თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი ყოფილი პოლიციელია

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის, თაკო გამრეკელაშვილი მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ვეფხვია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, 90-იანი წლების დასაწყისში ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევიც იყო და სასჯელი საპატიმროში მოიხადა. ის 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით, 2015 წელს კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევის ბრალდებით გაასამართლეს. ვეფხვია ბაქრაძე გარდაცვლილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლეა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობლები უყვებიან, ყოფილ მეუღლეებს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი ხშრად იყო, რის გამოც ნათელა გობაძემ ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა. დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა თაკო გამრეკელაშვილი, რომელმაც პირადი მიზეზების გამო, განყოფილება უფრო ადრე დატოვა. ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე ორი საათით ადრე გამოიცა, რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა.

ახლობლების გადმოცემით, სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის 77–ში, სადაც თაკო გამრეკელაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ბაქრაძემ ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს ოპერატიულ–საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თელავის რაიონის სოფელ სანიორეში გადაასვენეს.

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018