ერეკლე დეისაძე: ,,შახტაში დაშავებული თანხას არ გვართმევდა, მე ცოცხალი მაინც ვარ, იმას სამი შვილი დარჩა და მათ მივცეთო”

,,სიბრაზის და უმწეობის განცდა მახრჩობს, ვერასოდეს დავივიწყებ ნანახს” – წერს ფეისბუქში მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე, რომელიც დაღუპული მეშახტეების პანაშვიდზე იმყოფებოდა. მან „ბასიანის“ მიერ ერთ-ერთ პროექტში მიღებული თანხა ჩაუტანა დაღუპულების ოჯახებსა და ტრაგედიის დროს დაშავებულებს.

„დღეს ტყიბულში დაღუპული მეშახტეების პანაშვიდზე ვიყავით, ვნახეთ სახელმწიფოსგან მიტოვებული ადამიანები თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ. ვნახეთ მათი შვილები, დები, ცოლები მამები, დაზარალებულ ოჯახებს ,,HOROOM”- ზე შემოსული თანხა გადავეცით.

ერთ-ერთი დაშავებული ადამიანი თანხას არ გვართმევდა – ,,მე ცოცხალი მაინც ვარ, იმას სამი შვილი დარჩა და იმათ მივცეთო”.

სიბრაზის და უმწეობის განცდა მახრჩობს, ვერასოდეს დავივიწყებ ნანახს. იცოდეთ, როდესაც ქვეყნის კეთილდღეობაზე საუბრობთ, იმ ჭირისუფალი ადამიანების თვალებიდან გიყურებთ და დიდი აფეთქებისთვის ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი “მენტალობის” მქონე პოლიტიკოსები აღარასოდეს მოხვდნენ იქ, სადაც ახლა თქვენ ხართ“, – დაწერა ერეკლე დეისაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018