აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა – ,,ექიმებმა ბოდიში მოუხადეს მის დას – გული ყოფილაო”

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ვიდეო-მემონტაჟე ზუკა ფაღავა 31 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაუწყებელში ამბობენ, რომ მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„ზუკა ამბობდა, რომ კუჭი სტკიოდა. სამსახურში იყო, როცა ცუდად გახდა. რვა საათისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წნევა გაუზომეს, გადასხმა გაუკეთეს. ვერ მიხვდნენ, რა სჭირდა. ამასობაში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალების მერე ბოდიში მოუხადეს მის დას – გული ყოფილაო. სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა“, – ამბობენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები.

აჭარის ტელევიზია დღეს, 1 აპრილს ავრცელებს განცხადებას, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები.

„გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ სააგენტო დროულად შეძლებს რეაგირებას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით კი შევძლებთ, ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვიცოდეთ ზუკა ფაღავას გარდაცვალების მიზეზების თაობაზე“, – წერია აჭარის ტელევიზიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუკა ფაღავას ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს.

ასევე აჭარის ტელევიზია იუწყება, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით.

ბათუმელები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018