ძალიან ჰგავდა ფროდოს საყვარელ ქალს, მაგრამ ორივე სხვადასხვა ადამიანი იყო. ამ შემთხვევაში არ ვიბრძოლებდი. ყველაფერს რეალურად ვუყურებ და ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით, არ დავფრინავ.

– გოგოს გამო არასდროს გიბრძოლიათ?

– გარკვეულწილად მიბრძოლია, თუმცა მგონია, რომ ფლირტიც და ურთიერთობაც ორმხრივი უნდა იყოს. თუ ქალისგან ვერაფერს ვგრძნობ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიბრძოლო. გასაგებია, რომ გოგომ შეიძლება თავი დაიფასოს, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?

– თქვენგან სრულიად განსხვავებული ხასიათის გოგო მოგწონებიათ?

– კი, როგორ არა, მაგრამ არსებობს მთავარი ფასეულობები და ღირებულებები, რაშიც ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, თორემ განსხვავებული აზრი, პირიქით, საინტერესოა.

იდეალური წყვილი რას ნიშნავს? ჩემთვის ასეთი რამ არ არსებობს. როგორ შეიძლება, რაც მე მომწონს, მასაც ყველაფერი იგივე მოსწონდეს და ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდეთ? ეს მომაბეზრებელიცაა. ჯანსაღი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა უფრო საინტერესო მგონია.

– რა კატეგორიის ქალები მოგწონთ? შეიძლება უფროსი ასაკისაც იყოს?

– 25 წლამდე ასაკში ჩემზე გაცილებით უფროსი გოგოები მომწონდა. მხიბლავდა ის, რომ უფრო ჩამოყალიბებულები, რეალიზებულები და ჩემზე გამოცდილები იყვნენ. თითქოს რაღაცით მავსებდნენ. 36 წლის ასაკშიც შეიძლება მომეწონოს ჩემზე უფროსი ქალი, ოღონდ არა – ურთიერთობისთვის. მაგალითად, მონიკა ბელუჩი ვიზუალურად ძალიან მხიბლავს.

– ამ ასაკში როგორი ქალები მოგწონთ?

– საინტერესო, ჭკვიანი და ლამაზი ქალები მომწონს. რა ჩაიცვას, სად “დაჩექინდეს” და სად სელფი გადაიღოს, ამის გარდა, ქალს მრავალმხრივი ინტერესის სფერო უნდა ჰქონდეს. ასეთებთან ურთიერთობა უფრო საინტერესოა.

– საქართველოში ბიჭები ადრეულ ასაკში ხშირად ქორწინდებიან. როცა ასაკით პატარა იყავით, თქვენც გქონიათ ამის სურვილი?

– 10 წლის წინ ცოლის მოყვანის სურვილი მქონდა, თუმცა ალბათ ვერ გამოვიდა. ადრეულ ასაკში ოჯახისთვის არც ფინანსურად ვიყავი დამოუკიდებელი და არც ამის შინაგანი მზაობა მქონდა. ცოლის მოყვანა ძაღლის აყვანა ხომ არ არის? ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა.

მდიდარი მშობლები არ მყავდა და ერთი პერიოდი ფინანსურად გვიჭირდა კიდეც. თუნდაც შეძლებული ოჯახი მქონოდა, დედაჩემის და მამაჩემის ხარჯზე ცოლი რატომ უნდა მომეყვანა, არ მესმის.

– ახლა თუ დგას დღის წესრიგში თქვენი დაოჯახების საკითხი?

– ამ ეტაპზე დაოჯახებისთვის ყველანაირად მზად ვარ. ფული თავზე არ გადამდის, შეიძლება ვერც მალდივის კუნძულებზე ვიარო ყოველ თვეს, მაგრამ ცოლის რჩენას თავისუფლად შევძლებ.

– როგორი წარმოგიდგენიათ თავი რეალური ქმრის როლში?

– ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასე რომ არ ვფიქრობდე, აქამდე ცხრაჯერ მოვიყვანდი და გავშორდებოდი ცოლს.

გავიზარდე ოჯახში, სადაც კამათი და დავა მახსოვს, მაგრამ ხმამაღალი სიტყვები, ჩხუბი და ყვირილი არ მახსენდება. ძალიან ცუდი შეგრძნებაა იმაზე ფიქრი, რომ ოჯახი მქონდეს და დამენგრეს. არ ვამბობ, რომ ფული ყველაფერია, მაგრამ არც იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ ბედნიერი ცოლ-ქმარი თოხის ტარზეც იცხოვრებს. ფული საერთოდ არ მიყვარს, ელემენტარული კომფორტისთვის მჭირდება.

– შემოქმედებაში რა ეტაპზე ხართ?

– მუსკომედიისა და მიხეილ თუმანიშვილის თეატრებში ვარ დაკავებული. ვფიქრობ, რომ ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მეტად აქტიური უნდა ვყოფილიყავი. გამუდმებით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს. ბევრი – არა, თუმცა რამდენიმე ისეთი როლი მითამაშია, მამაკაცი მსახიობის საოცნებო როლებად რომ ითვლება.

– მომავალს სად და როგორ ხედავთ, რას გეგმავთ?

– მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრო და ჩემს პროფესიაში იქ ვცადო ბედი. საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ ყველაფერს რეალურად ვუყურებ, ამიტომ გეტყვით, რომ ამერიკაში ოცნებებით არ მივდივარ. სამჯერ ვარ ნამყოფი და კარგად ვიცი, იქ ცხოვრება რა სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არაფერი არაა გამორიცხული. გასაგებია, რომ ამხელა ქვეყანაში შანსები მინიმალურია, მაგრამ რაღაც ხომ უნდა სცადო?

ამერიკაში კინოკურსებსაც გავივლი და კასტინგებზეც ვივლი. როცა ცხოვრებაში რაღაც გულით გინდა, უმჯობესია, გააკეთო და მერე ინანო, ვიდრე არასდროს გააკეთო და მთელი ცხოვრება ის ინანო.

 სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018