ლია გუდაძე: “ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ შინაგანად მეც გარდავიცვალე – ქმართან გაყრა ოპერაციას ჰგავს, რთულია და მტკივნეული”

ლია გუდაძე: "ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ შინაგანად მეც გარდავიცვალე - ქმართან გაყრა ოპერაციას ჰგავს, რთულია და მტკივნეული"მსახიობ ლია გუდაძეს შინაარსიანი, ლაღი, სისხლსავსე ცხოვრება ჰქონდა. საოცარი სილამაზის ქალი ერთნაირად ბრწყინავდა როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოფილმებში. ბედნიერი ცოლი იყო, ყურადღებიანი დედა, საუკეთესო მეგობარი, ხალისიანი, მჩქეფარე, გარშემომყოფთ სიყვარულსა და სითბოს უხვად უნაწილებდა…

მერე კი დადგა მძიმე დრო. ქალიშვილის, ნესტან შარიას, გარდაცვალების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ცხოვრება შეწყვიტა და მხოლოდ არსებობს.

– ქალბატონო ლია, თბილისის ძველ უბანში, ყოფილ პლეხანოვზე დაიბადეთ და გაიზარდეთ. რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი თქვენი ბავშვობიდან?

– მთელი ბავშვობა ძალიან ბედნიერი მქონდა. ვსწავლობდი თბილისის 23-ე სკოლაში, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო. კარგი კლასი მქონდა, ყველანი ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება.

იქვე იყო მარჯანიშვილის თეატრი, სადაც კვირადღეს, დილით, საბავშვო სპექტაკლები გადიოდა. ოთხი-ხუთი გოგო მუდმივად დავდიოდით სპექტაკლებზე, ზოგიერთს რამდენჯერმე ვნახულობდით. შემდეგ გასასვლელთან ვიდექით და ველოდებოდით მსახიობების გამოსვლას, თვალი რომ მოგვეკრა.

მეათე კლასში რომ გადავედით, ჩვენს სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც კლასის დამრიგებლად დაგვინიშნეს. ეს იყო შემდგომში დიდი კინორეჟისორი რეზო ესაძე. მან რამდენიმე სპექტაკლი დადგა სკოლაში, სადაც ვითამაშე.

მსახიობობა ჩემში გაუცნობიერებელ სურვილად ჩამოყალიბდა, მაგრამ თეატრალურზე ჩაბარებას მაინც ვერ ვიფიქრებდი, რადგან სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი, მამზადებდნენ კიდეც და უცხო ენათა ინსტიტუტში უნდა ჩამებარებინა.

თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები ადრე იწყებოდა. დედას ვთხოვე, მომეცი უფლება, გავიდე გამოცდებზე, გავიგებ მაინც, როგორია საგამოცდო პროცესი-მეთქი. დამთანხმდა. გამოცდები ჩავაბარე და მოხდა საოცრება – ჩარიცხულთა სიაში აღმოვჩნდი! ასე შეიცვალა ჩემი ოჯახის გეგმები და ამისრულდა ფარული ოცნება.

– მეორე კურსზე კი გათხოვდით.

– დიახ, მეორე კურსზე გავთხოვდი. ჩემი მეუღლე იყო ნუგზარ შარია, რომელიც შემდეგ უცხოეთში დარჩა.

გათხოვებიდან მალე გოგონა შემეძინა, ნესტანი. ამდენად, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვიჯექი და ბავშვს ვზრდიდი. მთელი ჩემი კურსი რუსთაველის თეატრში აიყვანეს სამუშაოდ.

ერთხელაც რუსთაველზე მოვსეირნობდი ჩემს პატარა გოგონასთან ერთად. შემხვდა ჩემი კურსელი გოგი ხარაბაძე. ერთმანეთი მოვიკითხეთ. რომ გაიგო, უმუშევარი ვიყავი, მოჰკიდა ხელი ნესტანს, აიხუტა და რუსთაველის თეატრში შევიდა. მეც შევყევი. პირდაპირ დოდო ალექსიძეს მიადგა (მაშინ ის იყო თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი) და უთხრა: “ხედავთ? ლია უმუშევარია”.

ალექსიძემ მითხრა, ახლავე დაწერე განცხადება და ხვალიდანვე მოდიო. იდგმებოდა სპექტაკლი “სამგროშიანი ოპერა”, რომელიც თითქმის დასრულებული იყო. იქ ექვსი გოგო ცეკვავდა, მეშვიდედ მე შემიშვეს. გაგიჟდა იური ზარეცკი, რომელიც ამ ცეკვებს დგამდა და თვეები ამეცადინებდა გოგოებს. მითხრა, აბა, ასე მოკლე დროში რა უნდა ისწავლოო. იმ დღესვე ყველაფერი კარგად გამომივიდა და უკვე მესამე დღეს პრემიერა შედგა.

ბევრ სპექტაკლში ვითამაშე, ძირითადად რეჟისორ მიშა თუმანიშვილთან, რომელიც ხუმრობით “მძაფრხასიათიან აქტრისას” მეძახდა.

– ქმართან, ნუგზარ შარიასთან გაყრა რთულად გადაიტანეთ?

– რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ოჯახის დანგრევა მარტივი იყოს, განსაკუთრებით იმ დროს, 70-იან წლებში, როცა ქმარს გაცილებულ და შვილიან ქალს ალმაცერად უყურებდნენ. გაყრა ოპერაციას ჰგავს, რთულია და მტკივნეული.

ახლა დრო შეიცვალა, უფრო სწორად, ატმოსფერო, ბევრი რამ გადაფასდა, ახალგაზრდებიც უფრო მსუბუქად უდგებიან შეყრა-გაყრას.

ჩვენ დაცილებულები ვიყავით, როცა ნუგზარ შარია უცხოეთში დარჩა. ჩემზე უმძიმეს ზეწოლას ახორციელებდა უშიშროება. 20 წლის განმავლობაში, სანამ ზვიად გამსახურდია არ მოვიდა ხელისუფლებაში, მუდმივად მიბარებდნენ, დამკითხავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პასუხი ყოველთვის იყო – “არაფერი ვიცი”, მაინც არ ისვენებდნენ.

ბევრი რამ გამიფუჭეს. არ მიშვებდნენ საზღვარგარეთ, საგასტროლო სიიდან ამოღებული ვიყავი. კინოსტუდიას არ აძლევდნენ უფლებას, როლზე დავემტკიცებინე. კიდევ კარგი, მაშინ ერთიანი კომპიუტერული ქსელი არ არსებობდა, თორემ სხვა ქვეყნებშიც დამაბრკოლებდნენ. გამიმართლა და მოსკოვში, ოდესაში, კიევში, ბაქოში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში ხშირად მიწვევდნენ.

– ნაბიჯი ოჯახის მეორედ შექმნისკენ როგორ მომწიფდა?

– დიდხანს ვყოყმანობდი, არ ვიცოდი, ჩემი გოგონა როგორ შეეწყობოდა ჩემს მეუღლეს, მაგრამ ლეო კავილაძის პიროვნებამ, მისმა კეთილშობილებამ, ნესტანისადმი ფაქიზმა, მამობრივმა დამოკიდებულებამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

ჩემი მეუღლე უნივერსიტეტის პროფესორი იყო, უაღრესად განათლებული, ეკლესიური ადამიანი. საყოველთაო ათეიზმის პერიოდშიც კი ეკლესიის მრევლი იყო. გამორჩეულად უყვარდა ნესტანი, არასოდეს მისცემდა შენიშვნას, ანებივრებდა. როცა ნესტანს შვილი შეეძინა, მისი გართობა-გასეირნება მთლიანად ჩემი მეუღლის კისერზე იყო.

მეორე შვილი ვაჟი შემეძინა – გიორგი, რომლისგანაც უკვე დიდი შვილიშვილი – თაკო მყავს. ნესტანის ვაჟი ირაკლიც დიდია უკვე.

– თქვენ ეროვნული მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყავით. ახლა როგორ გახსენდებათ და როგორ აფასებთ იმ პერიოდს?

– დიახ, ეს გამოიწვია, ერთი მხრივ, უშიშროებაში მუდმივმა დაბარებებმა და დაკითხვებმა და, მეორე მხრივ, ზვიად გამსახურდიას ოჯახთან სიახლოვემ. მე მწამდა ეროვნული იდეების და მათ გვერდით ვიდექი, ვინც თავისუფლებას გვპირდებოდა.

იცით, რა ცოტა ხანს გასტანა ეროვნულმა ხელისუფლებამ და ამ ყველაფერს მოჰყვა თეატრიდან ჩემი და ჩემი მეგობრების გაშვება. მე, იზა გიგოშვილი, მერაბ თავაძე, აკაკი ხიდაშელი და სხვები, სულ 12 ადამიანი, გამოგვიშვეს.

მართალია, ჩემთვის რთული იყო თეატრის გარეშე დარჩენა, მაგრამ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს გააკეთეს, წყენა არ მაქვს გულში. ასეთი დავალება მიიღეს, ვერ შეეწინააღმდეგნენ და შეასრულეს. ყველას ვერ მოსთხოვ მორალურ გმირობას, მაშინ მათაც უნდა დაეტოვებინათ თეატრი.

მე მაინც არ გამიწყვეტია კავშირი მეგობრებთან. როგორც იყვნენ მიჩვეულები, ისევ ისე მოდიოდნენ ყოველი სპექტაკლის შემდეგ ჩვენთან. მეუღლეს ძალიან უყვარდა ჩემი მეგობრები. ღამის 3 საათზე რომ მოსულიყვნენ, წარბს არ შეიხრიდა, სუფრის გაწყობაში მომეხმარებოდა, მე შენ გეტყვი, ყავაზე გადაატარებდა სტუმრებს. და იყო დილამდე სიმღერა, მოლხენა და დროსტარება.

მეგობრები ბოლომდე დარჩნენ ჩემს ერთგულ ადამიანებად, ისინი მიმსუბუქებდნენ ყველა რთულ მდგომარეობას, მათთან ერთად ვხარობდი, მათთან ერთად გავატარე ცხოვრება.

– მაგრამ სცენის გარეშე.

– თეატრში აღარ მითამაშია. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა “სამეფო უბნის თეატრიდან” დამირეკა იზა გიგოშვილმა (უკვე ძალიან ავად იყო, ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თამაშობდა მთავარ როლს) და მითხრა, ლია, არ მინდა, რომ სხვამ ითამაშოს ეს როლი, გთხოვ, მოდი და შემცვალეო. მაშინ ვითამაშე რამდენიმე სპექტაკლი.

ლია გუდაძე: "ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ შინაგანად მეც გარდავიცვალე - ქმართან გაყრა ოპერაციას ჰგავს, რთულია და მტკივნეული"– ძალიან ახალგაზრდა იყავით “ლონდრეში”, შემდეგ “სოფლის აშიკში”. როგორ გახსენდებათ გადაღებები?

– როგორც ერთი უწყვეტი ზეიმი. ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კოტე დაუშვილი, გივი ბერიკაშვილი და სხვები… მარტო დასახელება კმარა, რომ მიხვდე, როგორ ვარსკვლავებში ვიყავი.

ერთი ეპიზოდი მახსენდება. “სოფლის აშიკს” ვიღებდით ზესტაფონის რაიონში. ჩამოვიდა ჩემი მეუღლე და ჩამოიყვანა რამაზის ცოლი, ნატაშა. ჩვენ ფაცხის სცენას ვიღებდით. რამაზი მეხვევა და თან ყურში სასწაულად სასაცილო რამეებს მეჩურჩულება. მე თავს ვერ ვიკავებ და ვკისკისებ. ასე გავაფუჭეთ თორმეტი დუბლი და იმ დღეს საერთოდაც ვერაფერი გადავიღეთ.

გაგიჟდა რეჟისორი! ჩვენმა მეუღლეებმა კი გვითხრეს, ჩვენ გვეგონა, აქ საქმეს აკეთებდით, თქვენ კიდევ სიცილ-ხარხარში კარგავთ დროსო. საღამოს ლეომ მთელი ჯგუფი რესტორანში დაგვპატიჟა და ვიმხიარულეთ.

– თქვენს ახალგაზრდობაში არ იყო უცხოური სამოსი, თავის მოვლის ასეთი შესაძლებლობები, ქალები კი მაინც ძალიან ლამაზები და ელეგანტურები იყავით თქვენი ბუნებრიობით, შავ-თეთრ ფოტოებშიც. როგორ ახერხებდით ამას?

– თავის მოვლის უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს და კოსმეტოლოგებიც იყვნენ, თუმცა, როცა ახალგაზრდა ხარ, განსაკურთებული არაფერი გჭირდება. მთავარი, რაც გამოგვარჩევდა, იყო ინდივიდუალური სტილი. ერთმანეთს არ ვბაძავდით და კონვეიერულად ერთნაირი ჩაცმულები არ დავდიოდით.

სამოსს ძირითადად ვიკერავდით, ფეხსაცმელი კი ჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადამყიდველებთან ამ პრობლემასაც ვაგვარებდით. რაც უნდა მომხდარიყო, ჩემი ცხოვრების წესს არ ვღალატობდი. უშიშროებაში დაბარებების მიუხედავად, ყოველთვის მხიარულ ხასიათს ვინარჩუნებდი, სიცოცხლე მიხაროდა, დღევანდელი დღით ვტკბებოდი, არ მიყვარდა ხვალინდელ დღეზე ფიქრი.

– თქვენ იყავით დედამთილიც და სიდედრიც. რა გამოცდილება დაგიგროვდათ, როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა კარგი ურთიერთობა ოჯახის ახალ წევრებთან?

– შვილების ცხოვრებაში ზედმეტად არ უნდა ჩაერიო, მათ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცე. ქალი რძლის და სიძის მიმართ უნდა იყოს დედა. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, გულწრფელი ურთიერთობები ძალიან ფასობს. არ შეიძლება ენაწვერიანობა, უადგილო შენიშვნების მიცემა.

პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, ნიუანსებამდე ვერ ჩაწვდები, ამიტომ უნდა აცადო მათ, თავად გაერკვნენ ურთიერთობებში. თუ დახმარება არ შეგიძლია, ხელი არ შეუშალო. შენი აზრი არ უნდა მოახვიო თავს, უბრალოდ გიყვარდეს ისინი და დაიმსახურებ მათ პატივისცემას.

– რა არის მთავარი ოჯახის სიმტკიცისთვის?

– აქ უკვე ქალია მთავარი, ის ქმნის ამინდს ოჯახში, ალამაზებს, სითბოს აგროვებს. თუ გაუსაძლისი სიტუაცია არ არის (ცემა, ჩაგვრა, ლოთობა, ნარკომანია, საყვარლები), ყოველთვის შესაძლებელია ოჯახი ბედნიერი იყოს.

საერთოდ, ქალი თუ არ მოითმენს, არ ეყოლება ქმარი. ცოტა დათმობა, ცოტა მოთმენა, ბევრი სიყვარული, მზრუნველობა, შვილები და ოჯახი მტკიცეა, როგორც ქვიტკირჩასხმული საძირკველი.

– ქალბატონო ლია, დღეს როგორ ცხოვრობთ?

– თითქმის წელიწადნახევარია, აღარსად ვარ დაკავებული, რომ იტყვიან “არსაიდან ხმა, არსით ძახილი”. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ვმონაწილეობდი, ნინა გოცირიძის დედის როლს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი ხაზი შეჩერებულია. რეკლამებშიც მიღებდნენ, ძირითადად ბაქოდან ჩამოდიოდნენ რეკლამების გადასაღებად, მაგრამ კარგა ხანია ისიც არ არის.

ფინანსურად ბიძინა ივანიშვილის სტიპენდიაზე ვარ. თეატრში რადგან აღარ ვიყავი, ჩემი სახელი და გვარი გადაცემული არ ჰქონდათ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბატონ ბიძინას შევხვდი. მან გამომკითხა რაღაცები და ინდივიდუალურად დამინიშნა გარკვეული თანხა. კარგი ადამიანია, კარგი ქართველი, მოკრძალებული, ზრდილობიანი, ძლიერი აურის მქონე და ბუნებრივად ნიჭიერი. ერთი სიტყვით, თვითნაბადი ტალანტია.

სხვა რა გითხრათ… ჩემი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ჩემი შინაგანი “მე”-ც გარდაიცვალა, აღარაფერი მიხარია. თქვენ წარმოიდგინეთ, 6 წელი გავიდა და თეატრშიც კი არ წავსულვარ. ვიცი, ეკლესიურადაც არ არის გამართლებული ასეთი გლოვა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.

მე ძალიან სავსემ, ბედნიერად ვიცხოვრე. უფალმა უხვად დამაბერტყა სიხარული და მერე ჩემი დროც დადგა, ის ყველაფერი დამთავრდა. ახლა მე აღარ ვცხოვრობ, უბრალოდ ვცოცხლობ.

მყავს შვილი, გიორგი კავილაძე და ორი შვილიშვილი. სანამ ჯერ კიდევ შემიძლია, ისინი არიან ჩემი ზრუნვის ობიექტები. გარეთ ხშირად არ გავდივარ. არ მინდა, დაცემული და საცოდავი მიხილონ, ამიტომ თავს ყოველთვის ვიწესრიგებ. მეუბნებიან: “ლია, რა კარგად გამოიყურები!”. ეს ჩემი გარეგნული სახეა, გული კი ტკივილით მაქვს სავსე.

ჩემი ბრდღვიალა, ფერადი სამოსი პირველი დღიდანვე გავაჩუქე, თვალი და ხელი რომ არ გამქცეოდა და არც მინანია. საერთოდ არ მაქვს ფერადი სამოსის ჩაცმის მოთხოვნილება. ყოველთვის მიყვარდა შავ-თეთრი კინო და ახლა ჩემი ცხოვრებაც შავ-თეთრი ფერისაა.

ია ქუთათელაძე, ჟურნალი სარკე