„ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს, იცით? ნარკოტესტი ვერ გაიარა, კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით“ – ნიკა გვარამია

,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი ნიკა გვარამია ეხმაურება პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომელიც ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას მოჰყვა და ამბობს: „რა თქმა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილის პასუხისმგებელია ყველა შეწყალებულ პირზე”.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ შეწყალებული პატიმარი დანაშაულს არასდროს ჩაიდენს და პრობლემა არის საკმაოდ ძირეული და ის ჯერ კიდევ პენიტენციალური სისტემიდან იწყება.

-პენიტენციალური სისტემა არის პრიმიტივიზმის უმდაბლეს საფეხურზე მყოფი, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ციხეში არ არსებობს ადამიანის ქცევის შემსწავლელი სამსახური, ფსიქოლოგი, რომელიც დააკვირდება პატიმრის მოქმედებას.

ნიკა გვარამიას განცხადებით, შეწყალების კომისია ხელმძღვანელობს იმ დოკუმენტაციით, რომელსაც მიაწოდებენ, მათ შორის არის დახასიათება, დაზარალებულის თხოვნა შეწყალებაზე და ფსიქოლოგის ორწინადადებიანი დასკვნა.

მისივე თქმით, ამ კრიტერიუმებით მიიღებოდა ადრეც გადაწყვეტილებები და ახლაც და ამიტომ არის აუცილებელი, რომ მოხდეს საფუძვლიანი ცვლილებები.

რაც შეეხება პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი გუნდის თავდასხმას, ის, როგორც იურისტი, ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და აპელირებს იმაზე, რომ ადეიშვილის დროს შერჩევითი სამართალი იყო, პროკურატურიდან ნარკოტესტის ვერგავლის გამო გაუშვეს.

-ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს, იცით? იმიტომ, რომ  ნარკოტესტი ვერ გაიარა. კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ პირს, რომელსაც არა აქვს ელემენტარული პოლიტიკური წარსული, არა აქვს უფლება, ასამართლოს პრეზიდენტი.

ნიკა გვარამიას განცხადებით, შეწყალების გამო, შეწყალებული ადამიანები თუ დანაშაულს იდენენ, ეს არის სისტემის პრობლემა და ამის გამო პრეზიდენტმა არ უნდა აგოს პასუხი.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ პრეზიდენტის შეწყალების ნაკლოვანება სწორედ გაუბედაობაა.

-ისეთ ვითარებაში ვაგდებთ პრეზიდენტს, რომ ის უფრო გაუბედავი გახდება, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა,  რომ არავითარ შემთხევაში არ უნდა თქვას პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი.

ნიკა გვარამია რატი იონათამიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრებიდან 500-ზე მეტმა დანაშაული განმეორებით ჩაიდინა. ნიკა გვარამია ითხოვს, რომ გამოქვეყნდეს უდოს კომისიის შეწყალებული პატიმრების  და 2012 წელს  გამოშვებული პატიმრების სტატისტიკა, რომელი გაცილებით საგანგაშოა.

ნიკა გვარამია ურჩევს გიორგი მარგველაშვილს, რომ კომპრომისზე ქართულ ოცნებასთან არ წავიდეს. მისი თქმით, სისტემამ რომ იმუშაოს, ამისთვის საჭიროა ცვლილებები პენიტენციალურ სისტემაში და ამას ვერ გააკეთებს პრეზიდენტი, ეს უნდა გააკეთოს მთავრობამ.

ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ თავდასხმის დღის წესრიგი არის პოლიტიკური შინაარსის. ის ამბობს, რომ ის პირადად ნულოვანი ტოლერანტობის მომხრეა, თუმცა, იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობდა, რომ ციხეები ხალხით გაივსო, ახლა საუბრობს, რომ შეწყალება არ უნდა იყოს, ნონსენსია.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018