გიგა კვენეტაძის ცოლი მარიანა კარამოვა ლეიკემიას ებრძვის

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელი, გიგა კვენეტაძე, 10 წლის წინ წავიდა მოსკოვში და ყველაფერი ნულიდან დაიწყო, რადგან იქ მას არავინ იცნობდა. რთული გზა გაიარა, სანამ საქმეშიც და პირადშიც წარმატებას მიაღწევდა. რუსულ ესტრადაზე რეკომენდაცია ჯგუფ “ა სტუდიოს” ქართველმა სოლისტმა, ქეთა თოფურიამ, გაუწია. დღეს გიგას სიმღერებს რუსი ვარსკვლავები მღერიან, მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული.

ოჯახიც მოსკოვში შექმნა, ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. გიგას და მარიანას ოჯახი წელიწადნახევრის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მარიანას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს…

სამშობლოდან შორს მყოფი გიგა “სარკეს” მოსკოვიდან გულახდილად ესაუბრა.

– გიგა, დიდი ხანია, “სარკეში” არ ყოფილხართ. როგორია თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება, რას საქმიანობთ, რა სიახლეები გაქვთ?

– ყველაფერი მშვენივრადაა, შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი, ახალ პროექტებზე ისეთ ცნობილ მომღერალთან ვმუშაობ, როგორიცაა ემინი. იგეგმება თანამშრომლობა ფილიპ კირკოროვთან. აქ მაქვს ხმის ჩამწერი სტუდია და, როგორც კომპოზიტორი, ისე ვმუშაობ.

– სიმღერას, სცენაზე გასვლას აღარ აპირებთ?

– კი, როგორ არა, სცენა ძალიან მიზიდავს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სულ მალე სოლო კარიერაში გადადგმულ ნაბიჯებზე აუცილებლად შეგატყობინებთ.

– მოსკოვში გატარებულ წლებს როგორ აფასებთ, რა მოგიტანათ კარიერაში?

– 2008 წლიდან ვარ მოსკოვში. როგორც კომპოზიტორი, განვლილ ეტაპებს დადებითად ვაფასებ. ვარ ისეთი ჯილდოების მფლობელი, როგორიცაა 3-ჯერ წლის სიმღერა (ორი – ჯგუფ “ა სტუდიოსთვის” დაწერილი, მესამე – ნიკოლაი ბასკოვისთვის), რაც ძალიან დიდი წარმატებაა მოსკოვში და ერთი “ოქროს გრამაფონი”.

ჩემს სიმღერებს მღერიან ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან ნიკალაი ბასკოვი, “ა სტუდიო”, დიანა ღურწკაია, ემინი, ჟასმინი და სხვები.

– როცა ქვეყნიდან წახვედით, რა გეგმა, რა მოლოდინი გქონდათ?

– საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ ველოდი წარმატებას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ რუსეთში შევმდგარიყავი, როგორც მუსიკოსი. არადა საქართველოში ისეთ რეალობაზე ვთქვი უარი, როგორიც იყო ხალხის სიყვარული, პოპულარობა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ფაქტსაც არ შევუშინებივარ.

რასაკვირველია, იყო სიძნელეები. ჩამოვედი, არავინ მიცნობდა. სიყვარულით განებივრებული გიგა კვენეტაძე უცებ მოხვდა ისეთ გარემოში, სადაც ყურადღებას არავინ აქცევდა.

2 წლის განმავლობაში ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა წარმატების მისაღწევად, მესახელებინა საკუთარი თავი, დედაჩემი, ჩემი სამშობლო და მეგობრები. ყოველთვის მქონდა ეს განცდა და ამიტომაც არაფერს შევუშინებივარ. როცა შენს სიმღერებს უგზავნი ცნობილ არტისტებს და ისინი არც კი უსმენენ… იყო ასეთი პერიოდები.

– როგორ გადალახეთ ეს ბარიერი, რა ან ვინ დაგეხმარათ?

– ქეთა თოფურია ძალიან დამეხმარა, რეკომენდაცია გაუწია ჩემს სიმღერებს. ამის გარდა, ალბათ მათში იყო ის რაღაც, რაც მოსწონთ. ამ გადასახედიდან ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ბევრი სირთულე გავიარე. ნათქვამია, როცა ერთი და იმავე კარზე აკაკუნებ, აუცილებლად გაგიღებენო. მეც არ მოვეშვი და გამიმართლა.

– ხანდახან გულში სინანული არ გეპარებათ იმის გამო, რომ სამშობლოდან შორს გიწევთ ცხოვრება?

– დღესდღეობით ის მენანება, რომ საქართველოში არ არის იმის პირობები, მანდედან შემეძლოს სხვა ქვეყნის ბაზარზე გასვლა. ასე რომ იყოს, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ჩემს სამშობლოში და გავაკეთებდი იმას, რასაც რუსეთიდან ვაკეთებ.

10 წელი გავიდა, რაც წამოვედი და არაფერი შეცვლილა, არ შექმნილა ის პირობები, რომ მუსიკოსს თავისი საქმით თავის გატანა შეეძლოს. მხოლოდ რამდენიმე პროექტია, რომლებიც ასე თუ ისე ცოცხლობს.

– თქვენს პატარა ოჯახზე გვიამბეთ, როგორი ქმარი და მამა ხართ?

– ალბათ კარგი მეოჯახე დადგა ჩემგან, რადგან ოჯახზე ძალიან ვზრუნავ. ჩემი ცოლ-შვილი მიყვარს, ვაფასებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნონ. პატარა ბიჭი, სახელად ნიკუშა, ორწლინახევრისაა და უკვე მღერის, არჩევს კარგ და ცუდ მუსიკას.

ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია. სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები, მაგრამ ისე გადავლახეთ, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს.

ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ.

– როდის დადგინდა დიაგნოზი?

– წლინახევრის წინ. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, შემთხვევით შევიტყვეთ და სამ დღეში უკან გამოვბრუნდით.

ბავშვის მოვლაში დედაჩემი გვეხმარება, რომელიც 16 თებერვალს 64 წლის გახდა.  მოსკოვშია ჩვენთან ერთად.

– ახლა როგორ გრძნობს თავს თქვენი ცოლი? სრულად გამოჯანმრთელდა?

– ახლა ყველაფერი კარგადაა. მარიანას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ 1 და 2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს იმ ეტაპზე, რასაც სრულიად ჯანმრთელი ჰქვია.

– ცოლ-შვილს ქართულ ენას ასწავლით?

– მარიანამ იცის ქართული, რადგან საქართველოშია გაზრდილი. სახლში ქართულად ვლაპარაკობთ, თუმცა ბავშვმა რუსულიც აუცილებლად უნდა იცოდეს, რადგან აქაური მოქალაქეა.

– თქვენც რუსეთის მოქალაქე ხართ?

– კი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარს. ჩემთვის ჯერ საქართველოა და მერე – სხვა დანარჩენი. ქვეყანაში, სადაც გინდა, კარიერა გაიკეთო, მოქალაქეობაა საჭირო. 2 წლის წინ ავიღე მოქალაქეობა და ძალიან მინდა, საქართველოს მოქალაქეობა დავიბრუნო. როცა საქართველოში ჩამოვალ, ამ საკითხს მივხედავ.

– საქართველოს მოქალაქეობა რამეში გიშლიდათ ხელს?

– ქართველობის გამო პრობლემები არასდროს შემქმნია, მაგრამ ქართველ სპორტსმენებს თუ მსახიობებს, რომლებსაც კულტურული ურთიერთობა უნდათ რუსეთთან, ძალიან უშლით ის ფონი, რომელიც ახლაა შექმნილი.

არასდროს დამავიწყდება რუსეთ-საქართველოს ომი, მაშინ ახალი წასული ვიყავი რუსეთში. 8 აგვისტოს ქართული დროშა მეკავა ხელში და ვგმობდი რუსული ჯარის შემოჭრას საქართველოში. პირველ რიგში, ჩემი ქვეყანა დავაყენე წინ და ამან ხელი არაფერში შემიშალა.

დღეს უარყოფითი გამოხმაურებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მალე ნანი ბრეგვაძეს აქ ექნება სოლო კონცერტი. ვიღაცები მოუწოდებენ შემოქმედ ხალხს, რაღაც გააკეთონ და რაღაც – არა. ეს არასწორია.

ვერავინ გვასწავლის საქართველოს სიყვარულს. რას ვერჩით რუს ხალხს, იმ კულტურულ ურთიერთობებს? ბოლოს და ბოლოს მეზობლები ვართ. დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეთ, ეს აუცილებელია. დღესდღეობით გვაქვს აგრესია და მესმის, რატომაც. ძალიან ვთხოვ ყველას, ერთი წამით დავფიქრდეთ და გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, რომელიც უფრო მოგვიტანს დადებით შედეგს, ვიდრე დღევანდელი პროტესტი.

10 წელია ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს პროტესტი.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018