შუახევში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ

შუახევში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენშუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ.

შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღის 5 საათიდან დაიწყო:

„როგორც სოფელში ყვებიან, ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, ბურთი დაგორდა და მოზარდი, რომელსაც ახლა ვეძებთ ბურთს მდინარის პირას გაჰყოლია, სადაც ციცაბო დაღმართია. ვარაუდობენ, რომ  ბავშვი დაგორდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.

ომარ ტაკიძის თქმით, ამ დროისთვის მდინარის კალაპოტში წყლის მასა გაზრდილია: „საკმაოდ მაღალია მდინარეში წყლის დონე, ამასთან მღვრიეა წყალი. სითბომ მთებში თოვლის დნობა და წყლის მასის ზრდა გამოიწვია, რაც ართულებს სამძებრო სამუშაოებს“.

შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს, სამაშველო სამსახურის, შუახევის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

მთავარ ფოტოზე: სოფელი შუბანი.

ბათუმელები