თამუნა ვაშალომიძე შვილის მამასთან ცხოვრებას ეგუება – “ამ ეტაპზე ქორწინება ზედმეტად მიმაჩნია”

მოდელი თამუნა ვაშალომიძე 26 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა. თებერვალში მისი გოგონა სოფია დაიბადა. როგორც ახალბედა დედა ამბობს, შვილის მამა მის გვერდით არის, ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა და სოფიას ერთად ზრდიან, თუმცა დაქორწინებაზე არ ფიქრობენ. მოდელის თქმით, მისი საქმრო 42 წლის ასაკში მესამედ გახდა მამა.

– თამუნა, როგორი შეგრძნება დაგეუფლათ, როცა თქვენი გოგონა გაიცანით?

– იმ მომენტში ემოცია იმდენად დიდი იყო, დეტალები არ მახსოვს. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ დედა ვარ. სულ მინდა, მის გვერდით ვიყო. ცხოვრება ძალიან გამიხალისა. როცა ძიძას ან სადედამთილოს უჭირავს ხელში, ეგოისტი ვხდები, სულ მინდა, რომ ჩემთან იყოს.

– როგორც ვიცი, მშობიარობა არ გაგჭირვებიათ.

– ფიზილოგიურად, გაუტკივარების გარეშე ვიმშობიარე. ბოლო ექოსკოპიაზე როცა ვიყავი, ექიმმა მითხრა, 13 თებერვლიდან უნდა ელოდოო, მე კი 10-ში ვიმშობიარე. ბავშვის წონა არ ვიცოდი და, რომ დავინახე, პირველი ის გავიფიქრე, რამხელაა-მეთქი – 4 კილო და 100 გრამი დაიბადა. ვფიქრობდი, ამხელა როგორ გავაჩინე-მეთქი. ისეთი მშვიდი ბავშვია, ძალით აატირეს.

– არ გინდოდათ, რომ სოფიას მამა დასწრებოდა მშობიარობას?

– საჭიროდ არ ვთვლიდი, რომ დასწრებოდა. არათუ საქმრო, ოჯახის სხვა წევრების დასწრებაც არ მინდოდა. როცა საკეისრო კვეთაზეა საუბარი, ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ, როცა ქალი ფიზიოლოგიურად მშობიარობს, ვთვლი, რომ მამაკაცი არ უნდა ესწრებოდეს.

– როგორი რეაქცია ჰქონდა ბავშვის მამას, როცა შეიტყო, რომ გოგონა ეყოლა?

– არ დამირეკავს, პირდაპირ ფოტო გავუგზავნე და შოკში იყო. ბავშვს ნაკვთები, ცხვირი, თვალები მამამისის აქვს, ზედგამოჭრილი მამაა. მაშინვე აიღო ბილეთი და იმ საღამოსვე ამერიკიდან გამოფრინდა. რა თქმა უნდა, მისთვის ეს ძალიან ემოციური იყო, თითქოს პირველი შვილი გაუჩნდა. შოკში იყო.

– ახლა თქვენ გვერდითაა, გეხმარებათ?

– ცდილობს, სულ ბავშვის გვერდით იყოს, ბევრ რაღაცაში მეხმარება. ბევრი ცდილობს დახმარებას, მაგრამ მის გარდა არავინ მინდა, რომ დამეხმაროს. ამბობენ, ნათლობამდე ბევრი ადამიანის სახლში სტუმრობა მიზანშეწონილი არ არისო. ვცდილობთ, ერთად ზედმეტი ხალხის გარეშე ვიყოთ.

 

– საქმრო რამდენი ხნით ჩამოვიდა საქართველოში?

– შვებულება აიღო და დაახლოებით ერთი-ორი თვე აქ იქნება. გვინდა, რომ ერთად ვიყოთ ბავშვთან.

– საყვარელ მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?

– მიუხედავად იმისა, რომ ღამეებს ვათენებ, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და გათიშული დავდივარ, ეს უძილო ღამეებიც კი ბედნიერების მომტანია. მე და ჩემი საქმრო აქამდეც ერთად ვიყავით, მაგრამ ასე ყოველდღე გადაბმულად თვეები ერთად არ გვიცხოვრია. ერთმანეთს ვეგუებით, ეს არც ჩემთვის არის სირთულე და არც მისთვის.

– გეშინოდათ, რომ შეიძლებოდა სხვასთან ერთად ცხოვრება არ გამოგსვლოდათ?

– ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამოგვდის. ჩვენთან ერთად ძიძაც ცხოვრობს, ყველაფერი კარგად მიდის. არც კონფლიქტი გვაქვს, არც გაუგებრობა და არც მგონია, გვქონდეს. მალე მეც გადაღებები მეწყება, ისიც 3 თვის შემდეგ სამსახურში გადის, ასე რომ, სამომავლოდ ისეთი გრაფიკით ვიცხოვრებთ, როგორითაც მანამდე ვცხოვრობდით.

ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, სახლში ვიყო და მთელი დრო ბავშვთან გავატარო, რადგან, როგორც გითხარით, ბუნებრივ კვებაზე მყავს.

– როგორ ზრუნავს თქვენზე საქმრო?

– ვეცოდები, როცა ღამე ბავშვის კვების გამო მიწევს გაღვიძება. ნეტა, მე მქონდეს რძე, რომ ვაჭამოო, მეხუმრება ხოლმე.

– ბავშვს ვინ შეურჩია სახელი?

– სრული თავისუფლება მქონდა. ძალიან მომწონს ეს სახელი, ოღონდ სოფია და არა სოფო, სოფიკო.

– ბავშვი თქვენი გვარით გამოიყვანეთ სამშობიაროდან?

– არა, მამამისის გვარზეა.

– როდის აპირებთ, მამის ვინაობა გაამხილოთ?

– არ ვიცი, შეიძლება უცებ მომინდეს და ვთქვა. არ მაქვს გადაწყვეტილი.

– ბავშვის დაბადებამ გეგმები ხომ არ შეგიცვალათ, ხომ არ დააჩქარებთ დაქორწინებას?

– არანაირად. ბავშვმა ნიშნობის საკითხი დააჩქარა მხოლოდ. საზოგადოება სხვანაირად გაიგებს, შეყვარებულები რომ ვართ და ისე გააჩინე შვილი, მოდი, დავინიშნოთო, ამბობდა და ამიტომაც დავთანხმდი. ამ ეტაპზე ქორწინება ზედმეტად მიმაჩნია.

არ მეშინია, მაგრამ ჩემ გარშემო ბევრი შეყვარებული წყვილი იყო, რომლებსაც დაქორწინებიდან ერთ წელიწადში ოჯახი დაენგრათ. ჩემს საქმროსაც წინა ქორწინება ხანგრძლივი არ ჰქონია, 10 წელი იცხოვრეს ერთად. ცოლ-ქმრის სტატუსი რაღაცნაირად შემბოჭველი მგონია, შესაბამისად, ახლა როგორც ვარ, ისე მომწონს. ახლა ის ეტაპი არ მაქვს, ქორწინებაზე ვიფიქრო, თეთრი კაბა მოვირგო. ასე რომ, ჯობს, ასე ვიყოთ.

– მშობიარობის შემდეგ ფორმაში როგორ ჩადექით? ამბობენ, ბუნებრივი კვება წონაში მატებას უწყობს ხელსო.

– ორსულობის დროს 10 კილო მოვიმატე. სამშობიაროდან დაკლებული გამოვედი, ახლა 63 კილო ვარ. იმაზე გამხდარი ვარ, ვიდრე ორსულობამდე ვიყავი. უცებ დავიკელი, არც მუცელი დამრჩენია, არც სტრიები. აქტიური ვარჯიში დავიწყე. მინდა, კიდევ 3 კილო დავიკლო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი თვის ნამშობიარები ფანტასტიკურ ფორმაში ვარ.

 ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018