გიორგი ბოჭორიშვილს 6 წლის შვილმა იმ დღეს კარი ჩაუკეტა, მამა, არ წახვიდეო – ,,არ ვიცი, ეს წინასწარმეტყველება იყო თუ რა”

5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული გიორგი ბოჭორიშვილის მამამ ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტთან ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როცა 28 წლის შვილი დაკარგა.

-გიორგის იმ დღეს თავისი 6 წლის შვილი გადაუდგა წინ, მამა, დღეს არ წახვიდე, ხვალ წადიო. ბავშვმა სახლის კარი ჩაუკეტა… არ ვიცი, ეს წინასწარმეტყველება იყო თუ რა, – მოუყვა ჟურნალისტს დაღუპულის მამამ.

გიორგი შახტაში 10 წელი მუშაობდა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. შახტში მუშაობდა მისი მამაც, ჯანმთელობის გაუარესების შემდეგ მამის ნაცვლად მაღაროში თვითონ ჩავიდა. გიორგის სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გიორგისთან ერთად იმ დღეს გარდაიცვალენ:

გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა.

ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის _ მას ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა.

მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე _ 1 წლის.

ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის მინდელის შახტში წლების  განმავლობაში მუშაობდა.

პავლე გამეზარდაშვილი 25 წლის _  შახტში მუშაობა 15 წლისამ დაიწყო, როდესაც მაღაროელმა მამამ ფეხის ტრავმა მიიღო.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018